Accessibility links

logo-print

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროექტების მართვის ხარვეზებზე მიუთითებს


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ დღეებში გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტში არსებულ არაერთ ხარვეზს ხდის ფარდას და იმასაც აჩვენებს, თუ რატომ ვერ ხერხდება ხშირად პროექტების ათვისება ან მათი დროულად დასრულება. ანგარიშის თანახმად, 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად დახარჯული სახსრების პროცენტული წილი წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის 10-12 %-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულ პერიოდში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად სულ 3,980 მლნ ლარი დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ქვეყნის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული კაპიტალური პროექტების შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ზუსტი, რაც ძირითადად გამოწვეულია კაპიტალური პროექტების განმარტებასთან დაკავშირებული ხარვეზებითა და პროექტების არასწორი კლასიფიცირებით.

არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და, ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას. ამ დროს იზრდება პრობლემური და ნაკლებად ეფექტიანი პროექტების შერჩევის რისკი.

კაპიტალური პროექტების არჩევამდე პროექტები წინასწარ არ ფასდება, შედეგად კი ჩნდება ისეთი პროექტების დაფინანსების რისკი, რომლებიც შესაძლოა არაეკონომიური და არაეფექტიანი ალტერნატივა იყოს კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ნაკლოვანებებით ხასიათდება, ასევე, პროექტების დეტალური შესწავლის ეტაპი, რომელიც პრაქტიკულად პროექტისათვის აუცილებელი ყველა პარამეტრის განსაზღვრისა და დაზუსტების მნიშვნელოვანი საფეხურია. ამ ეტაპის ყველაზე მთავარი და პრობლემური საკითხია უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი, რაც ძირითადად უკავშირდება დაგეგმვის ეტაპზე კონტრაქტორების მიერ არასრულფასოვანი პროცედურების განხორციელებას (არაზუსტი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემების გამოტოვება ხარჯთაღრიცხვაში, გეოლოგიური დასკვნების ცდომილება და ა.შ.). კერძოდ, შესწავლილი პროექტების 57 %-ის შემთხვევაში, დეტალური გეგმის ხარისხი აღმოჩნდა პროექტების გადავადებისა და ბიუჯეტში ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

პროექტის განხორციელების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა პროექტის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების (შეწყვეტა, არსებითი მოდიფიკაცია) დასაბუთება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. როგორც შედეგი, აუდიტმა გამოავლინა, რომ შესწავლილი 23 პროექტიდან ანალიზისა და დასაბუთების გარეშე შეწყდა 3 პროექტი, რომელთაგან 2 ისევ შეწყვეტილია და, ჯამში, მათზე გაწეული ხარჯი 980 ათას ლარს შეადგენს. მესამე პროექტის შემთხვევაში კი შეწყვეტის მომენტისათვის გაწეული ხარჯი შეადგენდა 10.9 მლნ ლარს და პროექტი განახლდა შეწყვეტიდან 19 თვის შემდეგ.

პრობლემაა ისიც, რომ განსაზღვრული არ არის პროექტის განმახორციელებლებისათვის პროექტების ზედამხედველთა მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა. არ მზადდება სამუშაოთა მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები. პროექტის დასრულების შემდეგ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება და შემდგომი პროექტების დაგეგმვისას არ გამოიყენება უკვე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ყველა ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარეშე საკმაოდ ძნელია სახელმწიფო ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე საუბარი და, ცხადია, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებიც სწორედ ამ ხარვეზების ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოფხვრის გზებს სთავაზობს სახელმწიფოს მმართველებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG