Accessibility links

logo-print
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულებად მიიჩნია რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ გადარიცხული თანხა და მათ წინააღმდეგ სასამართლოს 1 575 000 ლარის ოდენობის სანქციის გამოყენების თაობაზე მიმართა. ამასთან, მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი შემომწირველის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. 27 აგვისტოს გვიან საღამოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა საქმე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო არ იყიდება”, რომელიც ბევრისთვის ასევე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კანონდარღვევათა ასეთ ფართო აფიშირებას არასამთავრობო სექტორი დიდწილად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკავშირებს.

”ერთი პირის შემოწირულების შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა”, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების მეორე პუნქტში.

პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ”ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით” დაადასტურა, რომ მმართველი პარტიისთვის ”სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან”; ეს თანხა ჩაითვალა უკანონო შემოწირულებად და, შესაბამისად, სწორედ ამიტომ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართალდამრღვევთათვის 1 575 000 ლარის ოდენობის სანქციის დაკისრების მოთხოვნით.

რადგანაც დასახელებული თანხა ფულადი ჯარიმისთვის კანონით გათვალისწინებულ ხუთმაგ ოდენობას წარმოადგენს, ადვილი მისახვედრია, რომ უკანონოდ შემომწირველებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთად აღებული დაახლოებით 315 ათასი ლარი 27 აგვისტოს განცხადების მე-3 პუნქტში გადაურიცხეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომ უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემომწირველებს.

მართალია, განცხადების წაკითხვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ თანხა 5 პირს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განუმარტა 28 აგვისტოს რადიო თავისუფლებას, 315 ათასი ლარი მისმა პარტიამ განცხადების ორივე პუნქტში ნახსენებ ექვსივე შემომწირველს უნდა დაუბრუნოს და ამას პარტია აუცილებლად გააკეთებს კიდეც. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიღებული კანონი თანაბრად უნდა იყოს გავრცელებული ყველა პოლიტიკურ პარტიაზე”, - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ორგანიზაციამ შესწირა პოლიტიკურ პარტიას, რაც არის კანონით აკრძალული. და ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით მიესალმება ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, თუმცა მას დაჯარიმების კანდიდატთა რაოდენობა ეცოტავება, „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ გადაღებულ საგამოძიებო ფილმში ასახული ფაქტების რაოდენობის გათვალისწინებით. გავიხსენოთ, რომ დაახლოებით 20 სავარაუდო უკანონო შემოწირულების ფაქტის კვლევის მოთხოვნით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 21 აგვისტოს მიმართა. გავიხსენოთ, რომ ორგანიზაცია კანონდარღვევის მანიშნებლად მიიჩნევდა ფილმში ასახულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, ”ნაციონალურ მოძრაობას”, შემოწირულების სახით, დაახლოებით 650 ათასი ლარი გადაურიცხა 27-მა ფიზიკურმა პირმა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებული.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ უპასუხოდ დარჩა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი მისი მეორე მიმართვაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო არ იყიდებას” მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპების გადაცემას შეეხება.

”გიგა ნასარიძის ორგანიზაციამ ”საქართველო არ იყიდება”, ამ იურიდიულმა პირმა, შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ ორგანიზაციამ შესწირა პოლიტიკურ პარტიას, რაც არის კანონით აკრძალული. და ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია”, - უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას. თუ რა პასუხი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამის გარკვევა 28 აგვისტოს რადიო თავისუფლებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.

გიგაურის მიერ დასახელებული აქცენტისთვის არა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ”საქართველო არ იყიდებასთვის” 5 ათას ლარიანი სანქციის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს სხვა მიზეზის გამო მიმართა. საუბარია ამ ორგანიზაციის სასარგებლოდ ვიდეორგოლების სახით არაფულადი შემოწირულების განხორციელებაზე ამავე ორგანიზაციის წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ. როგორც გიგა ნასარიძემ აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანია:
საერთაშორისო საზოგადოების მწვავე და ადეკვატურმა რეაგირებამ აიძულა აუდიტის სამსახური, რომ შექმნას გარკვეული პრეცედენტი იმისა, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან ...

”დაირღვა კანონით გათვალისწინებული დეკლარირების ვადები - სწორედ ამას გვედავება სახელმწიფო აუდიტის სამსახური და, კანონს უფრო დაწვრილებით რომ გავეცანით, მართლაც ასე აღმოჩნდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თვეში ერთხელ უნდა წარგვედგინა მსგავსი დეკლარაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქაც 5-დღიანი ვადა ყოფილა. სწორედ ასეთი გაუგებრობა მოხდა, გვედავებიან და ვერაფერს ვერ ვიზამთ - სამწუხაროდ, ვადები დაირღვა.”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დღეების აქტიურობას ”ნაციონალურ მოძრაობასა” თუ მასთან ასოცირებულ ორგანიზაციასთან მიმართებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევად მიიჩნევს კოალიცა ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებმოსილებას, რათა გამოიკვლიოს კერძო პირისა თუ პარტიის დანახარჯები; იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და აკისრებს მკაცრ ჯარიმებს ...

”განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების მწვავე და ადეკვატურმა რეაგირებამ აიძულა აუდიტის სამსახური, რომ შექმნას გარკვეული პრეცედენტი იმისა, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან და „ნაციონალური მოძრაობაც“ დასაჯეს”,- უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მელაშვილმა.

გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა 21 აგვისტოს განცხადების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლო მიკერძოებულობასთან დაკავშირებით საუბარია განცხადებაში, რომელიც საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის მიწურულს, 22 აგვისტოს, გამოაქვეყნა ტონინო პიცულამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეთა მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

”ჩვენი თვალთახედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებმოსილებას, რათა გამოიკვლიოს კერძო პირისა თუ პარტიის დანახარჯები; იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და აკისრებს მკაცრ ჯარიმებს - მკაფიო ან გამჭვირვალე გზამკვლევების გარეშე. დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია და, სავარაუდოდ, გამოიყენება შერჩევითი მიდგომით, რაც ძირითადად გამიზნულია ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ", - ნათქვამია ტონინო პიცულას 22 აგვისტოს განცხადებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG