Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აუდიტორია 115“-ის პიკეტი ნამდვილ ცვლილებებამდე


გრძელდება პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების ჯგუფი, „აუდიტორია 115“, განათლების დაუყოვნებლივ რეფორმას ითხოვს და მოთხოვნების შესრულებამდე საპროტესტო მოძრაობის შეწყვეტას არ აპირებს. მათ უკვე სამ დღეზე მეტია დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერებულია. 28 ნოემბერს მათ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა.

გადმოწერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. შესასვლელ კარებთან დიდი წითელი ნაჭერია ჩამოფარებული, წარწერით „მოვითხოვთ განათლების რეფორმას“. ამ წარწერის ავტორებს - სტუდენტური მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის, წევრებს - უკვე მეოთხე დღეა, უნივერსიტეტის კორპუსი პიკეტირებული აქვთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდენტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თაცმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდა. როგორც „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი, გიორგი სოფრომაძე, ამბობს, მათ შეთანხმებას მიაღწიეს ორ საკითხზე - ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანასწორი წვდომა ფინანსურ რესურსზე და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტები აირჩნენ პირდაპირი წესით:

„მარიამ ჯაშმა თავისი პირადი პოზიცია გაგვაცნო. ეს არ არის კომიტეტის გადაწყვეტილება“.

„აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობა და შეიქმნას ახალი სტრუქტურა, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება უნივერსიტეტიდან მოიპოვოს დაფინანსება ამა თუ იმ პროექტისთვის.

სტუდენტური პროტესტის ახალი ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს სწორედ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო.

სტუდენტების ნაწილმა თვითმმართველობას უნდობლობა გამოუცხადა. საუნივერსიტეტო რეფორმების მოთხოვნით „აუდიტორია 115“ აქციებს 2016 წლის გაზაფხულზეც მართავდა. მაშინ მათ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც შეხვდა. სტუდენტი გიორგი სოფრომაძე ამბობს, რომ ამ შეხვედრების შემდეგ მათი იმედები არ გამართლდა, მაგრამ განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ამ გამოცდილებას გამოიყენებენ:

„საბოლოო ჯამში, იქნებ გამოიძებნოს გზა იმისთვის, რომ პარლამენტში წარდგეს კანონპროექტი და მივიღოთ რეალური ცვლილებები“.

2015 წლის გაზაფხულის სტუდენტური აქციები ბევრად მასშტაბური იყო, მასში ასობით სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, დღეს კი პროტესტის მონაწილეთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე და ახალი მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორებისთვის საჭიროა, სხვა სტუდენტებმაც დაინახონ ცვლილებები.

„ახლა ნელ-ნელა საზოგადოება ინტერესს იჩენს, მედია აშუქებს ყველაფერს, ხალხი არაა საინფორმაციო ვაკუუმში და, მგონია, შორს არაა ის მომავალი, როდესაც მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და პოლიტიკური ნება გაჩნდება - იქნება ეს იძულებით თუ რა“, ამბობს სტუდენტი მარიამ ბაღდავაძე.

„აუდიტორია 115“-ის წევრები მარიამ ჯაშთან შეხვედრამდე ამბობდნენ, რომ დაპირებებს არ დასჯერდებიან, გააგრძელებენ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნებიდან ერთი მაინც არ შესრულდება. ისინი აპირებენ განიხილონ განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის შედეგები და ამბობენ, რომ პროტესტის გაგრძელების შესახებ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG