Accessibility links

სამი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული დაზიანების შედეგად, საქართველოს დიდ ნაწილს 27 ივლისის ღამით ელექტროენერგია ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობას შუქი სომხეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მიღების შემდეგ ეტაპობრივად ჩაურთეს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2010 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ავარია. უკვე ცნობილია დაზიანების კერაც: ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო დაზიანებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე მდებარე 106-ე ანძის სადენი. ელექტროენერგიის გათიშვამ მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობაც შეაფერხა. თბილისის მეტროს სადგურებიდან ასობით მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო.

საქართველოს ელექტროსისტემაში ავარიის მიზეზად სტიქია დასახელდა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო 27 ივლისს 22.33 საათზე ელექტროენერგია თბილისსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამეგრელოსა და აჭარის გარდა, მოულოდნელად გაითიშა. დენის მიწოდება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე. ენერგეტიკის სამინისტრომ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" და 220 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი-1“. 28 ივლისს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბოლო ინფორმაცია საქართველოს ენერგოსისტემის ხელმღვანელობისგან მიიღო და განაცხადა, რომ დღის განმავლობაში გადამცემი ხაზების აღმდგენი სამუშაოები დასრულდება:

„კოლხიდა“ გუშინ ღამითვე აღვადგინეთ, „პალიასტომსა“ და „იმერეთის“ ხაზზე სამუშაოები გრძელდება და დღის განმავლობაში დასრულდება“.

ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია მოვახდინეთ. ახლა ყველა აბონენტი ჩართულია, ელექტროენერგიის იმპორტს კი მეზობელი სომხეთიდან და თურქეთიდან ვიღებთ. ჩვენ ყველა ეჭვი უნდა გამოვრიცხოთ...

საქართველოს ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ დილის შვიდ საათზე სპეციალისტებმა დაზიანების კერაც აღმოაჩინეს და აღდგენითი სამუშაოები მალე დასრულდება, თუმცა, მისივე სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობას ამ დრომდე იმპორტირებული ელექტროენერგია მიეწოდება. ზუმბურიძის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე მოლაპარაკება წუხელვე შედგა. სულხან ზუმბურიძე ასევე აცხადებს, რომ მომხდარი ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვნენ:

„ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია მოვახდინეთ. ახლა ყველა აბონენტი ჩართულია, ელექტროენერგიის იმპორტს კი მეზობელი სომხეთიდან და თურქეთიდან ვიღებთ. ჩვენ ყველა ეჭვი უნდა გამოვრიცხოთ და ამისთვის ავარიის მიზეზის დადგენის პროცესში ჩართული გვყავს სამართალდამცავი ორგანოები. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტექნიკური დაზიანება იყო, თუმცა იმისთვის, რომ ყველა ეჭვი იყოს გამორიცხული, გამოძიება უნდა ჩატარდეს“.

ამ მხრივ ჩვენს სისტემაში ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ თითქმის ყველა ხაზი არ იყოს ერთ ხაზზე დამოკიდებული და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგვეძლოს მეორე, სარეზერვო ხაზით სარგებლობა. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რომ მდგრადი და საიმედი მაღალი ძაბვის ქსელი გვაქვს, არ შეიძლება...

მასშტაბური ავარიის გამო შეფერხდა მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობაც. მოგვიანებით ადამიანები სოციალურ ქსელში 90-იან წლებსა და მეტროს ჩაბნელებულ გვირაბებს იხსენებდნენ. წუხელ მეტროში დარჩენილი ასობით მგზავრი იქნა ევაკუირებული. ოფიციალური ინფორმაციით, გვირაბში ოთხი მატარებელი გაჩერდა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს თბილისის "მეტროპოლიტენის" ტექნიკურმა დირექტორმა ლევან მეხრიშვილმა განუცხადა, მგზავრთა ვაგონებიდან გამოყვანა მას შემდეგ მოხერხდა, რაც თბილისის "მეტროპოლიტენის" ადმინისტრაციამ დენის ალტერნატიული წყარო ჩართო.

3 საათი დააგვიანდა მახინჯაური-თბილისისა და ზუგდიდი- თბილისის რეისებსაც, ბათუმიდან მომავალი მატარებელი კი გორის სადგურზე რამდენიმე საათი იყო გაჩერებული. როგორც რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა მედიას, საქართველოს რკინიგზა ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს.

ავარიის მიზეზების გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა. მისი თქმით, ენერგეტიკოსებს არ ახსოვთ, რომ ამხელა ავარია სადენის გაწყვეტას გამოეწვიოს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დღეს სისტემურად მხოლოდ ერთი 500 კილოვოლტიანი ხაზი აკავშირებს, სხვა სარეზერვო 500 კილოვოლტიანი ხაზი კი ჯერჯერობით ქვეყანას არ გააჩნია:

„ამ მხრივ ჩვენს სისტემაში ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ თითქმის ყველა ხაზი არ იყოს ერთ ხაზზე დამოკიდებული და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგვეძლოს მეორე, სარეზერვო ხაზით სარგებლობა. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რომ მდგრადი და საიმედი მაღალი ძაბვის ქსელი გვაქვს, არ შეიძლება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ძირითადი სადგური, ენგურჰესი, მხოლოდ ერთი 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზით არის დაკავშირებული სისტემასთან. თუმცა მგონია, რომ ამ ავარიაში საკმაოდ ბევრი დეტალია შესასწავლი, რადგან გავრცელება შემდეგ 220 კვ სიძლავრის ხაზზე მოხდა და აღდგენამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ასე რომ, მგონია, რომ ეს საკითხი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს“.

XS
SM
MD
LG