Accessibility links

სარკინიგზო ავარიამ გარემოს დაბინძურების საფრთხე შექმნა


აეროპორტის დასახლებაში 8 აპრილის დილას მომხდარი სატვირთო მატარებლის ავარიის გამომწვევ მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. შემთხვევის ადგილზე დაიღვარა 240 ტონა დიზელი. გაჟონვით გამოწვეული აფეთქების საფრთხე ამ დროისათვის აღარ არსებობს, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არსებობს იმის რისკი, რომ გარემო სერიოზულად იყოს დაბინძურებული.

აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის ოთხი ვაგონი ლიანდაგიდან დილის 7 საათსა და 30 წუთზე გადავარდა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრები გიორგი ღუღუნიშვილი და მისი მეზობლები ავარიის ხმამ გააღვიძა:

”დაახლოებით შვიდ საათზე გავიგეთ საავარიო ხმა. საშინელი ხმა იყო, მატარებლის. დადგა საწვავის სუნიც”.

60 ტონიან ცისტერნებში ჩატვირთული 240 ტონამდე დიზელი აეროპორტის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი კილომეტრის ფართობზე დაიღვარა. როგორც თემურ გიორგაძე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის გაჟონვაა, აფეთქების საშიშროება მოხსნილია:

”ტრაქტორის სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ ამოიწურება რისკი, პარალელურად ვერ ავამუშავებთ ტრაქტორს. სადაც გაჟონილია დიზელი, იქ უკვე დაიწყება მიწის მიყრა, დავფარავთ გაჟონილ დიზელს და სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ამოწურულია ყველანაირი საფრთხე, აქ ვიქნებით და ბოლო წუთამდე გავაკონტროლებთ, რომ უსაფრთხოების ზომები ბოლომდე იყოს დაცული”.
სავარაუდოდ, ეს იყო სამუხრუჭე სისტემით გამოწვეული პრობლემა. თუმცა ჯერჯერობით ამის დადასტურებულად თქმა არ შეგვიძლია...

ავარიის მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა ”საქართველოს რკინიგზა” წინასწარ მაინც სავარაუდო ვერსიაზე ლაპარაკობს. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა უნდა იყოს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რკინიგზის დეპარტამენტის შიდაუწყებრივი კომისია იკვლევს ავარიის გამომწვევ მიზეზებს:

”სავარაუდოდ, ეს იყო სამუხრუჭე სისტემით გამოწვეული პრობლემა. თუმცა ჯერჯერობით ამის დადასტურებულად თქმა არ შეგვიძლია. როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობას, ჩვენ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი იმისა, რომ დაზუსტებით ვთქვათ ინციდენტის მიზეზი”.

საინფორმაცია სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატვირთო მატარებლის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობპროდუქტები "N company"-ს ეკუთვნის. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ამის შესახებ მათ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, საწვავი ფოთიდან თბილისში გადმოჰქონდათ. კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.”საქართველოს რკინიგზის” პრესსასამხურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აეროპორტის დასახლებაში დაღვრილი დიზელის მფლობელი კომპანიის ვინაობას ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ზარალი კომპანიასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად ანაზღაურდება:

”კომპანიის სახელს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა მოგახსენებთ, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე ყველა პირობა იქნება დაცული”.

ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენვერ მოისწრაფიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დადებითად აფასებს, თუმცა პრობლემად მიაჩნია გაუქმება 2007 წელს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიისა, რომლის ფუნქციაც იყო არა მხოლოდ რკინიგზის, არამედ მთლიანად ტრანსპორტის უსაფრთხოების მონიტორინგი:
თუკი დაღვრილი ნავთობი ნიადაგში მოხვდა, საჭირო იქნება ნიადაგის მოხსნა. თუკი დიზელი გრუნტის ან ზედაპირულ წყლებში მოხვდა, კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია. მოსახლეობისთვისაც ჰაერის დაბინძურების მხრივ შეიქმნება პრობლემა...

”რა თქმა უნდა, რკინიგზის ხელმძღვანელობა და ყველა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ არ იქნეს დაშვებული ასეთი შემთხვევები, მაგრამ არსებობს მიზეზების დამთხვევა. ერთი მიზეზით არასდროს არ ხდება ავარია. ავარიის დროს შეიძლება დაემთხვას ლიანდაგის პრობლემა, მოძრავი შემადგენლობა, მართვის რეჟიმი და როდესაც ეს უარყოფითი მოვლენები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ხდება ავარიებიც”.

გარემოს დაცვის სამინისტრო სწავლობს დიზელის დაღვრის შედეგად გამოწვეული დაბინძურების ხარისხს. ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის მინისტრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს გარემოს სერიოზულ დაბინძურებას:

”უნდა შევისწავლოთ რამდენად ახლოს არის გაჟონილი დიზელი მოსახლეობასთან, რა სახის მიწა დაზიანდა, რა სიღრმეზე წავიდა დაბინძურება, ხომ არ შეეხო ის გრუნტის წყლებს. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და როგორც კი საფუძვლიანად შესწავლის საშუალება მოგვეცემა, მაშინვე ჩავერთვებით პროცესში”.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნავთობპროდუქტის დაღვრით გამოწვეულ რისკებსა და გასატარებელ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას:

”თუკი დაღვრილი ნავთობი ნიადაგში მოხვდა, საჭირო იქნება ნიადაგის მოხსნა. თუკი დიზელი გრუნტის ან ზედაპირულ წყლებში მოხვდა, კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია. მოსახლეობისთვისაც ჰაერის დაბინძურების მხრივ შეიქმნება პრობლემა და გარკვეულ სიფრთხილის ზომებსა და ქცევის ნორმებს უნდა მიმართონ. ამ ტერიტორიიდან მორიდება არ იქნება ურიგო”, - მიაჩნია ირაკლი მაჭარაშვილს.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენის მიზნით შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები.
XS
SM
MD
LG