Accessibility links

logo-print

ავღანეთში გადასინჯავენ გასათავისუფლებელი პატიმრების სიას


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განკარგულებით, ხელახლა შეამოწმებენ გასათავისუფლებლად შერჩეული პატიმრების ნაწილს მას შემდეგ, რაც უკმაყოფილება გამოთქვეს შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის, სენატორმა ჯონ მაკკეინმა. ავღანეთში პატიმრების გათავისუფლება ჩაფიქრებულია როგორც კეთილი ნების ჟესტი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშესაწყობად. რატომ გახდა ის კრიტიკის საგანი?

ავღანეთის პრეზიდენტმა გასათავისუფლებლად შერჩეული პატიმრების ნაწილის - 88 კაცის - ხელახლა შემოწმება მოისურვა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ქაბულში შეხვდა ამერიკელ სენატორებს, რესპუბლიკელების ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის ხელმძღვანელობით. სენატორმა გრემმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები ამ 88 პატიმრის გამოშვებას.

„კოალიციური ჯარების 60-ზე მეტი წევრი იქნა მოკლული ამ 88 კაცის მოქმედების შედეგად და 57 ავღანელი იქნა მოკლული ამ 88 კაცის მოქმედების შედეგად. უფლების მიცემა, რომ ისინი გაათავისუფლონ, შეურაცხყოფა იქნებოდა ავღანელი ხალხისა და ჯარისკაცებისათვის და იმათთვის, ვინც საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი სიცოცხლე მათ შესაპყრობად“, განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა. მას არ დაუმალავს, რომ ხსენებული პატიმრების გაშვება ზიანს მიაყენებდა შეერთებულ შტატებთან ავღანეთის ურთიერთობას.

პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ შექმნილი საგანგებო კომისიის წევრმა აბდულ შოქურ დადრასმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ხელახლა შეამოწმებენ ამერიკელი სენატორების მიერ ნახსენებ პატიმრებს.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ 88 საქმის შესწავლა, მაგრამ ახლა, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლიდან მოსული განკარგულების შემდეგ, ვემზადებით იმისათვის, რომ გავეცნოთ, რა სამხილების მოწოდება შეუძლიათ ჩვენს ეროვნულ და საგარეო დაზვერვის ორგანიზაციებს ამ ბრალდებების გასამყარებლად“, ამბობს ავღანეთში პატიმრების გათავისუფლების საკითხზე მომუშავე კომისიის წევრი.

ავღანეთში აპირებენ სულ 650 პატიმრის გაშვებას თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშესაწყობად.

ამ საკითხის გარდა, ამერიკელმა სენატორებმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრისას იმსჯელეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ნაწილის დარჩენის პირობები. ავღანეთის პრეზიდენტი ფეხს ითრევს ასეთი შეთანხმების ხელმოწერაზე: ის აკრიტიკებს შეთანხმების პროექტის ზოგ კომპონენტს, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების უფლებას, ოპერაციები ჩაატარონ სამოქალაქო პირებით დასახლებულ რაიონებში, თუ იქ თალიბები იმყოფებიან.

ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სენატორმა მაკკეინმა განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ კარზაისთან ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრის შედეგად შევამცირეთ უთანხმოებები და მჯერა, რომ შეგვიძლია, მოველოდეთ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას, ისევე როგორც მის საკმაოდ მალე განხორციელებას“.

შეერთებული შტატები იმუქრება, რომ, ქაბულთან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე, 2014 წლის ბოლოსთვის ის ყველა ჯარისკაცს გაიყვანს ავღანეთიდან.
XS
SM
MD
LG