Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი: ავღანეთში კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას


ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ჯეიმს დობინსი აცხადებს, რომ ავღანეთის პრეზიდენტობის მეტოქე კანდიდატებმა კოალიციური მთავრობა უნდა შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის დაყოფა.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს დობინსის სიტყვებს, რომლებიც მან ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე წარმოთქვა - ავღანეთში არ მუშაობს სისტემა, რომელშიც გამარჯვებულს ერგება ყველაფერიო.

„ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელიც ყველა ელემენტს მოიცავს, ჩვენი აზრით, წარმატებული მთავრობის ფორმირების წინაპირობააო“, დასძინა მან.

ავღანეთში 7 ივლისს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კონფლიქტია პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის შორის იმის თაობაზე, თუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე. აბდულას მიაჩნია, რომ მან გაიმარჯვა და აცხადებს, რომ გაყალბების შედეგია წინასწარი მონაცემი, რომლის თანახმად, პირველ ადგილზე ღანი გავიდა, დაახლოებით ერთი მილიონი მეტი ხმით.

თუმცა აბდულა ასევე აცხადებს, რომ მას არ სურს „სამოქალაქო ომი“ ან „კრიზისი“ და გამოდის მოწოდებით, დამყარდეს „სტაბილურობა, ეროვნული ერთიანობა და არა დაყოფა“.

ამ ეტაპზე დათვლილია 8 მილიონი ბიულეტენი, საიდანაც საარჩევნო კომისიამ შესაძლოა 3 მილიონამდე ბიულეტენს ხელახლა გადახედოს.

11 ივლისს, კრიზისის განხილვის მიზნით, ქაბულში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ის ორივე კანდიდატს შეხვდება - აბდულასაც და ღანისაც.

10 ივლისს კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ავღანეთში საარჩევნო პროცესის სანდოობის აღდგენის პერსპექტივით.

პეკინში ვიზიტით ყოფნისას კერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კრიტიკულ დროს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გამოავლინოს და ლიდერის როლი იტვირთოს.

კერის თქმით, აშშ-ს დიდი იმედი აქვს, რომ უთანხმოების განმუხტვა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. კერიმ ორივე კანდიდატს მოუწოდა თავიანთ მომხრეებს არ აღუძრან მოლოდინები.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ორივე კანდიდატს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ გაყალბების შესახებ ბრალდებების გარშემო ნებისმიერმა „ძალადობრივმა ან კანონგარეშე ნაბიჯმა“ შეიძლება ავღანეთს დააკარგვინოს აშშ-ის მხრიდან გაწეული როგორც ფინანსური დახმარება, ისე უსაფრთხოების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG