Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა


ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ავღანეთში პატივი მიაგეს.

ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ავღანეთში პატივი მიაგეს.

დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავღანეთში გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 13 მაისს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე მეამბოხეთა ჯგუფმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, კომბინირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს არ აკეთებს, სამხედრო ანალიტიკოსები კი ფაქტის გამოძიებას და შესაძლო ხარვეზების შესწავლას ითხოვენ.

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმის ზურაბ ზაქარაიას კომენტარს. მისი სიტყვებით, დაჭრილი ქართველი სამხედროები ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი:

“დაჭრილი ქართველი სამხედროები გადმოფრენილი არიან ბაზა „ბასტიონზე“, ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. მათ სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. მდგომარეობა სტაბილურია”.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. ქართველი სამხედროები თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას.

ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე მდგომარეობა სტაბილურია.

13 მაისს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სამი დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახებს ღრმა მწუხარებით მიუსამძიმრა:

” ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახებს, აგრეთვე საქართველოს ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ვლოცულობთ 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისა და დაღუპულთა თანამებრძოლებისთვის...
დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს - ეს დიდი ტრაგედია”.

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის პრეზიდენტმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმაც. საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია:

"აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახებს, აგრეთვე საქართველოს ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ვლოცულობთ 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისა და დაღუპულთა თანამებრძოლებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგანან თავისუფლების სადარაჯოზე. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხვერპლი ახლავს”.

13 მაისს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 22-მდე გაიზარდა ავღანეთში დაღუპული საქართველოს ჯარისკაცების რაოდენობა. ეს მეორე ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმაა ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფზე. 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ერთბაშად 4 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთში საქართველო 1600-მდე ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.

შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე იმას, რაც ჰელმანდის პროვინციაში მოხდა და ამბობს, სამხედო თვალსაზრისით ეს სრულიად გაუგებარი და აუხსნელი მოვლენააო:

”თქვენ წარმოიდგინეთ, ბაზასთან მიაღწია სატვირთო მანქანამ, რომელიც აფეთქდა და შემდგომ, რამდენიმე ხნის განმავლობაში, 5 კაცი ახერხებს რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცის დაჭრას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განადგურდნენ ბაზაზე. საუბარია ბატალიონზე, მინიმუმ 500 კაცზე, რომელიც ამ ბაზაზე იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ეს ძალა მოახერხებდა 5 კაცის ლიკვიდაციას, მაგრამ ის, რომ 5-მა ტერორისტმა მოახერხა ასეთი მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება საბრძოლო ქვედანაყოფისთვის, თან, განთავსების ადგილას, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც დაშვებულია ვიღაცის მიერ”.

იყო თუ არა ეს, გარკვეულწილად, ქართული ნაწილის ხარვეზები, ვგულისხმობ უსაფრთხოების ზომების დაცვას, ვგულისხმობ დისციპლინას, რაც იქ სუფევს...
გიორგი თავდგირიძის სიტყვებით, პრობლემა ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნა კი არ არის, პრობლემაა თავად ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მეთაურების შერჩევის საკითხი. გიორგი თავდგირიძე მომხდარს უსაფრთხოების ზომების შესუსტებისა და ყურადღების მოდუნების შედეგად მიიჩნევს.

გიორგი თავდგირიძის პოზიციას იზიარებს თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი. მისი სიტყვებით, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და დაისვას კითხვები, თუ რა მოხდა რეალურად:

”იყო თუ არა ეს, გარკვეულწილად, ქართული ნაწილის ხარვეზები, ვგულისხმობ უსაფრთხოების ზომების დაცვას, ვგულისხმობ დისციპლინას, რაც იქ სუფევს. მინდა ვთქვა, რომ კარგია, როცა თავდაცვის სამინისტროსგან გარკვეული გახსნილობა არის, მაგრამ როცა არსებობს კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გაიცეს”.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებითი განმარტებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სწორედ ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონის მაჩვენებელია, როგორ მოიგერიეს მათ უპრეცედენტო თავდასხმა.

ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის ფაქტს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. ის წერს:

”უსაფრთხოების სრულყოფილი გარემოს შექმნა, ზოგადად, და, განსაკუთრებით, ავღანეთში შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ, ყურადღება მეტად უნდა გავამახვილოთ და დავნერგოთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ავღანეთში ჩვენი სამხედროებისა და ბაზების დაცვისათვის”.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ამიტომ კითხვა, რა იგულისხმება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში, მას ვერ დავუსვით. თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე ალექსანდრე თამაზაშვილის განმარტებით კი, 2014 წლისთვის, როდესაც ავღანეთიდან კოალიციის ძალების გამოყვანის პროცესი დაიწყება, გაიზრდება იქ დარჩენილი ქართული ბატალიონის მიმართ რისკები:

”საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, 2014 წლის შემდეგაც დარჩეს ქართული ნაწილები ავღანეთში და შეასრულოს აღნიშნული მისია და, სავარაუდოდ, გაძლიერდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ახლა იყო სუსტი უსაფრთხოების ზომები. უბრალოდ, რეგიონია ძალიან დაძაბული, მოგეხსენებათ, და როცა ასეთი შემთხვევა ხდება, რომ თვითმკვლელი ტერორისტი და ტერორისტთა ჯგუფი დაესხა ჩვენს ბაზას, ჩვენი ჯარისკაცების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს ის, რომ ასეთი ნაკლები მსხვერპლით დასრულდა და ჩვენი ნაწილები აკონტროლებენ აღნიშნულ ბაზას”.

ალექსანდრე თამაზაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების დაცვა. თუმცა ქართული დანაყოფების უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და დისციპლინის ამაღლების აუცილებლობაზე სამხედრო ექსპერტებიც საუბრობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG