Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიცია იკვლევს „თვითმკვლელი თავდამსხმელი“ გოგონას საქმეს


ავღანელი გოგონა, რომელსაც ძმამ თვითმკვლელის ქამრის გაკეთება აიძულა

ავღანელი გოგონა, რომელსაც ძმამ თვითმკვლელის ქამრის გაკეთება აიძულა

ავღანეთის ხელისუფლება დაეძებს თალიბ მეამბოხეს, რომელმაც, სავარაუდოდ, აიძულა თავისი და ჩაეცვა ჟილეტი, ასაფეთქებელი მოწყობილობით, თვითმკვლელური თავდასხმისათვის. გოგონას მონაწილეობით - მას დაახლოებით ათი წლისად მიიჩნევენ - აფთქება და თავდასხმა არ განხორციელებულა. ომარ ზუვაქი, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორი, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ შეიქმნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მოძებნოს გოგონას ძმა, თალიბანის რაზმის მეთაური:

„განვაგრძობთ ამ საქმის გამოძიებას. დავიბარეთ ოჯახის წევრები და მეგობრები იმის დასადგენად, თუ რა მოხდა და როგორ აიძულებდა გოგონას საკუთარი ძმა, თვითმკვლელი თავდამსხმელი გამხდარიყო“.

გოგონამ, სახელად სფოჟმაიმ, პოლიციას უთხრა, რომ ძმამ აიძულა ქამრის გაკეთება. პოლიციის თანახმად, გოგონა დააკავეს ხანაშინის ოლქში, ჰელმანდში. გოგონამ ორშაბათს რეპორტიორებს უთხრა, რომ მას არ შეეძლო დავალების შესრულება. სფოჟმაიმ თქვა ასევე, რომ მამამ გალახა და ქუჩაში ეძინა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა. მას რთული ურთიერთობა აქვს დედინაცვალთანაც.

ჰელმანდის პროვინციის სასაზღვრო დაცვის მეთაური, ჰამიდულა სედიყი, თავისას გვიამბობს:

„გოგონა, სახელად სფოჟმაი, თალიბანის ორმა მეთაურმა აიძულა თვითმკვლელის ჟილეტი ჩაეცვა და პოლიციის ბაზასთან აფეთქებულიყო. ერთ-ერთი მეთაური გოგონას ძმაა. როგორც ხედავთ, ეს უდანაშაულო გოგონა ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. ყველასთვის, ნებისმიერი რელიგიისათვის დაუშვებელია, რომ მან ასეთი რამ გააკეთოს“.

ავღანეთში ომის დროს ხდებოდა ხოლმე, რომ მეამბოხეები ბიჭებს ავალებდნენ თვითმკვლელური თავდასხმა მოეწყოთ, მაგრამ გოგონას ჩართვა ამ საქმეში უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. ექსპერტების თანახმად, ბავშვების გამოყენება თავდასხმისთვის იმითაა მოსახერხებელი, რომ ისინი უსაფრთხოების საგუშაგოებს უფრო იოლად გაივლიან. თალიბანის კოდექსი უარყოფს ბავშვების გამოყენებას ნატოსთან და ავღანეთის არმიასთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG