Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა ეჭვქვეშ დადგა


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა აშრაფ ღანიმ 13 აგვისტოს ეჭვქვეშ დააყენა თავის მეტოქე აბდულა აბდულასთან დადებული შეთანხმება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ორაზროვანია და განმარტებებს საჭიროებს.

შეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შუამავლობით დაიდო. მან მოუწოდა ორივე მხარეს ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას იმისდა მიუხედავად, თუ ვის დაასახელებდნენ გამარჯვებულად ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს 8 მილიონზე მეტი ბიულეტენის ხელახალი დათვლა.

შეთანხმების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკოსს უნდა დაეკავებინა ახლად შექმნილი „მთავარი აღმასრულებლის“ პოსტი და პრეზიდენტთან ერთად გაენაწილებინა კონტროლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა, მაგალითად, ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნა.

ჩანდა, თითქოს შეთანხმება ამასთან დაკავშირებით მიღწეული იყო, მაგრამ 12 აგვისტოს ღანიმ განაცხადა, რომ „ორმაგი მმართველობა შეუძლებელია“, რომ მთავარი აღმასრულებლის პოსტი მთლიანად პრეზიდენტის დისკრეციაა და რომ ის არ მოაწერს ხელს ინგლისურად შედგენილ დოკუმენტს:

„ჩარჩო ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე იყო. მე არ მოვაწერ ინგლისურენოვან დოკუმენტს ხელს ავღანეთის მიწაზე. ჩვენ მივესალმებით შუამავლობას,მაგრამ არსებობს განსხვავება შუამავლობასა და არბიტრაციას შორის. არ არსებობს სხვა აზრი ჩარჩო ხელშეკრულებაზე თანხმობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დოკუმენტი მზად არ იყო ხელმოსაწერად“.

ამავე დროს, ღანის არ უთქვამს უარი შეთანხმებაზე. მისი პოზიციაა, რომ დოკუმენტი და შეთანხმება ბუნდოვანია და დამუშავებას საჭიროებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბუნდოვანება გაქრეს:

„სიტყვიერი კამათის დაწყების ნაცვლად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელზეც ჩვენი ჯგუფი მუშაობს და შეიმუშავებს დეტალებს. ყველაფერი იწყება და მთავრდება კონსტიტუციით და სიტყვა „თანხმობას“ შესაძლოა ჰქონდეს მთელი რიგი მნიშვნელობებისა. მთავარია, რომ თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა, ყველაფერი დავმარცვლოთ და მომდევნო კვირებში სწორედ ამის მიღწევის იმედი გვაქვს.

აპრილში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აბდულა აბდულამ მოიპოვა, თუმცა მან ვერ გადალახა 50-პროცენტიანი ბარიერი, რომელიც საჭირო იყო პირველივე ტურში გასამარჯვებლად. ივნისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც, წინასწარი შედეგებით, აშრაფ ღანიმ გაიმარჯვა. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ კი ორივე მხარე დათანხმდა ხმების ხელახლა დათვლაზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. დაძაბულობამ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, როგორც შიშობენ, შესაძლოა ავღანეთში სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერა წარმოქმნას.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG