Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები მადლობას იმსახურებენ


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 4 ამერიკელი სამხედრო და სხეულის დაზიანებები მიიღო 14-მა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მეორე თავდასხმაა, რომელიც ავღანეთში განხორციელდა. 10 ნოემბერს მხვერპლი მოჰყვა ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან მომხდარ აფეთქებას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა სამხედრო პირებს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებს, ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისათვის.

გადმოწერა

12 ნოემბერს, დილით, ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე. წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში, საიდანაც ვიგებთ ასევე, რომ მომხდარის შედეგად არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაღუპულა და არ დაშავებულა. საქართველო, თავისი სამხედრო შემადგენლობით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ქართველ სამხედროთა ერთი ასეული იმყოფება. ბაზაზე წინამორბედი ასეული დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გაგზავნილმა სამხედროებმა შეცვალეს როტაციის წესით.

ბაგრამის ბაზაზე განხორციელებულ იერიშამდე ორი დღით ადრე, 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში თვითმკვლელმა გერმანიის საკონსულოსთან დანაღმული სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ აფეთქების შედეგად დანგრეული ჭიშკრიდან ტერორისტებმა სცადეს საკონსულოს ტერიტორიაზე შეღწევა, რაც უსაფრთხოების ძალებმა აღკვეთეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან და უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ძლიერი აფეთქების შედეგად დაინგრა ან დაზიანდა საკონსულოს მახლობლად მდებარე სახლები და მაღაზიები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“. ექსტრემისტების განცხადებით, მათ შური იძიეს გასულ კვირაში ამერიკული ავიაციის მიერ ქალაქ ყუნდუზში განხორციელებული ავიაიერიშის გამო, რომლის შედეგად 32 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტომ გერმანიის საკონსულოზე მიტანილი იერიშის აღკვეთისა და საკონსულოს თანამშრომლებისათვის გაწეული დროული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიმართ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მადლობის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს არ არის პირველი მადლობის წერილი, რომელსაც საქართველო იღებს თავისი ნატოელი პარტნიორებისგან ქართველი სამხედროების როლისა და ღვაწლის გამო. ის, რომ საქართველო არა მხოლოდ იღებს ნატოსგან დახმარებას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ნატოს მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ამას გულისხმობს ნატო - საქართველოს პარტნიორობა.

„ის მადლობის წერილი, რომელიც მოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კიდევ ერთხელს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი სამხედროები ჩვენი პარტნიორი სამხედროების მხარდამხარ მამაცურად ასრულებენ თავიანთ სამშვიდობო ფუნქციას. უნდა აღინიშნოს ის, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიამ ჩაანაცვლა ე. წ. ISAF-ის მისია, სადაც საქართველო ასევე იყო წარმოადგენილი 1500 სამხედროთი. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეერთებული შტატების შემდეგ მეორე კონტრიბუტორია, ნატოს არაწევრი ქვეყნის სახით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს კონტრიბუციას საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების მიღწევის კუხით და, შესაბამისად, ეს წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სამხედროები ნატოს პარტნიორ სამხედროებთან ერთად თანაბრად ასრულებენ იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს აღებული აქვს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დარჩეს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების გვერდით მისიის ამოწურვამდე.

სწორედ მისიის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმაზე ლაპარაკობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ მაზარი-შარიფში საკონსულოზე თავდასხმას მანამდე ამერიკული ავიაციის მიერ ქალაქ ყუნდუზში განხორციელებული ავიაიერიშისთვის შურისძიება უწოდა, ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს, შესაძლოა, იყო შეერთებული შტატების მიმართ გზავნილიც, რომ მათ ავღანეთი დატოვონ:

„რატომ გააქტიურდნენ თალიბები? ერთ-ერთი ვერსია ასეთია, რომ მანამდე ყუნდუზში საერთაშორისო კოალიციამ, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ვინც მონაწილეობს, სერიოზული დარტყმა მიაყენა თალიბებს - გაანადგურეს თალიბების რამდენიმე ხელმძღვანელი - და თითქოს ეს თავდასხმები თალიბებმა შურისძიების გამო განახორციელეს ბაგრამზე და მაზარი-შარიფზე. თუმცა აქ, ჩემი აზრით, სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს, კერძოდ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა. წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ აუცილებლად გამოიყვანდა ავღანეთიდან ამერიკულ სამხედრო ნაწილებს. ასეთი თავდასხმების შემდეგ, როდესაც იღუპებიან ამერიკელი სამხედროები, ამ გზით ცდილობენ დააჩქარებინონ ტრამპს ამერიკელების გაყვანა. თუ ამერიკელი სამხედროები გავლენ, ალბათ საერთაშორისო კოალიცია დაიშლება ავღანეთში“.

ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ყოფნა თავდაპირველად მხოლოდ ერთი წლით იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ავღანეთი მარტო არ დარჩება“ და, ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG