Accessibility links

ავღანეთში კიდევ ერთი პოლიციელი ქალი მოკლეს


ავღანეთში პოლიციელი ქალი მოკლეს

ავღანეთში პოლიციელი ქალი მოკლეს

ავღანეთში პოლიციელი ქალი მოკლეს - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის პოლიციელი სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. მას ხშირად ემუქრებოდნენ, ისევე როგორც ემუქრებიან დანარჩენ პოლიციელ ქალებს ჰელმანდის პროვინციაში.

ჰელმანდის პროვინციაში ლეიტენანტი ნიგარი ყველაზე მაღალი რანგის პოლიციელი ქალი იყო. პროვინციის გუბერნატორისა და პოლიციის პრესმდივნის ცნობით, ის ორშაბათ დილით გარდაიცვალა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშკარ გაჰის საავადმყოფოში, სადაც წუხელ, მასზე თავდასხმის შემდეგ, მოათავსეს. თავდასხმა მოეწყო ლეიტენანტ ნიგარის სახლთან, ლაშკარ გაჰის პოლიციის შტაბბინის მახლობლად. ქალს თავის არეში ესროლა ორმა შეიარაღებულმა პირმა. ისინი მოტოციკლზე ისხდნენ და გაქცევა შეძლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

ნიგარს გამომძიებლად მუშაობის შვიდწლიანი სტაჟი ჰქონდა. ჰელმანდამდე ის ქაბულში მუშობდა. მას ორი შვილი დარჩა, მათ შორის არის ჰამიდ იანი: „სამსახურში მოტოციკლით რომ მივდიოდი, დედაჩემს შევთავაზე, წამომყოლოდა, მაგრამ არ წამომყვა - მითხრა, რომ მანქანით გამოუვლიდნენ. გზაში ვიყავი, როცა დამირეკეს და შემატყობინეს, რომ დედაჩემი მოკლეს. რომ მივედი, ვნახე, რომ ჩვენს სახლთან მოუკლავთ“.

ნიგარი წელს, ივლისში დაინიშნა ქალებს შორის ყველაზე მაღალ თანამდებობაზე ჰელმანდის პოლიციაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაუდგენელმა პირებმა მოკლეს მისი წინამორბედი, ისიც ქალი, ისლამ ბიბი. ეს უკანასკნელი, მისი კარიერა ბევრის თვალში განასახიერებდა უკეთესობისაკენ ცვლილებას, რაც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მოხდა ავღანეთში 2001 წელს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. მაგრამ 37 წლის ისლამ ბიბის - სამი შვილის დედას - გამუდმებით ემუქრებოდნენ. ცნობების თანახმად, პოლიციელი ქალის ძმამაც კი რამდენჯერმე სცადა მისი მოკვლა.

მუქარის მოსმენა ხშირად უწევთ სხვა პოლიციელ ქალებსაც. ერთმა მათგანმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, ორშაბათს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“უთხრა: „თალიბანისაგან მიღებული გვაქვს გაფრთხილება, რომ სამ თვეში ყოველ ჩვენგანს მოკლავენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა პოლიციელ ქალს მოკლავენ ჰელმანდში სამ თვეში“.

ასეთი მუქარა ბევრჯერ სმენია ლეიტენანტ ნიგარსაც. თავისი წინამორბედის, ისლამ ბიბის მკვლელობის შემდეგ, მან ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა საფრთხეზე, რომლის წინაშეც ავღანეთში დგას ყველა ქალი, ვინც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და, საერთოდ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობს. ნიგარმა იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ პოლიციაში მუშაობაზე უარის თქმას მაინც არ აპირებდა: „ეს ავღანეთია! უკვე 30 წელია, ამ ქვეყანაში ბრძოლა გრძელდება. სახიფათო რაღაცები ხდება. ან იცოცხლებ, ან მოკვდები. ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია“.

ავღანელი პოლიციელი ქალი, რომელიც ორშაბათ დილით გარდაიცვალა, წინა საღამოს მიღებული ჭრილობების შედეგად, 38 წლის იყო.
XS
SM
MD
LG