Accessibility links

24 მარტს ალპებში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 150 ადამიანი იმყოფებოდა. შიშობენ, რომ არავინ გადარჩენილა.

ოფიციალური მონაცემებით, კომპანია „აერობუსის“ თვითმფრინავი A320 ესპანეთის ქალაქ ბარსელონიდან გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, მიფრინავდა, როცა ჩამოვარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე, ალპებში, ქალაქ დინ-ლე-ბენის მახლობლად. ის ეკუთვნოდა ავიაკომპანია „ჯერმანუინგზს“, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის ევროპაში უდიდეს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“. „ჯერმანუინგზი“ იაფ, დაბალბიუჯეტიანად წოდებულ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. როგორც იუწყებიან, თვითმფრინავში იმოფებოდა 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ამასობაში, ვერტმფრენმა მოახერხა ავიაკატასტროფის ადგილთან დაჯდომა და, სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ არავინ გადარჩენილა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო ტელემიმართვაში ისაუბრა ავიაკატასტროფაზე: „ეს არის ტრაგედია, ახალი საჰაერო ტრაგედია. გამოვიძიებთ ყველა გარემოებას, რომელსაც ის მოჰყვა. ცხადია, შევუქმნით პირობებს ყველა შესაბამის გერმანულ და ესპანურ უწყებას. ასევე დავეხმარებით მსხვერპლთა ოჯახებს“.

ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ ავიაკატასტროფის გამო საფრანგეთში თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტი შეწყვიტა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადეს, რომ „შეძრწუნებული“ არიან მომხდარით. მერკელი 25 მარტს ჩავა კატასტროფის ადგილთან მდებარე ქალაქში. მასთან ერთად გერმანიის დელეგაციაში იქნებიან საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ტრანსპორტის მინისტრი. „ჯერმანუინგზის“ მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 გერმანელი, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები, 16 მოზარდი.

ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებით, რომლებიც მან პარიზიდან სატელევიზიო მიმართვისას წარმოთქვა, ინციდენტი ტრაგედიაა მისი ქვეყნისთვისაც. „ეს არის უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა, რამდენადაც ტრაგედია ჩვენს მიწაზე მოხდა. ვაპირებთ შევისწავლოთ ყველა შესაძლო შედეგი ამ ავარიისა, რომელიც ძნელად მისადგომ ადგილას მოხდა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ხოლო ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ალენ ვიდალის ინფორმაციით, „ჯერმანუინგზის“ თვითმფრინავი ძველი არ ყოფილა და მეტეოროლოგიური პირობებიც არ არის მიჩნეული „განსაკუთრებით ცუდად“ ავიაკატასტროფის დროს.

ინტერნეტპორტალ airfleets.net-ზე გაეცნობით ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი A320, რომელიც ასრულებდა რეისს ბარსელონიდან დიუსელდორფის მიმართულებით, 24 წლის იყო. ის 1991 წლიდან ეკუთვნოდა “ლუფტჰანზის” ჯგუფს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი პიერ-ანრი ბრანდე აცხადებს, რომ თვითმფრინავმა დილის 10:45-ზე გაავრცელა განგაშის სიგნალი, რასაც მოჰყვა მისი ჩამოვარდნა ალპებში, 2000-მდე მეტრის სიმაღლეზე.

24 მარტის ავიაკატასტროფა მიჩნეულია ევროპაში უმძიმესად მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში უკრაინაში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი. მაშინ 298 ადამიანი დაიღუპა, 24 მარტს კი, როგორც უკვე ითქვა, სავარაუდოდ, 150.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG