Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვთ რუს სამხედროებს მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფასთან


2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა „ბელინგკეტმა“, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც შეიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე მიკვლეულ ინფორმაციას და რომელიც ჯგუფმა გასული წლის ბოლოს მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს. ამ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო შენაერთის მეთაურებს კავშირი აქვთ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან.

აღმოსავლეთ უკრაინის თავზე 2014 წლის ივლისში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. დაღუპულების დიდ ნაწილს ნიდერლანდის მოქალაქეები შეადგენდნენ. „ბელინგკეტმა“, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იძიებს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ გარემოებებს, დეკემბერში მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს თავისი ანგარიშის სრული ვერსია. ამის შემდეგ გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ამოწმებენ „ბელინგკეტისაგან“ მიღებულ მასალებს და მათ მიხედვით, სავარაუდოდ, 100-მდე რუს სამხედრო მოსამსახურეს - მათ შორის, ოფიცრებს - ჰქონდა ინფორმაცია იმ სარაკეტო სისტემის გადაადგილებაზე, რომლითაც ჩამოაგდეს ბოინგ 777 ტიპის თვითმფრინავი.

„ბელინგკეტის“ ბოლო, 24 თებერვალს გამოქვეყნებული, ანგარიში - გარდა იმისა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან აკავშირებს რუსების სამხედრო ხელმძღვანელობას - არ შეიცავს განსაკუთრებულ სიახლეს მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფაზე. თუ წინა ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადას ეკუთვნოდა რაკეტა, რომელმაც, ნიდერლანდის საავიაციო უწყების ოფიციალური წარმომადგენლების ვერსიით, ჩამოაგდო თვითმფრინავი, ახალ ანგარიშში მოყვანილია დამატებითი სამხილები, რომლებიც მომხდართან რუსეთის კავშირზე მიუთითებს. ეს არის ცნობები რუს ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე - კონკრეტულ პირებზე, რომლებსაც, „ბელინგკეტის“ მონაცემებით, ხელთ ჰქონდათ ინფორმაცია ბუკ-M1 ტიპის ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემაზე ან ამ სისტემის მომსახურება ევალებოდათ.

ანგარიშის ვერსიაში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, „ბელინგკეტს“ შეცვლილი აქვს სამხედროების გვარები. ფოტოებზე და ვიდეომასალაში შეუძლებელია მათი სახეების ამოცნობაც.

მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა 2014 წლის 17 ივლისს რადარებიდან გაუჩინარდა. ავიალაინერის ნამსხვრევები და დაღუპულები იპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში - ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უკრაინის მთავრობის ჯარებს ებრძოდნენ.

კატასტროფიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, 2015 წლის ოქტომბერში, ნიდერლანდის უშიშროების საბჭომ, რომელსაც ავიაკატასტროფების გამოძიება ევალება, გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო ხმელეთიდან გასროლილმა რაკეტამ და რაკეტა ისროლეს არეალიდან, რომელიც 320 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. უკრაინის ტერიტორიის ამ ნაწილს კატასტროფის დროს თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ რუსეთის მომხრე სეპარატისტები.

ნიდერლანდის უშიშროების საბჭოს ბრალდება არავისთვის წაუყენებია. ბრალდების წაყენება ევალება ოთხი ქვეყნის ერთობლივ საგამოძიებო გუნდს. ის ჯერ არ გამოხმაურებია ჩვენი რადიოს წერილობით თხოვნას, შეაფასოს „ბელინგკეტის“ ანგარიში.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს აქამდეც არაერთხელ გამოთქმულ ვარაუდს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღმოსავლეთ უკრაინაში სწორედ მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს და რომ „ბუკის“ ტიპის სისტემა სეპარატისტებმა რუსეთიდან მიიღეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG