Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაადგინა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის გამოძიებამ


ავიაკატასტროფის ადგილი
ავიაკატასტროფის ადგილი

აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის გამომძიებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ სამგზავრო ავიალაინერი ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარის, „ბუკ“-ის რაკეტით, რომელიც გაისროლეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან.

გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ერთობლივი საგამოძიებო“ ჯგუფი, 28 სექტემბერს ნიდერლანდის ქალაქ ნიუვეგეინში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა მუშაობის შუალედური შედეგები.

„სისხლის სამართლის გამოძიების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17 – 2014 წლის 17 ივლისს - ჩამოგდებულ იქნა 9-M-83-38 სერიის რაკეტით. ის გასროლილ იქნა „ბუკის“ დანადგარით და „ბუკის“ ეს დანადგარი შესული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და გასროლის შემდეგ ისევ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა“, - განაცხადა ნიდერლანდის პოლიციის გამომძიებელმა ვილბერტ პაულისენმა პრესკონფერენციაზე.

უკრაინის საჰაერო სივრცეში, აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის ნიდერლანდის 196 მოქალაქე.

გამოძიების შედეგებზე საუბრისას, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდის მთავარმა პროკურატურმა ფრედ ვესტერბეკემ აღნიშნა, რომ ჯგუფი ვერ წარმოადგენს ყველა შედეგს, რათა ხელი არ შეუშალოს ჯერ კიდევ მიმდინარე კვლევას. თუმცა გამოძიებამ დაადგინა 100-მდე ადამიანის ვინაობა, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ მომხდარ კატასტროფასთან. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც აქტიურ როლს ასრულებდა „ბუკ“-ის სარაკეტო სისტემის მოპოვებასა და გასროლის ადგილას მის მიტანაში.

„ყველა ეს ადამიანი არ არის ავტომატურად ეჭვმიტანილი! იმის შესაფასებლად, შესაძლებელია თუ არა ბრალის წაყენება ინციდენტში მონაწილეებისათვის და შეიძლება თუ არა ეჭვმიტანილებად მათი განხილვა, მნიშვნელოვანია ნათელი მოეფინოს იერარქიულ სტრუქტურას იარაღის გამოყენების მომენტში. ვინ გასცა დავალება „ბუკ-ტელარის“ ადგილზე მიტანის შესახებ? ვინ გასცა დავალება, ესროლათ თვითმფრინავისათვის, რომელიც ასრულებდა რეისს MH17? „ბუკის“ დანადგარის ეკიპაჟმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ზემოდან მიღებულ დავალებებს ასრულებდა?“ - ვესტერბეკის შეფასებით, არსებობს რეალური შანსი, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები გასამართლდნენ, თუმცა ნათელი არ არის, სად შეიძლება გაიმართოს სასამართლო პროცესი.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის პრესკონფერენციაზე აჩვენეს 10-წუთიანი ანიმაცია, რომელშიც თავმოყრილია 2014 წლის ფოტო და ვიდეომასალა, დოკუმენტირებულია „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარის შეტანა რუსეთიდან უკრაინაში, მისი განთავსება ქალაქ სნიჟნეს მახლობლად. პრესკონფერენციაზე აჩვენეს, ასევე, რაკეტის გასროლის აუდიო და ფოტოსამხილები და მასალა, რომელიც აჩვენებს, როგორ დააბრუნეს „ბუკ“-ის დანადგარი რუსეთში, უკრაინის ქალაქ ლუგანსკის გავლით.

პიეტ პლოგმა, რომელსაც ვაჟიშვილი და ძმისშვილი დაეღუპნენ ავიაკატასტროფის შედეგად, ნიუვეგეინში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სჯერა გამოძიების დასკვნის სისწორის. „ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ ეს სარაკეტო სისტემა რუსეთიდან ჩამოვიდა და სროლის შემდეგ, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, სარაკეტო სისტემა ისევ რუსეთში დაბრუნდა. ვვარაუდობდი, რომ რუსეთიდან იყო, მაგრამ არ ვიცოდი. ახლა დადასტურდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული სისტემა იყო“, - ამბობს ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლის მამა გამოძიების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

თუმცა საკუთრივ რუსეთი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას, რომ მან აღჭურვა „ბუკ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით სეპარატისტები. რუსეთი იმასაც უარყოფს, რომ შეიარაღებით და ცოცხალი ძალით ეხმარება უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG