Accessibility links

logo-print

ნიდერლანდი გლოვობს ავიაკატასტროფაში დაღუპულებს


ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

23 ივლისი ნიდერლანდში გლოვის დღეა. ადგილობრივი დროით 16 საათზე ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ თვითმფრინავები, რომლებითაც უკრაინიდან ნიდერლანდში გადაასვენეს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა პირველი ჯგუფი. 17 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა - 193 ადამიანი - ნიდერლანდელი იყო.

სამხედრო თვითმფრინავებით, რომლებიც ოთხშაბათს დაეშვნენ ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე, 40 დაღუპული გადაასვენეს უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან ნიდერლანდში. მათ დახვდა მსხვერპლთა 1000-მდე ახლობელი, ნიდერლანდის მეფე-დედოფალი, პრემიერ-მინისტრი და იმ დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ 17 ივლისს უკრაინაში ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად. გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ ამსტერდამთან მდებარე სამხედრო ბაზაზე.

ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

დაღუპულების ნიდერლანდში გადასვენებამდე, ხარკოვში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვლადიმირ გროისმანმა „არაადამიანური ტერორისტული აქტი“ უწოდა მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნი გვამების ნიდერლანდში გადასვენების პროცესი 25 ივლისამდე გაგრძელდება. ნათელი არ არის, რამდენი გვამი რჩება თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას, რომელსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ. ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა 23 ივლისს, კანბერაში ჟურნალისტებთან საუბრისას. ავიაკატასტროფის მსხვერლთა შორის 27 ავსტრალიელია.

„ხარკოვში მატარებლის ვაგონების შემოწმების შემდეგ, უბრალოდ, არ ვიცით, რამდენი გვამია. სავსებით შესაძლებელია, ბევრი გვამი ჯერ კიდევ ღია ცის ქვეშ რჩებოდეს - ევროპაში შუა ზაფხულში... - და ხდებოდეს მათზე ზემოქმედება, მათ აზიანებდეს სიცხე და ცხოველები. ასეთია ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით“, უთხრა ჟურნალისტებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. მან ხარკოვი და მატარებელი ახსენა. ჩვენ ადრეც ვიუწყებოდით, რომ ავიაკატასტროფის ადგილიდან 200-მდე დაღუპულის გვამი ხარკოვში გადაასვენეს მატარებლით, რომელშიც დაბალი ტემპერატურა იყო დაცული. ხარკოვს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზა

23 ივლისს გავრცელდა აგრეთვე ცნობა, რომ ბრიტანეთს გადასცეს მალაიზიის თვითმფრინავის ორი შავი ყუთი, რომელსაც ბრიტანელი გამომძიებლები შეამოწმებენ. სეპარატისტებმა 22 ივლისს გადასცეს მალაიზიას შავი ყუთები, მათ გარშემო რამდენიმედღიანი გაურკვევლობის შემდეგ. სეპარატისტებს ასევე ადანაშაულებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მტკიცებულებების მანიპულირებაში.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სწორედ სეპარატისტებმა - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა - ჩამოაგდეს მალაიზიის თვითმფრინავი, „შეცდომით“ ჩამოაგდეს. ამ წყაროს ინფორმაციით, რომელიც 22 ივლისს გავრცელდა, მეამბოხეებმა ავიალაინერს, სავარაუდოდ, SA-11 ტიპის რაკეტა ესროლეს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ დადგენილა ინციდენტთან მოსკოვის რაიმე კავშირი, მაგრამ რუსეთმა „შექმნა პირობები“ თვითმფრინავის ჩამოსაგდებად.

XS
SM
MD
LG