Accessibility links

logo-print

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში ადგილობრივი მცხოვრებნი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. მათი აზრით, სოფელი დაუცველია. მთავარი კითხვა, რაც დღეს ავლეველებს აწუხებთ, ისაა, თუ როგორ აიღებენ ხორბლისა და სიმინდის მოსავალს, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. რამდენიმე დღის წინ სოფელში რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ავლეველების სასაოფლო-სამეურნეო მიწაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ფართობების ნაწილი ამ ბანერებს მიღმა აღმოჩნდა. გარდა ამისა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ბანერებთან 50 მეტრზე მიახლოებაც აუკრძალეს.

ავლეველები ხელისუფლებისგან დახმარებას და ეგრეთ წოდებული მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას ითხოვენ. 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საკუთარ მიწას პოლიციელთა მეთვალყურეობით ამუშავებდა და აქამდე პრობლემა არ შეჰქმნია, მაგრამ ახლა არ იციან, შეძლებენ თუ არა ყანებიდან მოსავლის გამოტანას. ავლეველებს საკუთარ მიწაზე, ბანერების სიახლოვეს, გადაადგილების ეშინიათ.

ავლევის პრობლემას „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე, ივნისის ბოლოს, განიხილავენ. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობამ მოსავლის აღება უდანაკარგოდ შეძლოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ავლევში განხორციელებულ ქმედებას უკანონოდ და რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად მიიჩნევს.

”საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, შეასრულოს მისთვის დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით”, - ნათქვამია დონდუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG