Accessibility links

დამაიმედებელი სავიზო მესიჯი ავრამოპულოსისგან


ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი.

ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი.

ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი. მან დილიდან არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ავრამოპულოსმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე მოიპოვებენ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საშუალებას.

სასიამოვნო გამოდგა საქართველოს ხელისუფლებისთვის დიმიტრის ავრამოპულოსის, ევროკომისრის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, ის მთავარი მესიჯები, რომელთა შესახებაც მან ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. სავარაუდოდ, სხვანაირი მოლოდინი არც ჰქონია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან დიმიტრის ავრამოპულოსმა თბილისში ვიზიტამდე არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების მიმართ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე. გავიხსენოთ, თუნდაც, თებერვლის დასაწყისი, როდესაც ბრიუსელს სტუმრობდა გიორგი კვირიკაშვილი; ასევე მარტის დასაწყისი, ანუ ის პერიოდი, როდესაც ევროკომისიამ მიმართა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას უკავშირდება. ყოველ თავის გამოსვლაში დიმიტრის ავრამოპულოსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას სულ რამდენიმე თვეში უნდა ელოდოს და ეს დრო შეიძლება დადგეს ზაფხულამდე ან ზაფხულში:

„ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ და ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა“ - ეს სიტყვები დიმიტრის ავრამოპულოსმა 2 აპრილს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, წარმოთქვა. მისი თქმით, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და განახორციელა ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ:

„გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული“.

საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მადლობა გადაუხადა მან ევროკომისარს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების პოზიტიურად შეფასებისათვის:

„საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა. ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ“.

დიმიტრის ავრამოპულოსის პოზიტიური შეფასება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე და მისი მესიჯი, რომ ევროპარლამენტი ძალზედ მოკლე ვადებში დაუჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება გამოდგეს იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის - ევროპის სახალხო პარტიის - პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულის დასაწყისში ვერ მოესწრება და რომ უვიზო მიმოსვლის ნებართვის მინიჭება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული. ის გასულ კვირას სტუმრობდა თბილისს და მისი ჩამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დასახელდა. ჯოზეფ დოლის ამგვარმა განცხადებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მან თბილისში ვიზიტისას განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი.

საკითხზე, იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგზე საარჩევნო პროცესი, ისაუბრა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ყველა ის რისკი, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე:

„ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც ერთ ისეთ მიმართულებას, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. მე მრავალი ვიზიტი გავმართე ევროპულ დედაქალაქებში, ასევე ვიზიტებით სტუმრობენ საქართველოს ჩემი კოლეგები. ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და არც ერთი შეხვედრის დროს არ გამოკვეთილა არც ერთი ის პრობლემატიკა, რომელიც ხელს შეუშლიდა საქართველოსთან ამ გადაწყვეტილების მიღებას“.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის მიერ 9 მარტს გამოთქმულ წინადადებას, გაუქმდეს სავიზო ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები შენგენის ზონაში 90 დღემდე ვადით ყოფნისთვის. შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, გარდა ირლანდიის და დიდი ბრიტანეთისა. ამ ზონაში შედიან, აგრეთვე, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. სულ შენგენის ზონაში 26 ქვეყანა შედის. სავიზო ვალდებულების მოხსნა არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მუშაობის უფლების მინიჭებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG