Accessibility links

logo-print

ავტომობილის მართვის გამოცდა ქუჩაში და მეტი სათვალთვალო კამერა გზებზე


2016 წლის შემოდგომიდან საქართველოს გზებზე ასეულობით ახალი სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებათა დარღვევებს გააკონტროლებს - ახალი წესებით, დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც სიჩქარეს მხოლოდ კამერებთან მიახლოებისას შეანელებენ. მომდევნო წლის იანვრიდან გამკაცრდება, ასევე, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდაც - მომავალ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, უკვე არსებულ და ახალ მონაკვეთებზე შემოდგომიდან ასეულობით ახალი სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც ავტომობილების მოძრაობის სიჩქარეს გააკონტროლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სიახლით ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკის შემცირებასაც ელის. შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას 600-ზე მეტი კაცი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათი ათასს სცდება. მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს არსებული ვიდეოკამერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათი ნაწილი არ მუშაობს და გამოსაცვლელია:

„ამ კამერების ერთი მესამედის განახლებაა საჭირო და შემოდგომისთვის დამატებით კამერებსაც დავამონტაჟებთ. ძველსა და ახალ სისტემას შორის კი განსხვავება ის იქნება, რომ, თუ დღეს ჩვენი რამდენიმე ათეული თანამშრომელი ზის და ცოცხალ რეჟიმში აკვირდება და აჯარიმებს მძღოლებს და მონიტორინგის ეს სისტემა მთლიანად ადამიანურ რესურსზეა დამყარებული, ახალი სისტემა მთლიანად ვიდეოანალიტიკის პროგრამაზე იქნება დამყარებული. ეს კამერები თავად დააფიქსირებენ დარღვევებს, სიჩქარის გადაჭარბება იქნება ეს თუ შუქნიშანზე ზოლების დარღვევით გადაკვეთა“.

ვიდეოკამერები არა მხოლოდ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს გაზომავს, ამბობს შალვა ხუციშვილი, არამედ შეაფასებს, წინა კამერიდან შემდგომ კამერამდე რა საშუალო სიჩქარით შეეძლო მას გაევლო ეს კონკრეტული მანძილი.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ნაწილია, მართვის მოწმობის გამოცდას უკავშირდება. თუ აქამდე მომავალ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება საგამოცდო მოედანზე უწევდათ, ახლა მათ გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.

ავტოსკოლა „გზაჯვარედინის“ პედაგოგს, მამუკა გახოკიძეს, მართვის მოწმობის გამკაცრების გადაწყვეტილება დაგვიანებული ჰგონია. ფიქრობს, რომ გამოცდა მხოლოდ გამოცდისთვის არის და მის ჩასაბარებლად მომავალ მძღოლებს მხოლოდ ელემენტარული წესების დაზეპირება სჭირდებათ - ხშირად მათ არანაირი გამოცდილება ქალაქის ქუჩებში სიარულისა არ გააჩნიათ:

„პრაქტიკული ტარება ქალაქში არ უნდა ვიცოდეთ? ჯოხით სარგებლობენ დღეს პრაქტიკულ გამოცდაზე. აი, გამოჩნდა მარჯვენა ჯოხი, აიღე საჭე მარჯვნივ და ა. შ. ამ ჯოხს ვინ გიყენებთ ქალაქში მოძრაობისას? არავინ. ნორმალურ ქვეყნებში ავტომაგისტრალზე ბარდება გამოცდა, ჩვენ კი იქ გასვლაც აკრძალული გვაქვს. არადა, როგორ უნდა მიხვდეს მომავალი მძღოლი, თუ რა ხიფათი შეხვდება იქ მოძრაობისას, როგორ უნდა მართოს იქ მანქანა?“

მამუკა გახოკიძე

მამუკა გახოკიძე

მამუკა გახოკიძეს შენიშვნები აქვს თეორიული გამოცდის შინაარსთანაც. ფიქრობს, რომ ის გაცილებით მარტივი უნდა იყოს და ჩაჭრის ფუნქცია კი არა, ცოდნის რეალურად შემოწმების ფუნქცია ჰქონდეს:

„ჩემი აზრით, ნახევარი ამ ტესტებისა ჩასაჭრელად არის შექმნილი და არა ცოდნის შესამოწმებლად. თუ 30 კითხვიდან 27 სწორ პასუხს გასცემს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ მან იცის მხოლოდ ელემენტარული რაღაც. რეალურად მან მოძრაობის წესები ამ თეორიული ცოდნით არ იცის. ეს სწორედ იმ პრაქტიკულმა გამოცდამ უნდა დაადგინოს. გამოცდისთვის კი იცი, რომ იქ გაჩერება გეკრძალება, მაგრამ ქუჩაში - თუ ეს პარქტიკა არ გექნა, ვერ ხვდები, რომ კონკრეტულ ადგილას გაჩერება არ შეიძლება“.

სათვალთვალო კამერების განახლების იდეას მხარს უჭერს ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის". მისი ხელმძღვანელის, გელა კვაშილავას, თქმით, ასეთი კამერების დაყენების შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში საგზაო შეჯახებების რიცხვი 40 %-ით მცირდება:

გელა კვაშილავა

გელა კვაშილავა

„ეს სისტემა სწორედ იმ მძღოლების კონტროლისთვის არის, რომლებიც, როდესაც ხედავენ, რომ სტაციონარული კამერაა ახლოს, მოძრაობას ანელებენ, თუმცა როგორც კი მას გასცდებიან, ისევ ჩქარა მოძრაობენ. ახალი კამერები კი, წესით, გააკონტროლებენ ასეთ მძღოლებს გზის სხვა მონაკვეთებზეც - გამოითვლება საშუალო სიჩქარე და, შესაბამისად, დაჯარიმდება დამრღვევი. ვფიქრობ, ეს სისტემა რაც შეიძლება მალე უნდა შემოვიდეს, რადგან, როგორც ოფიციალური სტატისტიკაც ამბობს, ავტოავარიების მიზეზად უმრავლეს შემთხვევაში სწორედ გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ასეთი ვიდეომონიტირინგის სისტემამ კი თითქმის ყველგან, სადაც ის დამონტაჟდა, დადებითი შედეგი აჩვენა“.

საგზაო მაგისტრალებზე მაქსიმალურ კონტროლს ემხრობა ვასილ ურუშაძეც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „Hub Georgia”. მისი თქმით, საავტომობილი გზა საჯარო სივრცეა, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან და ამ სივრცის კონტროლი მათივე სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის არის საჭირო.

რაც შეხება მართვის მოწმობის გამოცდის გამკაცრებას, ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ დღეს არსებული სისტემა ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტისგან და მართვის მოწმობის დარიგებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად მის დამსახურებულად აღებას. მიუხედავად იმისა, რომ, ურუშაძის აზრით, თავისთავად გამოცდის გამკაცრება ცუდი არ არის, ის მაინც არ მოელის ეფექტურ შედეგს გამოცდის მხოლოდ ქუჩაში გადატანით. მხოლოდ დაზეპირებული თეორიული ბილეთები და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად ნასწავლი რამდენიმე ხრიკი, მისი თქმით, მართვის ცოდნას არ ნიშნავს.

ვასო ურუშაძე

ვასო ურუშაძე

„თავი და თავი ამ სფეროში განათლების დონის ამაღლებაა და არა მხოლოდ გამოცდების გამკაცრება. დღეს, რეალურად, მხოლოდ დაზეპირებული საგამოცდო ბილეთები იციან, ხოლო საგზაო ნიშნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გააჩნიათ“.

კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, გვეუბნება „Hub Georgia“-ს ხელმძღვანელი, თუ რომელ ქალაქში უნდა ჩააბარონ მომავალმა მძღოლებმა გამოცდა, რადგან თბილისსა და, მაგალითად, გორში საგზაო მოძრაობა სხვადასხვანაირად არის დატვირთული:

„მაგალითად, თბილისში მოძრაობა ბევრად რთულია, ვიდრე, მაგალითად, გორში ან თელავში, რადგან იქ ავტომობილების რაოდენობა არის ნაკლები და გზებიც ნაკლებადაა დატვირთული. თუ ახალი წესი იმას დაადგენს, რომ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი, მაშინ მოხდება ის, რაც დღესაც ხდება ხოლმე: ვისაც მარტივად უნდა მართვის მოწმობის აღება, წავა გორში, იქ ჩააბარებს გამოცდას, ხოლო მოძრაობას თბილისში გააგრძელებს“.

ვასილ ურუშაძე ცალკე მოუგვარებელ პრობლემად გამოყოფს თითქმის ყველა სადარბაზოში გახსნილ ავტოსკოლებს, რომელთა კვალიფიკაციასაც, როგორც წესი, არავინ ამოწმებს. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა გასცემდეს შესაბამის აკრედიტაციას ასეთ სკოლებზე და მთლიანად სფეროს აკონტროლებდეს. მეტიც, ამბობს ვასილ ურუშაძე, წესები ავტოსკოლების მიმართაც უნდა გამკაცრდეს - იმ შემთხვევაში, თუ ავტოსკოლის მიერ მომზადებული მოსწავლე გამოცდაზე ჩაიჭრება, ავტოსკოლას მინუს ერთი ქულა უნდა დაეწეროს და, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ასეთი მინუს ქულების რაოდენობა დაუგროვდება, აკრედიტაცია ჩამოერთვას. მხოლოდ ასე შეიძლება ხარისხის კონტროლი. ვასილ ურიშაძე ამბობს იმასაც, რომ 21-ე საუკუნეში ავტომობილის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად საჭირო არ არის მაინცდამაინც ავტოპოლიგონებზე ვასწავლოთ მანქანის ტარება მომავალ მძღოლებს, ამისათვის არსებობს თანამედროვე სიმულატორები, რომელზეც თეორიული ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღებაც შეიძლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG