Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ავტოპარკის განახლება - ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირებით


იმპორტირებული ავტომობილები. გაფორმების ეკონომიკური ზონა - ფოთი
იმპორტირებული ავტომობილები. გაფორმების ეკონომიკური ზონა - ფოთი

პარლამენტში იწყება განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტისა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ. შსს-ს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2016 წლის პირველი მარტიდან აიკრძალება არა მხოლოდ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, არამედ საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციაც, ოღონდ ეს ცვლილება არ გავრცელდება საქართველოში უკვე ჩამოყვანილ და დარეგისტრირებულ მანქანებზე. ახალი კანონი ასევე ადგენს, რომ 3-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებს საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი შეეხება, ხოლო 9 წელზე ძველი ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი გაიზრდება. შეღავათიანი რეჟიმი გავრცელდება ასევე მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრის შემთხვევაშიც. მთავრობა ელის, რომ ეს ცვლილებები ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებას და ავტოპარკის გადახალისებას შეუწყობს ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, 2016 წლიდან რა თანხად განაბაჟებენ ავტომობილებს ის მძღოლები, რომლებიც 9 წელზე მეტი ასაკის მანქანის საქართველოში ჩამოყვანას გადაწყვეტენ, ან რა თანხით შეუმცირდებათ 6 წლამდე ავტომობილების მფლობელებს აქციზის გადასახადი. დეტალებზე პარლამენტი იმსჯელებს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 14 დეკემბრის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კომიტეტებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის საჯაროდ განხილვისაკენ მოუწოდა. უსუფაშვილმა შენიშნა, რომ რადგან ამ კანონპროექტმა საზოგადოებაში საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია, მასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს და, რაც მთავარია, ყველას განემარტოს, რომ „კანონის მიღების შემდეგ იმ პირებს, რომლებიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით სარგებლობენ, არანაირი პრობლემები არ ექმნებათ“.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობის წესები და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკისმომგვრელი რაიმეს აკრძალვები, არამედ დროში გაწერილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ისაა, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

თუკი პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ, როგორც უკვე ცნობილია, მომავალი წლიდან საქართველოში ვეღარც მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შემოვა და არც საჭეგადატანილი მანქანების დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი, ახალი ავტომობილების შემოყვანა კი დაბეგვრის დაბალი ფასით წახალისდება, რასაც ვერ ვიტყვით 9 წელზე ძველ ავტომობილებზე. მთავრობაში ფიქრობენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მილიონ ავტომობილზე მეტია რეგისტრირებული, პრობლემა მხოლოდ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებებით შეიძლება მოგვარდეს. სწორედ ამას გულისხმობს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც:

„ამ კანონის მიზანია, რომ ახალი ავტომობილების განბაჟება გახდეს უფრო იაფი, ხოლო ძველების განბაჟება გაძვირდეს და ეს იმიტომ, რომ როგორმე ავტოპარკი გადახალისდეს. ერთი სიტყვით, შედარებით ძველი მანქანების შემოსვლა უნდა შეიზღუდოს - ეს არის მთავრობის გათვლა. ცხადია, ვინც ფიქრობს, რომ 14 წლის მანქანას შეიძენს და იმით იტაქსავებს, მისთვის, ალბათ, არ იქნება ეს, ცხადია, შეღავათი“.

ამ მთავრობის მთავარი საზრუნავი, ჩვენი აზრით, სიღარიბის დაძლევა და ის უნდა იყოს, რომ მოსახლეობას რაღაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, რის ნაცვლადაც მთავრობა დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ხალხს...
აკაკი მინაშვილი

პარლამენტში კი კანონპროექტის განხილვისწინა შეფასებები კეთდება. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ იმ ადამიანების უფლებების ხარჯზე, რომლებსაც აქვთ გარკვეული მატერიალური პრობლემები და სწორედ ამით აიხსნება საჭის გადატანაც და მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა და ჩამოყვანაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს კარგი ანალიზი სჭირდება“, - ასე ფიქრობს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ნოდარ ებანოიძის განცხადებით კი, საკანონმდებლო ორგანო მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოწესრიგებას ხელს შეუწყობს და, თან, არც მარჯვენასაჭიანი და შედარებით ძველი ავტომობილების მფლობელებს დააზარალებს. საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ახალი კანონი ცხოვრებას ართულებს. „აჯობებს მთავრობამ სიღარიბის დონეს მიხედოს“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი, დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“:

„ამ მთავრობის მთავარი საზრუნავი, ჩვენი აზრით, სიღარიბის დაძლევა და ის უნდა იყოს, რომ მოსახლეობას რაღაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, რის ნაცვლადაც მთავრობა დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ხალხს“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, შსს-ს მონაცემებით კი, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს სწორედ მეორადი – 5-დან 15 წლამდე ასაკის - ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ავარიების გამომწვევი მთავარი მიზეზი კი სწორედ მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანებია.

იმედია, რომ ჩვენი ავტოპარკი, რომლის 90%-ზე მეტს 10 წელზე მეტი საკის მანქანები შეადგენს, ნელ-ნელა განახლდება და, ბოლოს და ბოლოს, ტექნიკური შემოწმებაც სავალდებულო გახდება...
გელა კვაშილავა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მხარს უჭერს გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმისა და ღვედის სავალდებულო გამოყენების შესახებ კანონის შემდეგ ეს არის მესამე მცდელობა სიტუაციის მოწესრიგებისა საგზაო უსაფრთხოების სფეროში. გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ეტაპობრივად მოგვარდეს ქვეყანაში არსებული ისეთი სატრანსპორტო პრობლემები, როგორიცაა საგზაო ტრავმატიზმი თუ ჰაერის დაბინძურება. მისი თქმით, შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანის წახალისება ხელს შეუწყობს იაფი იაპონური მანქანების შემოყვანის შეწყვეტას საქართველოში:

„თუ ჩვენ გვინდა იაპონური იმპორტი ჩავანაცვლოთ და საზოგადოება არ დაზარალდეს, და თუ გვინდა, ქვეყანაში უნიფიცირებული მოძრაობა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა გატარდეს. საჭიროა როგორც ახალი მანქანების წახალისება, ისე მძღოლების ქცევების პრევენციისთვის ქულების სისტემის შემოტანა. და, რა თქმა უნდა, საქართველოს ავტოპარკის განახლება შეუძლებელი იქნება, თუ ეს კანონით არ დადგინდა. სწორედ ამ გზით უნდა წავახალისოთ ახალი მცირეძრავიანი ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენი ავტოპარკი, რომლის 90%-ზე მეტს 10 წელზე მეტი საკის მანქანები შეადგენს, ნელ-ნელა განახლდება და, ბოლოს და ბოლოს, ტექნიკური შემოწმებაც სავალდებულო გახდება“.

გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ ამას მხოლოდ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შეიძლება მივაღწიოთ. თუ პარლამენტი კანონს მხარს დაუჭერს და რეფორმა ბოლომდე მივა, ის ელის, რომ სამიდან ხუთ წელიწადში შედეგი გამოჩნდება: საქართველოს ავტოპარკი მნიშვნელოვნად შეივსება სიცოცხლისათვის უსაფრთხო, შედარებით ახალი ავტომობილებით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG