Accessibility links

logo-print

რუსთაველის N7 - კიტჩის თუ ხელოვნების მისამართი?


მრავალფუნქციურ კომპლექსის პროექტი

მრავალფუნქციურ კომპლექსის პროექტი

რუსთაველის გამზირზე, შვიდ ნომერში, ანუ იქ, სადაც 1991 წლამდე „მხატვრის სახლი“ იდგა, კომპანია „მაგთი“ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც, პროექტის მიხედვით, მოიცავს: მუზეუმს, საგამოფენო დარბაზს, სასტუმროს, რესტორანს, საცურაო აუზსა და საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომს. თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირის, ჯორჯაძისა და გუდიაშვილის ქუჩებით შემოსაზღვრული ეს ტერიტორია თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო გაუკაცრიელებული. შესაბამისად, მშენებლობის დაწყებას ბევრი თბილისელი მიესალმა, თუმცა პროექტს, რომლის მიხედვითაც სახვითი ხელოვნების მუზეუმი შენდება, გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც. რას უწუნებენ სახვითი ხელოვნების მშენებარე მუზეუმს?

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების, „ჰამქრის“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე, ქაშუეთის ეკლესიასა და კინო „რუსთაველს“ შორის მოქცეული ღობის გასწვრივ, რამდენიმე ასეული თბილისელი შეიკრიბა. სწორედ ამ ღობის მიღმა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელმაც არქიტექტორი კობა ჭუმბურიძე აიძულა აქციაზე მისულიყო:

„პროექტი, რომელიც ვნახე, არ მომეწონა. ბალდახინი დავარქვი! რატომ არ მომწონს? ძნელია ამის ორი-სამი წინადადებით ახსნა. ბევრი ვისწავლე იმისათვის, რომ ასეთი გემოვნება ჩამომყალიბებოდა. ორი სიტყვით ვერ ვამბობ. საზიზღრობაა! არ შეიძლება ამის დათმობა!“
„ჰამქრის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია

„ჰამქრის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია


„ჰამქრის“ წევრები დათმობას, მართლაც, არ აპირებენ. ორგანიზაციის გამგეობის წევრი, კულტურულოგი ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმასთან შეგუება, რაც ყოფილი „მხატვრის სახლის“ ადგილზე ხდება. „თუ ეს არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მაშინ რატომ უნდა განვათავსოთ ის ფსევდო ძველ შენობაში?“ - კითხულობს ცირა ელისაშვილი, რომლის თქმითაც, პროექტით გათვალისწინებული შენობა, თავისი ეგრეთ წოდებული გადაძახილით რუსთაველის თეატრთან, ასევე არ ეწერება 21-ე საუკუნის ნაგებობათა სიაში.

„ჩვენ თუ გვინდოდა ძველის აღდგენა, მაშინ აქ იდგა „მხატვრის სახლი“. რამდენად სწორი იქნებოდა მისი აღდგენა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შეიძლებოდა ამის გაკეთება. თუ ვაშენებთ ახალს, ის არ უნდა იყოს ძველის იმიტაცია და განსაკუთრებულად ცუდის იმიტაცია, იმიტომ რომ არანაირ არქიტექტურულ სტილში არ ეწერება. ეს არც ცალკე ბაროკოა, არც ცალკე მოდერნია... ეკლექტიკაა, მაგრამ ეკლექტიკის ცუდი გაგებით, რადგანაც თბილისში ეკლექტიკის ძალიან კარგი ნიმუშები გვაქვს. თუ ვიტყვით, რომ ეს ეკლექტიკაც არ არის, გამოდის რომ ეს კიტჩია!“ - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცირა ელისაშვილის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს არქიტექტორთა ნაწილი, რომელთა შორის ცნობილი არქიტეტორი გიგა ბათიაშვილიცაა. ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან უსაფუძვლო უწოდა მშენებლობის გაბარიტებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას:

„რუსთაველის გამზირის მასშტაბს განსაზღვრავს ეროვნული მუზეუმი, კინოთეატრი „რუსთაველი“ და შემდეგ სასტუმრო „თბილისი მარიოტი“. საბედნიეროდ, პროექტით გათვალისწინებული შენობა ზუსტად ამ მასშტაბში ზის და არ არღვევს მას. შეიძლება შეხედო შენობას და თქვა, ფუნქციურად სწორად არ არის და იქნებ გადააპროექტოთო“.
წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, აქ უპრიანი იქნება ისეთი მოცულობის და მხატვრული იერის მქონე ნაგებობის დაპროექტება, რომელშიც ასახული იქნება დღევანდელი ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მაგრამ არ იქნება ამოვარდნილი ისტორიული განაშენიანების ზოგადი არქიტექტურული კონტექსტიდან...

თუმცა, გიგა ბათიაშვილის თქმით, პროექტი, ესთეტური, კულტურული, მხატვრული და კომპოზიციური თვალსაზრისით, მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. დაახლოებით მსგავსი რამ წერია განმარტებით ბარათშიც, რომელიც თან ახლავს კომპანია „მაგთის“ მიერ შერჩეულ პროექტს:

„კომპლექსის მოცულობა და მხატვრული იერსახე დაპროექტდა იმის
გათვალისწინებით, რომ მასში ასახული იყოს დღევანდელი ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მაგრამ არ მოხდეს მისი ამოვარდნა ისტორიული განაშენიანების ზოგადი არქიტექტურული კონტექსტიდან, რაც სრულ შესაბამისობაშია და ეფუძნება ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევას და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა-რეკომენდაციებს“.


დასკვნა-რეკომენდაციებს შორის იგულისხმება ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილის შეფასება და რჩევები, რომელთა მიხედვითაც, მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არქტექტურული რეპერტუარის მექანიკური გამეორება გაუმართლებელი და ბუტაფორიულობის საფრთხის შემცველი იქნება:

„პარლამენტის შენობის „ვიზავი“ არ უნდა იყოს მაინცდამაინც კლასიკურ „პერანგში“ ჩაცმული მკაცრი სტრუქტურა, მაგრამ, ამავე დროს, ზედმეტად თამამმა ახალმა ფორმებმა შესაძლოა დაარღვიონ პროსპექტის დინჯი და გაწონასწორებული არქიტექტურული რიტმი და ეს არითმიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი იქნება ქაშუეთის ტაძრის უშუალო სიახლოვეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, აქ უპრიანი იქნება ისეთი მოცულობის და მხატვრული იერის მქონე ნაგებობის დაპროექტება, რომელშიც ასახული იქნება დღევანდელი ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მაგრამ არ იქნება ამოვარდნილი ისტორიული განაშენიანების ზოგადი არქიტექტურული კონტექსტიდან“.
რაც შეეხება სტილების აღრევას, საერთოდ თბილისი ამით არის კოლორიტული. თბილისისთვის დამახასიათებელია დასავლეთისა და აღმოსავლეთის არქიტექტურის სინთეზი და, ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი შენობა იდგმება...

პროექტის ავტორის, არქიტექტორ არჩილ ქურდიანის თქმით, ასევე გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა არქიტექტორთა კავშირსა და მერიისა და კულტურის სამინისტროს გაერთიანებულ მეთოდურ საბჭოზე. არჩილ ქურდიანის თქმით, ნაგებობა სავსებით ჯდება რუსთაველის გამზირის სტილში, რიტმსა და მასშტაბში. პროექტის მიხედვით, შენობა, რომელშიც სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უნდა დაიდოს ბინა, საგანგებოდ დანაწილდა სხვადასხვა მოცულობის ოთხ შენობად. შესაბამისად, არჩილ ქურდიანის თქმით, ქუჩების მასშტაბების გათვალისწინებით, შენობის ფასადი რუსთაველის მხარეს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გუდიაშვილის მხარეს. კრიტიკის პასუხად, არჩილ ქურდიანი ასევე ამბობს:

„თუ ისინი გულისხმობენ, რომ თანამედროვე შენობა უნდა იყოს შუშისგან გაკეთებული, მე, როგორც არქიტექტორი, ამას ვეწინააღმდეგები და ასეთი რამის აშენება არ იქნება სწორი. რუსთაველის გამზირი არის ჩამოყალიბებული არქიტექტურული ანსამბლი და მასში ასეთი უცხო სხეულის ჩასმა არ იქნება კორექტული. რაც შეეხება სტილების აღრევას, საერთოდ თბილისი ამით არის კოლორიტული. თბილისისთვის დამახასიათებელია დასავლეთისა და აღმოსავლეთის არქიტექტურის სინთეზი და, ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი შენობა იდგმება“.

თუმცა მშენებლობის ავტორებსა და მესაკუთრეს ოპონენტები მხოლოდ ტექნიკური და ესთეტიკური დეტალების გამო არ აკრიტიკებენ. თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ჰამქრის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტების გამოსავლენად ღია კონკურსები უნდა ტარდებოდეს:
ალექსანდრე ელისაშვილი „ჰამქრის“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე

ალექსანდრე ელისაშვილი „ჰამქრის“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე


„ლავრენტი ბერიამაც კი ჩაატარა ღია არქიტექტურული კონკურსი და მართლა საუკეთესო პროექტებმა გაიმარჯვეს „იმელთან“ დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით... ამასვე მოითხოვდა კანონი ბოლო დრომდე, თუმცა ერთია კანონი და მეორე - ქალაქისადმი დამოკიდებულება. საქმე გვაქვს რუსთაველის გამზირთან. ეს ხომ არ არის ორღობე სადღაც სოფლის ბოლოში, რომ შენთვის რაც გინდა, ის ააშენო. ეს სივრცე ყველასია, მათ შორის, ჩემიც. ძალიან კარგი, რომ აქ ორმო და მტვერი არ იქნება! ძალიან კარგი, რომ შენდება, მაგრამ, მოდი, პატივი ეცი ქალაქს! ვერაფრით წარმომიდგენია, რა პრობლემა უნდა იყოს ჯოხთაბერიძისთვის („მაგთისა“ და, შესაბამისად, შენობის მფლობელი) ღია არქიტექტურული კონკურსის გამოცხადება“.

სწორედ ამას - ფასადის შესაცვლელად ღია არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას - ითხოვდნენ რუსთაველის გამზირზე 24 ივლისს გამართული აქციის მონაწილენი, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, არც არქიტექტორი და არც მშენებლობის მესაკუთრე პროექტის შეცვლას არ აპირებს. რუსთაველის 7 ნომერში, ვიდრე 1991 წელს, „თბილისის ომის“ დროს, ხანძარი არ გაუჩნდა და მთლიანად არ განადგურდა, მხატვრის სახლი იყო განთავსებული. შენობა 1865-67 წლებში ოტო სიმონსონის პროექტით აიგო. თავდაპირველად მასში განთავსებული იყო სასამართლო პალატა, მოგვიანებით კი სასტუმროდ გადაკეთდა. სასტუმროს ჯერ „ორიანტი“, შემდეგ კი „ინტურისტი“ ერქვა. 1977 წელს სასტუმრო „ინტურისტი“ გაუქმდა და მის ნაცვლად შენობაში მხატვრის სახლმა დაიდო ბინა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG