Accessibility links

18 ნოემბერს ქუთაისის პარლამენტის შენობაში გაიხსნა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. სხდომამ პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აირჩია. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების დამტკიცება. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და პარლამენტს ინსტიტუტების გაძლიერებისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, უპირველესად, თავისი პატივისცემა დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც, მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევით, მისი შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, თუმცა ამავე კონტექსტში მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, სიმპათია მრავალპარტიული პარლამენტის იდეისკენ იხრებოდა და ამას ისურვებდა იგი საქართველოშიც, როგორც მეტი კონკურენციისა და დემოკრატიის წყაროს. თუმცა პოლიტიკური პროცესი, მისი თქმით, არჩევნებით კი არ მთავრდება, არჩევნებით იწყება და ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა. აქვე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვერ შეეგუება სახელმწიფო ინსტიტუტების შელახვისა და შესუსტების ჩანაფიქრსაც კი და „ქართულ ოცნებას“ შეახსენა ეგრეთ წოდებული მარტივი ჭეშმარიტება, რომ „ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“. შესაბამისად, ის, რის გაკეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო წლების განმავლობაში პარლამენტთან ერთად ისურვებდა, შემდეგია:

“სრულად უნდა ავამუშაოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმები, შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის, ამის გათვალისწინებით, მზად ვარ დავამკვიდრო პრობლემურ, სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, მზად ვარ წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა და შემოგთავაზოთ ის საკითხები, რომლებიც, ჩემი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას. დავიწყებ დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემით. დღეს ჩვენს მოსახლეობას - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს - ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა და მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებს“.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით გაცემული დაპირებების შესრულებისა და ამ კუთხით რეფორმების მიმართულებით აქტიური, თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს პოლიტიკური კლასის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია, საჭიროა კონსტიტუციის ცვლილებები ემსახურებოდეს არა ყველა შტოსა და ინსტიტუტის ერთ ხელში თავმოყრას, არამედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმის გამყარებას. ამ მიზნებს, მისი თქმით, მოემსახურება ის ჯგუფიც, რომელიც, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, კონსტიტუციის ცვლილებებზე იმუშავებს. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომლის გაჯანსაღებაც, პრეზიდენტის შეფასებით, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ამ გამოწვევის სათანადოდ დაძლევის მიზნით, კარგი იქნება, თქვა პრეზიდენტმა, საქართველოში მოწვეული იქნეს ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ილაპარაკა, ასევე, დემოკრატიის განვითარებისთვის თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს მნიშვნელობასა და მედიის დაცვის მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე, გამოვიდა ასევე ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით და სხვ.

ქვეყნის დემოკრატიზაციის კურსის ერთგულებაზე გაამახვილა, თავის მხრივ, ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ:

“ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“.

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება კი, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, თანახმად, შემდეგნაირად მოხდა:

“დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელშიც გაერთიანებული არის 110 წევრი, თავმჯდომარე არის მამუკა მდინარაძე. იმავდროულად შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“. ფრაქციაში გაერთიანებული არის პარლამენტის 6 წევრი, თავმჯდომარე - სიმონ ნოზაძე. 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა და უმრავლესობის ლიდერი არის ბატონი არჩილ თალაკვაძე. დარეგისტრირდა, ასევე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია. დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისათვის“.

ამ ფრაქციას, გიორგი კახიანის თანახმად, ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეებით, უპარტიო დეპუტატებით დაკომპლექტდა. კიდევ ერთი ფრაქცია, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩამოყალიბდა, არის „საქართველოს პატრიოტები“. 6 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომაია იქნება.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატს შორის 115 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 27 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 6 დეპუტატითაა წარმოდგენილი „პატრიოტთა ალიანსი“, 1 დეპუტატი ჰყავს „მრეწველთა“ პარტიას და ასევე ერთია დამოუკიდებელი დეპუტატი. მათგან მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომაში 143 დეპუტატი მონაწილეობდა.

სხდომათა დარბაზში არსებული ზოგადი სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, პირველ სხდომას საპროტესტო აქციის გარეშე არ ჩაუვლია. ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა გამართეს.

“ჩვენ ვითხოვთ არსებითად გადაიხედოს შრომის პოლიტიკა, შეიქმნას შრომის ინსპექცია, ჩვენი მოთხოვნაა განათლების მოთხოვნა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეწყვეტა და, ასევე, გარემოს დაცვის საკითხების და ეკონომიკური განვითარების საკითხების განსხვავებული რეგულირება და მოწესრიგება“, განუცხადა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ადამიანის უფლებათა იურისტმა ლინა ღვინიანიძემ მედიას. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის გაძლიერება, რეფორმების გაგრძელება და მეტი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება უშუალოდ პარლამენტის შიგნით:

“წინა მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო ის, რომ ძირითადად საკანონმდებლო ინიციატივები მოდიოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და მათი დაბადება და ამ საკითხებზე მსჯელობა უშუალოდ პარლამენტის წიაღში ნაკლებად ხდებოდა და შემოსულ კანონპროექტებზე მსჯელობდნენ დეპუტატები და არა საკუთარი ინიციატივით შემუშავებულზე იმდენად. ამიტომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს უნდა მეცხრე მოწვევის პარლამენტი და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ტრადიციულად სუსტია აქამდე საპარლამენტო ისტორიაში საქართველოში, არის კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების, იმიტომ რომ ეს არის უფლებაც და მოვალეობაც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ამ ორგანოს აკისრებს“.

ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს მთავრობას. პრეზიდენტის განკარგულებით, მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG