Accessibility links

logo-print

„მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის“ - ახალი საგანი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად სკოლებში ახალი საგნის სწავლების შემოღებას მიიჩნევს. საგნის პირობითი სახელია „მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის“. ამ ინიციატივით ილია მეორე 23 ივნისს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში ოჯახის კულტურას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

როგორია ბოლო მონაცემებით საქართველოს დემოგრაფიული სურათი და რამდენად უშველის ამ სფეროში არსებული სიძნელეების დაძლევას სკოლაში სპეციალური საგნის შემოღება?

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „ოჯახი“. ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა დაასახელა მან ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მთავარ მიზეზად, გამოსავლად კი სკოლაში ახალი საგნის სწავლების აუცილებლობა მიიჩნია:

„ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის".

დემოგრაფების მიერ გამოთქმულ ვარაუდს და წარმოდგენილ სტატისტიკას, რომ 2050 წლისათვის შესაძლოა საქართველოს მოსახლეობა კიდევ 30%-ით შემცირდეს, არ დაეთანხმა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ამ დროისათვის, პირიქით, საქართველოს მოსახლეობა 30%-ით მოიმატებს. პატრიარქის ინიციატივა მალევე იქცა საზოგადოებაში განსჯის საგნად. კონკრეტულად რა უნდა ასწავლონ ახალი საგნით - „მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის“, ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი, რა ასაკში... - კითხვა ბევრი დაისვა, თუმცა ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხები არ ჩანს.

დემოგრაფებს ამ ეტაპზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ციფრებით საუბარი შეუძლიათ, ასევე მოსახლეობის შემცირების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.

თუ ოფიციალურ სტატისტიკას ჩავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ დაბერების ფაქტი აშკარაა. პროცენტულად იზრდება ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა და მცირდება ბავშვების და ახალგაზრდების რიცხვი. თუმცა ეს ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ, ზოგადად, განვითარებადი ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი...
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის განცხადებით, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არსებული დემოგრაფიული ვითარების კატასტროფულად შეფასება გადაჭარბებული იქნებოდა. მისი თქმით, სრულყოფილი და რეალური სურათი საყოველთაო აღწერის შემდეგ გამოჩნდება, რომელიც 1 ივლისიდან იწყება და 2015 წელს დასრულდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4 483 000-ია. ეს მონაცემი 2002 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია. მას შემდეგ საქართველოს მოსახლეობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდებოდა. ზუსტი სტატისტიკის უქონლობას ხელს ისიც უწყობს, რომ ქვეყნიდან წასული ადამიანების ნაწილი სხვა ქვეყანაში არალეგალურად მიდის და რჩება. საინტერესოა, რომ 1989 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობა იყო 5 400 000, 2002 წლისთვის კი მოსახლეობის რაოდენობა მილიონ ასი ათასით შემცირდა. თუმცა ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ იმავე ტენდენციის საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უცხოეთში ეძებს ცხოვრების უკეთეს პირობებს, ქვეყანას არ ემუქრება. თუმცა მოსახლეობის დაბერების ფაქტს ის არ უარყოფს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის:

„თუ ოფიციალურ სტატისტიკას ჩავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ დაბერების ფაქტი აშკარაა. პროცენტულად იზრდება ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა და მცირდება ბავშვების და ახალგაზრდების რიცხვი. თუმცა ეს ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ, ზოგადად, განვითარებადი ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, აღსანიშნავია მიგრაციის ფაქტორიც. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყანას ტოვებს. 90-იან წლებში საკმაოდ დიდი ნაკადი გავიდა ქვეყნიდან. არის ქვეყნები, რომლებიც იღებენ მიგრანტებს და, პირიქით, რომლებიც გასცემენ. საქართველო, სამწუხაროდ, მიგრანტების გამცემი ქვეყნააა“.
ზაზა ჭელიძე იმასაც შენიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, თუმცა 2005 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი გარდაცვალების მაჩვენებლებზე ყოველთვის მაღალი არ არის. ბოლო წლებში ბუნებრივი მატება 0,4 პროცენტია, რაც არ არის კარგი მაჩვენებელი.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ქვეყნის დემოგრაფიულ რეალობაზე საუბრისას უფრო კრიტიკულია. ის ამბობს, რომ ვითარება უმძიმესია და რომ საქართველოში ასე საგანგაშოდ საქმე მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ყოფილა:

გარკვეულწილად, როცა ქვეყანაში არის დემოგრაფიული პრობლემები, ერი რომ არ გაქრეს, კარგი იქნებოდა, რომ ახალგაზრდები მოვამზადოთ ოჯახური ცხოვრებისათვის“...
„მაგალითად, მაშინ მოსახლეობის ბუნებრივი მატება იყო 135 000, ხოლო ბოლო ხუთი და მეტი წელი რომ ავიღოთ, ბუნებრივი მატება იყო სადღაც 3-5 ათასი. განსაკუთრებით საშიშ ტენდენციად მიმაჩნია ის ამბავი, რომ შობადობამ იკლო ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მაგალითად, გურიაში შარშან 388 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, მცხეთა-მთიანეთში - 278 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება რაჭა-ლეჩხუმშია: 507 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და თუ ასე გაგრძელდა, რაჭა გაუკაცრიელდება“.

ანზორ თოთაძის ინფორმაციით, მატება შეინიშნება აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, თუმცა თუ უკვე არსებულ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, მომავალში შობადობის მატებას არ უნდა ველოდეთ. მაგალითად, 1980-1989 წლებში (ათწლიანი პერიოდი) საქართველოში 455 000 გოგონა დაიბადა, 2000-2009 წლებში - 236 000. როცა ეს გოგონები დედობის ასაკს მიაღწევენ, მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებ, ვიდრე 80-იან წლებში. ასე რომ, ანზორ თოთაძის აზრით, დღეს ჯერ ამ ნეგატიური ტენდენციის შეჩერებაა საჭირო და მის მიზეზებთან ბრძოლა და შემდეგ გამრავლებაზე ფიქრი. ანზორ თოთაძის თქმით, ომებმა, სოციალურმა ფონმა, მუდმივმა სტრესმა ერზეც იმოქმედა. მისი გაჯანსაღებისათვის სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლება, შესაძლოა, მხოლოდ ერთ-ერთი დამატებითი კომპონენტი იყოს:

„ერი მხოლოდ რაოდენობა არ არის. ერი არის ის, თუ როგორია მისი განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა... უმთავრესი მაინც ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა. ისე არ უნდა ხდებოდეს, ოჯახი რომ გააჩენს მეორე ან მესამე ბავშვს, ოჯახის ბიუჯეტი საერთოდ განადგურდეს. მე ზოგადად ძალიან შორს ვარ, რომ აგიტაციით ბავშვი დაიბადოს, მაგრამ, გარკვეულწილად, როცა ქვეყანაში არის დემოგრაფიული პრობლემები, ერი რომ არ გაქრეს, კარგი იქნებოდა, რომ ახალგაზრდები მოვამზადოთ ოჯახური ცხოვრებისათვის“.

24 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქის ინიციატივის შესახებ მხოლოდ ის თქვა, რომ სამინისტროსთვის ჯერჯერობით ეს ახალი ინიციატივაა და კონკრეტული არაფერია დაგეგმილი. საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა კი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, რომ პატრიარქის ინიციატივის მიზანია სკოლის დამამთავრებელ კლასებში გაჩნდეს დისციპლინა ოჯახური ცხოვრების თავისებურებების შესახებ. კერძოდ, „თუ როგორ უნდა ხდებოდეს ოჯახში მამაკაცისა და ქალის როლისა და ადგილის განსაზღვრა“.
„სასურველი იქნებოდა, დამამთავრებელ კლასებში ასწავლიდნენ ჰიგიენას, რადგან იგი თანაცხოვრებაში ერთ-ერთი განმსაზღვრლი ფაქტორია; ერთმანეთთან ურთიერთობას, პატიებას, მიტევებას, კლასში ერთად ყოფნისას მოქცევის წესებს, რათა შემდგომში - თუ ადრეულ ასაკში ბავშვი შექმნის ოჯახს - მას ჰქონდეს ელემენტარული განათლება. ეს არის პატრიარქის მხოლოდ სურვილი და მან თავისი აზრი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაწოდა. დანარჩენი მათ უნდა იფიქრონ", განუცხადა მიქაელ ბოტკოველმა საინფორმაციო სააგენტოს.

ახალი სასკოლო საგნის სავარაუდო შემოღების თაობაზე რადიო თავისუფლებამ აზრი სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორს ნათელა სახოკიასაც ჰკითხა. მისი თქმით, როცა სკოლაში რაიმე ახალი საგნის შემოღებაზე ვლაპარაკობთ, ამას უფრო ღრმა მეცნიერული კვლევა და დაგეგმვა სჭირდება და, რაც მთავარია, პასუხი კითხვაზე, თუ კონკრეტულად რას უნდა ემსახურებოდეს ამ საგნის სწავლება.
XS
SM
MD
LG