Accessibility links

logo-print

ახალი სახელები - თბილისის აეროპორტისა და მოედნებისათვის


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, თბილისის უბნებსა და მოედნებს სახელწოდებები შეეცვლება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას, “ვარდების მოედანს” - მერაბ კოსტავას სახელები დაერქმევა. „რიყის პარკს“ ამიერიდან “ევროპის პარკი” ეწოდება, “ევროპის მოედნის” ახალი სახელი კი “ასი ათასი მოწამის მოედანი” იქნება. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ამცნო და ისიც განმარტა, რომ „ ვარდების მოედნისათვის“ სახელის გადარქმევა კონკრეტული მოვლენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით ან სიძულვილით გამოწვეული არ არის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეფასებით კი, საკრებულომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

“ევროპის მოედნისათვის” “ასი ათასი ქართველი მოწამის” სახელის დარქმევა საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, ზაზა გაბუნიას ეკუთვნის. ის კახა კუკავასთან ერთად თანაავტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევის იდეისა, „რიყის პარკისათვის“ „ევროპის პარკის“ დარქმევის იდეა კი საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს ეკუთვნის. თბილისის მოედნებისათვის სახელების გადარქმევა, ზოგადად, უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. თავად ზაზა გაბუნია ქალაქის ტოპონიმიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილების სახელწოდებები დაკავშირებული უნდა იყოს ამ ქალაქის, მისი საზოგადოების ისტორიასთან - ასი ათასი ქართველის გმირობა კი, ამ მხრივ, უპრეცედენტო ამბავია, რომელიც მხოლოდ ისტორიის სახელძღვანელოში არ უნდა დარჩეს:

„ქრისტიანული იდეალებისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა - ისტორია გვეუბნება, რომ 100 000-მა ადამიანმა - გაწირა თავი მოწამებრივად. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ჩვენი წინაპრების ღვაწლი დავაფასოთ და სწორედ მათი სახელი დავარქვათ ამ მოედანს“.

თუმცა ზაზა გაბუნია ასევე ამბობს, რომ ტოპონიმიკა თანამედროვე ადამიანის მისწრაფებებსაც უნდა გამოხატავდეს. ისტორიასა და თანამედროვეობას შორის ბალანსის დაცვად აფასებს ის „რიყის პარკისათვის“ „ევროპის პარკის“ დარქმევის გადაწყვეტილებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თაობაზე კი ამბობს:

ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას - სიძულვილი და რევანშიზმი, სხვა არაფერი. 2003-2012 წლების ისტორიიდან წაშლის მცდელობაა...
„აეროპორტს არაფერი არ ჰქვია. ბილეთს რომ დახედავ, აწერია „ნოვაია ალექსეევკა“. ეს არ არის სასურველი და სწორი. იქ ახლოს იყო დასახლება ასეთი სახელით და ასეც შევიდა ცნობარში. ჩვენ კი აეროპორტს ვარქმევთ პირველი პრეზიდენტის სახელს“.

ის, რაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობისთვის კონკრეტული ადგილებისათვის მხოლოდ სახელების სამართლიანად გადარქმევაა, ისტორიის წაშლის ტოლფასია „ნაციონალური მოძრაობის წევრებისათვის“. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილისათვის ეს გადაწყვეტილება სიძულვილსა და რევანშიზმს უკავშირდება:

„ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას - სიძულვილი და რევანშიზმი, სხვა არაფერი. 2003-2012 წლების ისტორიიდან წაშლის მცდელობაა. ეს არის პატარა ადამიანების პატარა ბოღმების გამოვლინება. ცოტა ხანი გავა და ეს ყველაფერი შეიცვლება“.

ზაზა გაბუნია კი პასუხად ამბობს, რომ საკრებულოს არა აქვს საკითხის მიმართ ბოლშევიკური დამოკიდებულება. ისინი არ ფიქრობენ, რომ სახელის გადარქმევით თუ გადაფხეკით ისტორიას გააქრობენ:

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი პრიმიტიული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სახელი, რომელიც უკავშირდება ვიწრო ჯგუფს და არის პარტიული შინაარსის მხოლოდ, ასეთი სახელები მნიშვნელოვან ადგილებს არ უნდა ერქვას, მნიშვნელობა არა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ის თუ სხვა პოლიტიკურ ძალას. არც ვარდების რევოლუციის სახელი უნდა დარქმეოდა იმ ადგილს, ეს შეცდომა იყო. არც ზვიად გამსახურდია და არც მერაბ კოსტავა არ შეიძლება მოვიაზროთ პარტიულ ფიგურებად, ისინი ეროვნული გმირები იყვნენ, გამსახურდია - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მერაბ კოსტავა - ეროვნული გმირი“.

არსებობს სახელდების კომისია საკრებულოში. საზოგადოება, მთელი ქალაქი - მათ უნდა მოეთათბირო, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მათი აზრი მოისმინო. ასეთი რამეები არ შეიძლება მხოლოდ საკრებულოს წევრების გადასაწყვეტი იყოს...
„თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ურბანული ტოპონიმიკის შეცვლა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი - ჯერ ერთმა ხელისუფლებამ გადაარქვას სახელები ქუჩებსა და მოედნებს, შემდეგ მომდევნომ და ასე დაუსრულებლად. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, აჩენს მოლოდინს, რომ ყველა ახალმა ხელისუფლებამ რაღაც უნდა შეცვალოს:

„არსებობს სახელდების კომისია საკრებულოში. საზოგადოება, მთელი ქალაქი - მათ უნდა მოეთათბირო, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მათი აზრი მოისმინო. ასეთი რამეები არ შეიძლება მხოლოდ საკრებულოს წევრების გადასაწყვეტი იყოს“.

ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ ყველა მოვლენას თუ ადამიანს დრო აფასებს. სწორედ დროა საუკეთესო გამომცდელი, რომელიც ადგენს, უნდა დაერქვას თუ არა ამა თუ იმ ადგილს კონკრეტული სახელი:

„თუ მოვლენამ გაუძლო დროს, თუ კონკრეტული პიროვნების სახელმა გაუძლო დროს და შემდგომმა თაობებმა გაუძლეს ამ ადამიანის თუ მოვლენის ფასეულობას, მაშინ შეიძლება ამ სახელების დარქმევა“.

თბილისის აეროპორტისა და მოედნებისათვის სახელების გადარქმევის თაობაზე აზრი მოქალაქეებსაც ვკითხეთ. აი, როგორია მათი პასუხები:
„ვარდების რევოლუციის მოედნისათვის რაღად უნდოდათ სახელის შეცვლა? ეტყობა, მიშას სახელი რასაც ჰქვია, ყველაფერს შეცვლიან“.

„ანუ რა გამოდის, რომ რამდენი ხელისუფლებაც მოვა, ყველამ ყველაფერს სახელები უნდა უცვალოს? ეგრე ხომ დააბნევენ ყველას“.

„ხშირი ცვლილება კარგი არ არის. აი, კახეთის გზატკეცილზე მელაანის ქუჩას რომ შეუცვალეს სახელი და ბუშის ქუჩა დაარქვეს, ეგ ძალიან მეწყინა“.
„ძალიან კარგი იქნება „ასი ათასი წამებულის“ სახელი თუ დაერქმევა, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და ახალგაზრდობასაც ეცოდინება ჩვენი ისტორია, ვინ ვინ იყო, იგივე მერაბ კოსტავას სახელი... თანამედროვეობასთან ერთად ჩვენი ისტორიაც არ უნდა დავივიწყოთ“.

საკრებულომ ამ ინიციატივას 19 აგვისტოს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი. მანამდე, როგორც ზაზა გაბუნია ამბობს, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანო ოდეების მისაღებად ღიაა, თუმცა იდეის ავტორმა უნდა დაასაბუთოს რატომ სჯობს მისი ვარიანტი საკრებულოს მიერ შემოთავაზებულს. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერენ თუ არა წარმოდგენილ სახელდებებს მხარს უმცირესობის წევრები, თუმცა ინიციატივის გაცნობისას მათ, ზაზა გაბუნიას თქმით, წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ.
XS
SM
MD
LG