Accessibility links

logo-print

ახალი სასწავლო წელი - განახლებული და გასარემონტებელი სკოლებით


ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი

საქართველოს 20 სკოლაში, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალი სასწავლო წლის დაწყება გადაიდო. განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ზოგ სკოლაში სწავლა ორი დღით, ზოგან კი მაქსიმუმ ორი კვირით დაგვიანდება. ჯეჯელავამ განაცხადა ასევე, რომ ამ 20 სკოლიდან 13-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინვესტიციის ფარგლებში მიმდინარეობდა და შესრულებული სამუშაო ჯერ შესაბამისმა კომისიამ უნდა შეაფასოს. გაცდენილი გაკვეთილები, მინისტრის თქმით, შაბათ დღეს სწავლის ხარჯზე აუნაზღაურდებათ. წელს საჯარო სკოლებში მთელ საქართველოში 53 540 პირველკლასელი წავიდა, სულ კი ქვეყანაში 509 120 მოსწავლეა.

12 წლის ნატა 15 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, სკოლაში არ წასულა - გლდანში, 160-ე სკოლაში, სკოლის რემონტი ჯერ არ დასრულებულა და, როგორც ნატას და მის თანაკლასელებს პედაგოგებმა უთხრეს, სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება. ნატას და მის კლასელებს უკვე დაურიგეს წიგნები - მას მხოლოდ ერთი ახალი წიგნი შეხვდა, ისტორიის, დანარჩენი ყველა მეორადი წიგნია.

სასწავლო პროცესის დაწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს კიდევ 20 სკოლაში გადაიდო. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც 15 სექტემბერს დილიდან რამდენიმე სკოლას ესტუმრა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ, წინა წლებთან შედარებით, რეკორდულად დაბალია იმ სკოლების რაოდენობა, სადაც რემონტის დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ მოესწრო:

ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა

„მხოლოდ 20 სკოლაა, სადაც დღეს არ დაიწყო სწავლა. ზოგან ორი დღით გადაიდო პროცესი, სარემონტო სამუშაოების გამო, ზოგან - ერთი კვირით. ამ ოციდან 13 სკოლა ჩვენი ამერიკელი მეგობრების აშენებულია. არაჩვეულებრივი სკოლებია, მაგრამ ძალიან მაღალი სტანდარტებია მიღება-ჩაბარებისა მისი რეაბილიტაციის შემდეგ და სანამ ამერიკული კომისია არ ჩაიბარებს ამ სკოლებს, ვერ ვიწყებთ სწავლას, თუმცა არც ერთ მოსწავლეს არც ერთი საათი არ დაეკარგება, რადგან შაბათების ხარჯზე მოხდება გაცდენილი გაკვეთილების კომპენსაცია“.

როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, სკოლების ნაწილში სწავლის გარკვეული დროით გადადება გართულებულ ტენდერებს უკავშირდება - ზოგან ტენდერი ჩაიშალა და კონკურსის გამოცხადება თავიდან გახდა საჭირო. რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ნახსენებ ამერიკელების დახმარებას, სკოლების სარემონტო სამუშაოები აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინვესტიციის ფარგლებში მიმდინარეობს და, როგორც ცნობილია, 149-მილიონიანი გრანტიდან 60 მილიონი დოლარი მხოლოდ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის იხარჯება. სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2019 წელს დასრულდება. სულ კი, საბოლოო ჯამში, 100 სკოლას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია.

მინისტრის განცხადებით, ძალიან ბევრ სკოლაში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ამას ვერ იტყვის პირველკლასელი ელენეს დედა, ნინო ტლაშაძე, რომელმაც 15 სექტემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აღწერა, თუ რა სურათი დახვდა მას თემქის რაიონში მდებარე 138-ე სკოლაში, სადაც შვილი პირველად მიიყვანა. ნინო ძალიან ნანობს, რომ სკოლა წინასწარ კარგად არ დაათვალიერა. ამბობს, ვერც ვიფიქრებდი, თუ შენობის შიგნით ასეთი სურათი დამხვდებოდაო:

ხელშეკრულების ყველა პუნქტზე ვმუშაობთ ძალიან დეტალურად, რადგან სწორედ ერთი კონკრეტული პუნქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ წარსულში დაირღვა სახელმძღვანელოების გამომცემელთა საავტორო და ინტელექტუალური უფლება...

„სკოლის ფასადი არის საშინელი, ჩამონგრეული და, ალბათ, სკოლის შემდეგ არც გალესილა ეგ შენობა. კიბეები ისეთ მდგომარეობაშია, თუ ბავშვი ფრთხილად არ ავიდა, შეიძლება თავ-პირი დაიმტვრიოს. დერეფანში პარკეტია დაგებული, მაგრამ შიგადაშიგ ამოვარდნილი და ღრმულებია და იქაც, ერთი რომ გაირბინოს პირველკლასელმა, დიდი შანსია დაეცეს. დერეფანში დგას საპირფარეშოს აუტანელი სუნი და ამის გამო იქ შესვლა საერთოდ ავუკრძალე ჩემს შვილს“.

ნინო ტლაშაძე ფიქრობს, რომ შეიძლება ეს უყურადღებობა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ეს სკოლა დგას გარეუბანში და არ მიეკუთვნება ე.წ. პრესტიჟულ სკოლებს. ნინო ტლაშაძე პასუხისმგებლობას მთლიანად განათლების სამინისტროს აკისრებს და მისგან რეაგირებას მოითხოვს:

„21-ე საუკუნეში, როდესაც განათლების სამინისტროს აქვს პრეტენზიები რეფორმების გატარებასა და ხარისხის ამაღლებაზე, არ უნდა არსებობდეს ასეთი დიფერენცირება დედაქალაქის სკოლებს შორის იმის მიხედვით, ეს სკოლა ცენტრში დგას თუ გარეუბანში! ყველა ვერ ივლის 55-ე ან 51-ე სკოლაში. ყველას ამის არც ფინანსური საშუალება აქვს, არც იქ ცხოვრობს და ა. შ. გარეუბანში მცხოვრებ ბავშვს, სოფელში მცხოვრებს თუ ქალაქის ცენტრში, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარ გარემოში სწავლის მიღების უფლება“.

ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი

​რაც შეეხება სახელმძღვანელოების საკითხს, წელს წიგნები ისევ უფასოდ მიიღეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. განათლების მინისტრის განცხადებით, შერეულ კომპლექტში 30 % ახალი, ხოლო, დაახლოებით, 70 % მეორადი, 2-3 წლის წიგნი იქნება. ძალიან დაზიანებული წიგნები ხმარებიდან საერთოდ ამოღებულია. ჯეჯელავას თქმით, წიგნები, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც უფასო იქნება, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღება დისკუსიის შედეგად, თუ ვისთვის შეიძლება წიგნები იყოს უფასო და ვისთვის არა. განათლების მინისტრმა თქვა, რომ განახლდა მოლაპარაკებები გამომცემლობებთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის სასიკეთოდ დასრულდება.

მოლაპარაკებების პოზიტიურ მუხტზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გვანცა ჯობავაც, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან გვითხრა, რომ წელს საკვანძო წელია, რადგან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოებს გასდით ვადა და, გრიფირების წესის თანახმად, საჭიროა ახალი წიგნების დაწერა და გამოცემა. როგორც ჩანს, ეს ფაქტიც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის 2013 წელს გაწყვეტილი მოლაპარაკება აღდგა:

„ამ ეტაპზე გრიფირების ახალ წესზე ვმუშაობთ, რადგან უნდა შეიქმნას ახალი სახელმძღვანელოები, გამოცხადდეს კონკურსი და გაფორმდეს ახალი ხელშეკრულებები განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის. ხელშეკრულების ყველა პუნქტზე ვმუშაობთ ძალიან დეტალურად, რადგან სწორედ ერთი კონკრეტული პუნქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ წარსულში დაირღვა სახელმძღვანელოების გამომცემელთა საავტორო და ინტელექტუალური უფლება“.

გვანცა ჯობავა ამბობს, რომ დღეს მთავარია ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები, რომ გამომცემლობებმა ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობა დაიწყონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG