Accessibility links

logo-print

შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია არ ჩაიცვან ”მორალისტი ინკვიზიტორისა” და ”წამებული დემოკრატის” მანტიები.

15 ოქტომბერს ახალი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ამასთან, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობდნენ: რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს, რა არის გამოსასწორებელი, როგორი იქნება დასავლური სამყაროს მხარდაჭერა და რამდენად ფხიზლად იმუშავებს მედია და არასამთავრობო სექტორი.

არჩევნების შემდგომ ეს იყო პირველი ასეთი გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც საკუთარი პოზიცია საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმაც დააფიქსირეს.

”მიზეზი, რომ პოლიტიკური თამაშის მონაწილეებსაც და მოქალაქეებსაც მადლობა გადავუხადოთ, ახლა უკვე გვაქვს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად აღვნიშნავდით, რომ არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესაძლებლობა იქნებოდა” - ამ სიტყვებით გახსნა
15 ოქტომბერს ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული წარმომადგენლობითი კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და კიდევ ერთხელ შენიშნა, რომ ეს გამოცდა საქართველომ წარმატებით ჩააბარა. თუმცა ახალი მთავრობა და მისი ოპოზიცია - უფრო დიდი გამოწვევებით, ვიდრე აქამდე - როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის კიდევ უფრო მეტი ყურადღების ქვეშ მოექცევა. როგორი იქნება პოლიტიკური გარემო დღეიდან, როცა არჩევნების შედეგები ცნობილია და ახალი მთავრობის დაკომპლექტება თითქმის დასრულებული? რას გააკეთებს ყველაზე ადრე ახალი უმრავლესობა და რა პოზიციას დაიკავებს უმცირესობაში გადასული ყოფილი მმართველი პარტია?

”ერთიანი ნაციონალური მოძრობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან ერთად, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, თქვა, რომ ემოციების დრო დასრულდა და ახლა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია პასუხისმგებლობით აღსავსე ურთიერთობაზე გადადის. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მთავრობის კრიტიკას და მათთვის ხელის შეშლას. ჩვენ არ ვიქნებით კრიჭაში ჩამდგარი ოპოზიცია, - თქვა გიორგი ბარამიძემ:
ვფიქრობთ, ბევრი ძალადობაა ჩადენილი წინა ხელისუფლების მიერ, ბევრი უსამართლობა, და ამის გამო არ უნდა გაგვექცეს ხელი რევანშისკენ ...

”როგორც ვაჩვენეთ, თუ როგორ უნდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და რეფორმების განხორციელება, - ჩვენს წილს ვგულისხმობ, - ისე შევეცდებით ვაჩვენოთ, რას ნიშნავს იყო კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ დავუპირისპირდებით ყველა იმ საკითხს, რომელსაც საზიანოდ მივიჩნევთ ქვეყნისთვის, მაგრამ ეს დაპირისპირება იქნება კანონის ჩარჩოებში, პარლამენტის შიგნით, ძალადობის გარეშე.”

თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმაც ილაპარაკა იმ რისკებზე, რომლებიც დგას როგორც ახალი ხელისუფლების, ისე ამჟამინდელი ოპოზიციის წინაშე. პირველს, მისი სიტყვებით, „მორალისტი ინკვიზიტორის“, მეორეს კი „წამებული დემოკრატის“ როლის მორგება უდგას საფრთხედ.

”ვფიქრობთ, ბევრი ძალადობაა ჩადენილი წინა ხელისუფლების მიერ, ბევრი უსამართლობა, და ამის გამო არ უნდა გაგვექცეს ხელი რევანშისკენ. ეს არ უნდა დავუშვათ. თუ ახალი ხელისუფლება არ შეეცდება, რომ გამოიკვლიოს და თავისი სახელი დაარქვას ბევრ რამეს, რაც მოხდა ამ ქვეყანაში, მაშინ გამოვა, რომ ტყუილად აურჩევია ხალხს ეს ახალი ხელისუფლება. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მიეცეს საშუალება მოისხას წამებული დემოკრატის მანტია, რომ თითქოს, დაიწყო ყველაფერი 2 იქტომბრიდან და როგორც ამ დღეს მოიქცა მმართველი ძალა და პრეზინდეტი, თითქოს ეს ხდებოდა წინა რვა თუ ცხრა წლის განმავლობაშიც.”

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

კონფერენციაზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების კითხვების უმრავლესობა სწორედ უსუფაშვილის მისამართით დაისვა. მაგალითად, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორს, ლაშა ტუღუშს, აინტერესებდა, რამდენად სწრაფად დაიწყება მედიასთან დაკავშირებული უკვე მომზადებული კანონპროექტების განხილვა, გადაიხედება თუ არა ქვეყნის მართვის კონსტიტუციური მოდელი. უსუფაშვილმა თქვა, რომ მოკლე პერიოდში ვერ გადაწყდება სიღარიბის და უმუშევრობის პრობლემა, მაგრამ აუცილებლად მოგვარდება ის საკითხები, რომელთა მოგვარებასაც მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდებოდა.

დავით უსუფაშვილმა მოსაზრებები საკუთრების უფლების დაცვისა და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიასგანაც მოისმინა:

”გვინდა ამ ხელისუფლებასაც შევახსენოთ, რომ საკუთრების უფლების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან 144 ქვეყნიდან საქართველო, საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, 131-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება კონკურენციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, 2006 წლიდან ქვეყნის ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ევროინტეგრაციის კურსი აიღო, როცა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტს მოაწერა ხელი, მაგრამ, ამავდროულად, ის საპირისპიროს აკეთებდა და სინგაპურისკენ მიდიოდა. გაუქმდა მაშინდელი ანტიმონოპოლიური სამსახური და შესაბამისი კანონმდებლობა, რამაც ძალიან ბევრი მონოპოლისტი და ოლიგოპოლისტი გააჩინა ადგილობრივ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოსწორდეს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ და ჩამოყალიბდეს რეალურად მოქმედი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.”
დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის, იყო და მომავალშიც იქნება ძალიან სერიოზული. დროდადრო ჩვენ საკმაოდ მაღალი მოთხოვნები გვქონდა, მაგრამ ისინი კიდევ უფრო გაიზრდება ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა ფორმულას "უფრო მეტი", და იმედი გამოთქვა, რომ მიზეზები ამ ფორმულის მომავალში გამოყენებისთვის კიდევ უფრო მოიმატებს. მისი სიტყვებით, შესამჩნევია საქართველოს პროგრესი დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით და იქნება პროგრესი ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზეც.

”დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის, იყო და მომავალშიც იქნება ძალიან სერიოზული. დროდადრო ჩვენ საკმაოდ მაღალი მოთხოვნები გვქონდა, მაგრამ ისინი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსავ შეუძლია მიუახლოვდეს ევროკავშირს და მიაღწიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციას. ევროკავშირის ეს დამოკიდებულება პერმანენტულია და იმასვე ველით საქართველოსგანაც.”

დიმიტროვის სიტყვებით, საქართველოსთან მიმართებით ყალიბდება ახალი სქემა, რომელიც 2014-დან 2020 წლამდე ურთიერთობის გეგმას განსაზღვრავს. აქ იგულისხმება საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაგრძელებაც, რომლის ნაწილიც ბიუჯეტის გაძლიერებას დაეთმობა, ნაწილიც კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ევროკავშირის ინტერესები უცვლელია საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის, ციხის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური პროექტების განხორციელების კუთხითაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა თავისი გამოსვლისას შენიშნა, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც დრამატული, თუმცა მშვიდობიანი ცვლილების დღე, რომელიც კონკურენტულ არჩევნებს მოჰყვა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი მაღალპროფესიულად მოხდება.

”საქართველო ბედნიერია, ძალიან ბედნიერი იმით, რომ ასეთი პატრიოტები ჰყავს - ლიდერები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და მზად არიან, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების სხვაობისა, საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებისთვის ერთად იმოქმედონ”, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა:

”სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესებში მართლაც გადამწყვეტი იყო. სწორედ მათი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგად მოხერხდა საარჩევნო რეფორმის გატარება, მედიაზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის მიღწევა. ვიმედოვნებ, ამ როლის შესრულებას კვლავაც გააგრძელებთ, რადგან ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ვოჩდოგები უზრუნველყოფენ ბალანსის შენარჩუნებას ძალაუფლებასა და სამართლიანობას შორის. თუმცა მაქსიმალური ეფექტურობისათვის მათ უნდა მოახერხონ დარჩნენ ნეიტრალურები და დამოუკიდებლები. მთავრობა, თავის მხრივ, ღია უნდა იყოს სამოქალქო სექტორისათვის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო სექტორი არ ზრუნავს მხოლოდ საკანონმდებლო სფეროს დახვეწაზე, ის ნამდვილ ადამიანებს მოიაზრებს, მათ, ვინც ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე, რადგან ისინი დედაქალაქიდან მოშორებულ რომელიმე პატარა სოფელში ცხოვრობენ, ან შეზღუდული შესაძლებლობების არიან, ან რომელიმე ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან, ან აქვთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, ან ოჯახში ძალადობისა თუ ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ... სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეახსენოს მთავრობას, რომ მათი ყველა ქმედება ამ ადამიანების ცხოვრებაზე აისახება და უნდ დაიცვან თითოეული ადამიანის უფლება. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გარდამავალ პერიოდში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG