Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზარტული თამაშების ბაზარი საქართველოში


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩაატარა კვლევა აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ საქართველოში. ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა აზარტული თამაშების ბაზრის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და ამ ბაზრის ზრდის ტენდენციები. აზარტული თამაშების ბიზნესის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ამ სექტორის ბრუნვამ 3.2- ჯერ გადააჭარბა წინა წლის ბრუნვას, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს.

2012-2013 წლებში აზარტული თამაშების სექტორში კიდევ უფრო მასობრივი ზრდა დაფიქსირდა და წლიურმა ბრუნვამ 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებელმა 105.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1.4%-ია. ზრდის ტენდეციის მიუხედავად, უკვე არსებულ პირველად შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ვარაუდობს, რომ 2014 წელს ზრდა შეწყდება. პირველ ორ კვარტალში ზრდამ მხოლოდ 338.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2013 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იყო 5 046 ადამიანი, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 0.3% შეადგენს.

2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 213 სხვადასხვა ტიპის აზარტული თამაშების ნებართვა იყო მოქმედი, მათგან ყველაზე მეტი - 93 ტოტალიზატორის, 55 სათამაშო აპარატების სალონის. არსებული მდგომარეობით, ბაზარზე არის 94 მოქმედი საწარმო. აქედან 32 მსხვილი საწარმოა. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, მაშინ როდესაც სათამაშო ბიზნესში საქმიანობის ახალი ნებართვების გაცემა წლიდან წლამდე მცირდება. ეს ტენდენცია ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. არსებული კანონით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, განაკვეთები დიფერენცირებულია სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით. ასე მაგალითად, თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში მოსაკრებელი შეადგენს 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით, თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1 500-3 000 ლარის ჩათვლით.

ზოგადად, აზარტული თამაშების სექტორის პოტენციალი აშკარა გახლავთ და ამ სექტორთან დაკავშირებული ბოლო წლების მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ მომსახურებაზე საქართველოში არის მოთხოვნა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წელს მსოფლიოში აზარტული თამაშების მთლიანმა წმინდა მოგებამ 352 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს მონაცემი 2003 წლიდან თითქმის სულ იზრდებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გეგმავს კვლევა მომავალშიც გაგრძელდეს. მეორე ანგარიში შეეხება ორგანიზაციის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვის შედეგებს და ამ სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს. მეორე ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იქნება ევროპული ქვეყნების გამოცდილება და კონკრეტული რეკომენდაციები.

XS
SM
MD
LG