Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ არ აპირებს მიტინგის დაშლის „ქართული გამოცდილების“ გაზიარებას


გასულ კვირაში, როდესაც აზერბაიჯანის პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების აქციას არბევდა, სამართალდამცველებმა, როგორც იუწყებიან, ქუჩებში პირველად გამოიყვანეს დემონსტრაციის დასაშლელი სპეციალური შეიარაღება. ყველაზე დიდი ხმაური სწორედ იმას მოჰყვა, რომ აზერბაიჯანის პოლიციას ხელთ აღმოაჩნდა აშშ-ში წარმოებული შორ მანძილზე მოქმედი აკუსტიკური შეიარაღება, რაც, როგორც ამბობენ, სამხრეთ კავკასიაში მომიტინგეთა დასაშლელად პირველად საქართველოში გამოიყენეს.

გასულ შაბათ-კვირას, ვიდრე აზერბაიჯანელი აქტივისტები ჯარისკაცების მიმართ ბოლო ხანს გახშირებული ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად ბაქოს ქუჩებში გავიდოდნენ, ბლოგერმა ჰაბიბ მონტეზირმა სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი მესიჯი გაავრცელა: „საპროტესტო აქციის ჩასაშლელად შეიძლება გამოიყენონ საშინელი ზემოქმედების აკუსტიკური იარაღი. ამიტომ თან იქონიეთ ბამბა ან ყურსაცობებიო“.

ბლოგერს მხედველობაში ჰქონდა შორ მანძილზე მოქმედი აკუსტიკური შეიარაღება, ორიგინალური სახელწოდებით LRAD, - არალეტალური იარაღი, რომელსაც დემონსტრაციების დასაშლელად იყენებენ დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში, სადაც ის იწარმოება. თუმცა 10 მარტს აზერბაიჯანის პოლიციას არ დასჭირდა აკუსტიკური შეიარაღების გამოყენება, რადგან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლითაც იოლად დაშალეს არცთუ ისე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია.

ვაშინგტონის მხრიდან აზერბაიჯანისათვის ასეთი შეიარაღების გადაცემის ფაქტმა აღაშფოთა უფლებადამცველები, რომლებსაც მხედველობაში აქვთ ის გარემოება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხშირად აკრიტიკებს ილჰამ ალიევის ხელისუფლებას, თუმცა ვერ ახერხებს მასზე ეფექტურ ზემოქმედებას, რათა შეწყდეს ქვეყანაში ოპონენტების, მედიისა და უფლებადამცველების დევნა-შევიწროება. ნატალია ნოზაძე, „ამნესტი იტერნეიშენალის“ ანალიტიკოსი, ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ:

„ევროპის კავშირის, აშშ-ისა და სხვა გლობალური მოთამაშეების პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ ძირითადად ორი მოსაზრებით აიხსნება: ესაა ეკონომიკური ინტერესები, რასაც აზერბაიჯანის მდიდარი რესურსები განაპირობებს, და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც უფლებების დარღვევას ხშირად არ ენიჭება შესაბამისი მნიშვნელობა, - ესაა აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც, ავად თუ კარგად, რეგიონის სტაბილურობას უზრუნველყოფს“.
ორი ტიპის დანადგარი იყო, რომელიც აკუსტიკურ დიაპაზონში მუშაობდა. ისინი დამაგრებული იყო „ჰაი-ლუქსის პიკაპებზე“ ზემოდან და მიჰყვებოდა იმ პოლიციის ქვედანაყოფებს, რომლებიც კი არ შლიდნენ, არამედ რეალურად არბევდნენ მომიტინგეებს...

ბაქოელი უფლებადამცველები უფრო შორს მიდიან და ფიქრობენ, რომ მომავალში, როდესაც საპროტესტო აქციები ქვეყანაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაძლიერდება, აზერბაიჯანის ხელისუფლება უარს არ იტყვის დემონსტრაციის დასაშლელად შეძენილი აკუსტიკური შეიარაღების გამოყენებაზე. ალი ჰასანოვმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე განაცხადა, რომ „უკანონო და არასანქცირებული მიტინგი შემდგომშიც იქნება დაშლილი“.

თანაც, აკუსტიკური შეიარაღების გამოყენების ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი სამხრეთ კავკასიაში. თბილისის ქუჩებში 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დასაშლელად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილებმა, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, გამოიყენა პოლიციის ორ „პიკაპზე“ დამონტაჟებული აკუსტიკური შეიარაღება LRAD, რაც, როგორც ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამ ტიპის სპეცდანიშნულების იარაღის გამოყენების პირველი ფაქტი იყო:

„ორი ტიპის დანადგარი იყო, რომელიც აკუსტიკურ დიაპაზონში მუშაობდა. ისინი დამაგრებული იყო „ჰაი-ლუქსის პიკაპებზე“ ზემოდან და მიჰყვებოდა იმ პოლიციის ქვედანაყოფებს, რომლებიც კი არ შლიდნენ, არამედ რეალურად არბევდნენ მომიტინგეებს. გააჩნია, რა სიძლიერეზე იყო ჩართული, ეს ცოტა სხვა საქმეა. მე მგონი, ბოლო სიძლიერეზე არ იყო ჩართული, თუმცა [აკუსტიკური იარაღიდან] ზემოქმედება განიცადეს არა მარტო მომიტინგეებმა, არამედ პოლიციელებმაც“.

შორ მანძილზე მოქმედი აკუსტიკური შეიარაღება ( LRAD) გარეგნულად სატელიტურ ანტენას ჰგავს და აკუსტიკურ დიაპაზონში ადამიანებს 150 დეციბელი სიძლიერის ხმით აზიანებს და გაცილებით დიდ ხმას გამოსცემს, ვიდრე რეაქტიული თვითმფრინავის ჩართული ძრავა. აკუსტიკური იარაღის მთელი სიმძლავრით ამოქმედებას შეუძლია ადამიანის დაყრუება. აშშ-ში შექმნილი აკუსტიკური იარაღი პირველად საჯაროდ 2009 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გამოჩნდა, როდესაც პოლიციამ „დიდი ოცეულის“ სამიტის წინააღმდეგ ანტიგლობალისტების დემონსტრაცია დაშალა.

მოგვიანებით, 2000 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა აკუსტიკური იარაღი კიდევ უფრო დახვეწა, იემენის ერთ-ერთ ნავსადგურში ტერორისტებმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რაკეტმზიდი USS Cole ააფეთქეს. გაუმჯობესებული აკუსტიკური შეიარაღება რამდენიმე ათასი კილოჰერცის დიაპაზონში ზემოქმედებს და მას არა მხოლოდ მოახლოებული ტერორისტების ყურთასმენის ჩასახშობად და მწყობრიდან გამოსაყვანად იყენებენ, არამედ აკუსტიკური მოწყობილობა ეფექტიანად გამოიყენება შორს მყოფი ადამიანებისათვის განგაშის სიგნალის გადასაცემადაც.

მოდიფიკაციის შემდეგ, შორ მანძილზე მოქმედ აკუსტიკურ შეიარაღებას, LRAD- ს, სამხედრო კატეგორია მიენიჭა და ამიტომ მისი შეძენა აშშ-ის სპეციალურ საექსპორტო ლიცენზიას საჭიროებს. ამჟამად აშშ-ში შექმნილ შორ მანძილზე მოქმედ აკუსტიკურ შეიარაღებას ფლობს 60 ქვეყანა, მათ შორის, აზერბაიჯანი, საქართველო და პოლონეთი.

აკუსტიკური შეიარაღება არ არის ლეტალური და მისი 130 დეციბელამდე სიმძლავრით გამოყენება ნებადართულია არასანქცირებულ მომიტინგეთა დასაშლელად. თუმცა იმის გამო, რომ ამ ტიპის შეიარაღებას სამხედრო კატეგორია მიანიჭეს, პოლიციის მიერ LRAD-ის გამოყენების გამო სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG