Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შემოსწყრა აზერბაიჯანელ „სინდისის პატიმარს“ მისივე ქომაგი


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აინულა ფატულაევი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აინულა ფატულაევი
ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელი“ აინულა ფატულაევს სინდისის პატიმარს უწოდებდა, როდესაც ჟურნალისტი მისი საქმიანობის გამო საპყრობილეში ჩააგდეს, ამჟამად კი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ წყვეტს კავშირს აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან.

აზერბაიჯანელ „სინდისის პატიმარს“ ერთ დროს მისი ქომაგი იმის გამო შემოსწყრა, რომ აინულა ფატულაევმა „ამნესტი ინტერნეშნელის“ სახელი იმ ღონისძიების ორგანიზებაში გამოიყენა, რომელშიც ის ჩართული არ ყოფილა. გასულ თვეში, როგორც „ამნესტი ინტერნეშნელი“ განმარტავს, ორგანიზაციამ უარი უთხრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მონაწილეობა მიეღო მის მიერ ჩაფიქრებულ იმ კვლევით პროექტში, რომელიც გერმანიაში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესწავლას შეეხებოდა და რომლის დაფინანსება ორგანიზაციისთვის არ იყო დამაჯერებელი. უარის თქმა კი ასე განმარტა „ამნესტი ინტერნეშნელის“ წარმომადგენელმა, ნატალია ნოზაძემ:

„ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული ფონდებისა და რესურსების წარმომავლობაში, იმაში, თუ ვინ აფინანსებდა ღონისძიებას და რა მიზნებს ემსახურებოდა იგი“.

მიუხედავად პროექტში მონაწილეობაზე უარისა, 21 იანვარს ბრიუსელში გამართულ სადილზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მის მომზადებაში „ამნესტი ინტერნეშნელიც“ მონაწილეობდა. არადა, 2007 წელს, როდესაც აინულა ფატულაევი ტერორიზმსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანში, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა მთავარმა ადვოკატმა, „ამნესტი ინტერნეშნელმა“, საერთაშორისო კამპანია წამოიწყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გასათავისუფლებლად, მას „სინდისის პატიმარი“ უწოდა და საფრთხეში მყოფი ადამიანის უფლებადამცველი ჟურნალისტის სპეციალური ჯილდოც მიანიჭა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნატალი ნოზაძის თქმით, „ამნესტი ინტერნეშნელი“ ყურადღებით ადევნებდა თვალს ამანულას საქმეს, მაგრამ არანაირი ოფიციალური თანამშრომლობა არ ჰქონია ჟურნალისტის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახალხო გაერთიანებასთან“.

აინულა ფატულაევი არ ღებულობს საყვედურს და „ამნესტი ინტერნეშნელის“ მხრიდან მის მიმართ შურისძიებაზე ლაპარაკობს იმ ანგარიშის გამო, რომელშიც გერმანიაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზეა საუბარი. საქმე ისაა, რომ ორგანიზაციის განცხადებაში მართლაც არის დადანაშაულებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელმაც ანგარიშში ისე წარმოადგინა საქმე, თითქოს, ადამიანის უფლებათა დარღვევის თავალსაზრისით, აზერბაიჯანსა და გერმანიაში ერთნაირი მდგომარეობა იყოს.

თუმცა აინულა ფატულაევი სხვაგვარად ფიქრობს:

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ისეთმა ცნობილმა ორგანიზაციამ, როგორიც „ამნესტი ინტერნეშნელია“, არ მომცა გერმანიის მონიტორინგის შესაძლებლობა. ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი დააკვირდეს და შეისწავლოს ვითარება გერმანიაში, აშშ-სა თუ სხვა რომელიმე ქვეყნაში, უნდა შეეძლოს ამის გაკეთება“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ამ კრიტიკის პასუხად, „ამნესტი ინტერნეშნელი“ აცხადებს, რომ ორგანიზაციას მრავალი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული გერმანიაში ადამიანის უფლებათა შელახვის თაობაზე, მაგრამ ფატულაევი არასწორად იქცევა, როცა ცდლობს ისე წარმოადგინოს სურათი, თითქოს ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევები გერმანიაში ისეთივე მძიმე და ისევე გავრცელებული იყოს, როგორც აზერბაიჯანში.

თუმცა უფლებადამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არ აპირებს უკან დაიხიოს. ჩემი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლას სამომავლოდ უკრაინაში, საფრანგეთსა და ბელორუსიაში გეგმავსო, - აცხადებს აინულა ფატულაევი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG