Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი: ჩამომართვეს ჩემი ადვოკატით სარგებლობის უფლება


აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს თავისი ადვოკატით სარგებლობის უფლება.

29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ბაქოს წინასწარი დაკავების საპატიმროდანაა გაგზავნილი, იუნუსი წერს, რომ მის ადვოკატს, ჯავად ჯავადოვს, აუკრძალეს სასამართლოში მისი ინტერესების დაცვა.

იუნუსის თანახმად, ეს მოხდა პარიზში გამართული იმ შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გაუზიარა შეშფოთება იუნუსის საქმის გარშემო. ალიევისა და ოლანდის შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართა პარიზში.

იუნუსის ქალიშვილმა, დინარა იუნუსოვამ, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, გასულ კვირაში განაცხადა, რომ მან მოუწოდა ოლანდს ალიევისთვის მისი მშობლების გათავისუფლება ეთხოვა.

აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს იუნუსის ადვოკატის თაობაზე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მაგრამ თავად ადვოკატმა ჯავადოვმა ფეისბუქით დაწერა, რომ ის პოლიციამ 29 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხა იუნუსის საქმეზე.

58 წლის ლეილა იუნუსი მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, ააშკარავებდა ოფიციალურ სტრუქტურებში დაბუდებულ კორუფციას და სათავეში ედგა არაერთ კამპანიას, მათ შორის იმ მოქალაქეების დასაცავად, ვისაც საცხოვრებელი სახლები სახელმწიფომ წაართვა.

იუნუსის დაურეგისტრირებელი ორგანიზაცია, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“, ბაქოში აქტიურად მონაწილეობდა სახალხო დიპლომატიაში უფლებადამცველებთან მეზობელ სომხეთში, რომელსაც აზერბაიჯანთან უკვე ორ ათწლეულზე მეტია კონფლიქტი აქვს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო.

ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე, 59 წლის არიფ იუნუსი, დააპატიმრეს ივლისში და აგვისტოში, შესაბამისად. მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო ღალატში, სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, უკანონო ბიზნესაქტივობასა და საბუთების გაყალბებაში.

წყვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დასავლეთის მთავრობები და აქტივისტები გამოდიან უფლებადამცველი წყვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით.

ორი კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის დააპატიმრეს. დეპარტამენტის განცხადებით, პირველ რიგში ის ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, იუნუსისა და მისი ქმრის ჩათვლით.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ მაშინ განაცხადა, იუნუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, მაგრამ მას არ მკურნალობენო.

წელს ლეილა იუნუსი ერთ-ერთი კანდიდატი იყო აზრის თავისუფლების სახაროვის პრემიისა, თუმცა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტების, ანუ პარლამენტის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელების, გადაწყვეტილებით, პრემია წელს სხვა უფლებადამცველს ერგო - კონგოელ ექიმს, დენის მუკვეგეს, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის იბრძვის. მაგრამ 21 ოქტომბერს, პრემიის შედეგების გამოცხადებისას, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა იუნუსის თაობაზეც ისაუბრა, „შორტლისტში“ მოხვედრილ სხვა კანდიდატებთან ერთად:

„პრეზიდენტთა კონფერენციამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ მიავლინოს დელეგაცია აზერბაიჯანში. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ევროპის პარლამენტში შემავალი ყველა ჯგუფის წარმომადგენელი. ჯგუფი შეხვდება და მხარდაჭერას გამოუცხადებს ქალბატონ [ლეილა] იუნუსს მის ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

ამავე დროს, უფლებადამცველი ქალების საერთაშორისო კოალიციამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ იუნუსი წარადგინა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე, 2015 წელს.

იმავე დღეს ბაქოში სასამართლომ იუნუსს 28 თებერვლამდე გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა თავისი მამა, ვეტერანი ლიდერი ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევი კრიტიკოსების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს.

დასავლეთის ქვეყნები ალიევის მთავრობას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო, მაგრამ პარალელურად ახლო კავშირებს ავითარებენ ამ ენერგიის მაწარმოებელ სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს და, ამასთან, აკისრია ფუნქცია რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირების პროცესში.

XS
SM
MD
LG