Accessibility links

აზერბაიჯანში დააპატიმრეს უშიშროების სამსახურის შვიდი თანამშრომელი


აზერბაიჯანში ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს უშიშროების სამსახურის შვიდი თანამშრომელი. ეს ცნობა დღეს გაავრცელა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ. მისი განცხადების თანახმად, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ბიზნესკომპანიების საქმიანობაში „უკანონო ჩარევაში“.

ამ რამდენიმე დღის წინ, 17 ოქტომბერს, აზერბაიჯანში მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან დაითხოვა სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მათთვისაც კი მოულოდნელი გამოდგა, ვინც კარგად იცნობს აზერბაიჯანის პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსებს. საქმე ის გახლავთ, რომ 59 წლის მაჰმუდოვი, რომელიც უშიშროების მინისტრის პოსტზე 2004 წლიდან მუშაობდა, ილჰამ ალიევის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ და მის პირად მეგობრადაც კი ითვლებოდა. მითქმა-მოთქმისა და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველს კიდევ უფრო ზრდის ისიც, რომ მაჰმუდოვის მოხსნის მიზეზზე ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა. მეტად ლაკონიურია თანამდებობიდან მისი გათავისუფლების განკარგულებაც: „ვხელმძღვანელობ რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, ვბრძანებ: გათავისუფლებულ იქნეს ელდარ აჰმედ ოღლუ მაჰმუდოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან. ქალაქი ბაქო, 2015 წლის 17 ოქტომბერი.“

ცხადია, დავინტერესდით, რა წერია აზერბაიჯანის კონსტიტუციის 109-ე მუხლის მეხუთე პუნქტში. როგორც გაირკვა, 109-ე მუხლი აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, ხოლო ამ მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს. ანუ, მაჰმუდოვის გათავისუფლების მიზეზზე ეს მუხლი არაფერს გვეუბნება.

ფრანს პრესის სააგენტოს მოჰყავს აზერბაიჯანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ისა გამბარის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მაჰმუდოვის ამგვარად მოხსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს: აზერბაიჯანში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას საუბარიც კი ზედმეტია გამჭვირვალობაზე.

თუ უშიშროების მინისტრის მოხსნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა, სამშაბათს გავრცელებულმა ცნობამ ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა დაკავების შესახებ უკვე ცოტა ვინმე თუ გააკვირვა. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ვინაობა. ასევე არავინ იცის, არის თუ არა მათ შორის უშიშროების აწ უკვე ყოფილი მინისტრი. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ელდარ სულთანოვის განმარტებაც არაფრისმთქმელი იყო:

„დაპატიმრებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შვიდი თანამშრომელი. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება.“

მოგვიანებით ელდარ სულთანოვმა დასძინა, რომ სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელი მუშაკები პირადი გამდიდრების მიზნით უკანონოდ ერეოდნენ კომპანიების სამეწარმეო საქმიანობაში და არღვევდნენ ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებს. დაკავებულთა მიმართ გენერალურმა პროკურატურამ აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.

სამშაბათსვე ბაქოში გამოცხადდა, რომ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნულ იქნა მადათ გულიევი, რომელსაც მანამდე მაღალი თანამდებობა ეკავა იუსტიციის სამინისტროში. ამ საკადრო გადაწყვეტილებამ ზოგ ექსპერტს აფიქრებინა, რომ გულიევის წინამორბედი დაკავებულთა შორის არის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG