Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა დაპატიმრების ორდერი გასცა ევროპარლამენტის სამ წევრზე


ევროპარლამენტის წევრი იარომირ შტეტინა
ევროპარლამენტის წევრი იარომირ შტეტინა

ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი პოლიტიკოსი იარომირ შტეტინა აცხადებს, რომ მასზე და ევროპის პარლამენტის კიდევ ორ წევრზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაპატიმრების ორდერი გასცა მათი ვიზიტის გამო მთიან ყარაბაღში, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება სომეხი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.

ბაქოს აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ევროპარლამენტარები ყარაბაღში ჩავიდნენ 20 თებერვალს გამართული რეფერენდუმის გამო, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების შეფასებით, არაკანონიერია.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ 22 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, იმ პირთა შორის, რომლებზეც დაპატიმრების ორდერი გაიცა, ევროპარლამენტის წევრი, ჩეხეთის საპარლამენტო პარტია „ტოპ 09“-ის წარმომადგენელი იარომირ შტეტინაცაა, რომელსაც ბაქოს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ჯერ არ მიცდია, რომ მიმეღო ვინმესგან იურიდიული კონსულტაცია, რადგან მხოლოდ ახლახან, 22 თებერვალს, დავბრუნდი მთიანი-ყარაბაღიდან. ორშაბათს, 27 თებერვალს, მივფრინავ ბრიუსელში, სადაც კონსულტაციები მექნება ჩემს კოლეგებთან და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. ევროპარლამენტის რამდენიმე წამყვანი წევრი, ალბათ, ამზადებს განცხადებას აღნიშულ ინციდენტზე (აზერბაიჯანის მიერ გაცემული ორდერზე“.

სეპარატისტულ მთიან-ყარაბაღში 21 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და რეგიონისათვის ახალი სახელის, „არცახის“, მინიჭებას. რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა 87,6 %-მა მიიღო მონაწილეობა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკანონოდ გამოაცხადეს, თუმცა ევროპარლამენტის წევრმა ჩეხეთიდან, იარომირ შტეტინამ, ჩეხურ ტელეარხ „ჩტ-24“-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.

„რეფერენდუმი ჩატარდა მთიანი-ყარაბაღის ახალი კონსტიტუციის მისაღებად. რეფერენდუმი ჩატარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, რაც საპრეზიდენტო ძალაუფლების განმტკიცებას ითვალისწინებდა, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება აშშ-ის კონსტიტუციით. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, კენჭისყრის პროცესი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული“, განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა იარომირ შტეტინამ.

მის გარდა, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ძებნილთა სიაში შეიყვანა ევროპარლამენტის კიდევ ორი წევრი - ფრანკ ენგელი ლუქსემბურგიდან და საბერძნეთის წარმომადგენლი ელენი თეოქარუსი. როგორც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, გამოძიება დაიწყო იმ სომეხი, ესპანელი და ბრიტანელი არქეოლოგებისა და ბიოლოგების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონო გათხრებს აწარმოებდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა შეძლეს კონტროლის დამყარება ეთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის მთიანი-ყარაბაღის ტერიტორიაზე. კონფლიქტის შედეგად 30 ათასი კაცი დაიღუპა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG