Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიახ, მე ვარ ლეგენდა!“ - ნაწილი I


ბი ბი კინგი, 2012 წლის 11 ივლისი
ბი ბი კინგი, 2012 წლის 11 ივლისი

„...დიახ, მე ვარ ლეგენდა!“ – გასაკვირია და ეს სიტყვები ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თავმდაბალ მუსიკოსს, ბი ბი კინგს, ეკუთვნის - გიტარისტსა და მომღერალს, რომელსაც საკუთარ თავზე საუბარი და მსჯელობა დიდად გულზე არ ეხატებოდა. თუ როგორ მოუხდა ამის აღიარება, მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი ახლახან გარდაცვლილი არტისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვისაუბრებ.

ბი ბი კინგის ნამდვილი გვარ-სახელი რაილი ბი კინგია. 1925 წლის 16 სექტემბერს მისისიპის შტატის პატარა ქალაქ იტა ბენაში დაიბადა. უმამოდ იზრდებოდა. 10 წლის გახლდათ, როცა ბამბის პლანტაციებში დაიწყო მუშაობა. დღეში 75 ცენტს უხდიდნენ და თავი ძლივს გაჰქონდათ. რაც შეეხება მუსიკას, იმხანად ცნობილი გიტარისტების - ლონი ჯონსონის, ჩარლი კრისტიანისა და ჯანგო რეინჰარდტის - თაყვანისმცემელი გახლდათ. მათი ჩანაწერების წყალობით, ჯაზურ-ბლუზური ჰარმონიისა თუ ფრაზირების უნარებს სმენით ითვისებდა. საკუთარი ინსტრუმენტი კი, 12 წლის ასაკში, 15 დოლარად შეიძინა. „ქანთრი“ მელოდიების აწყობით ეუფლებოდა გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას. შემდეგ ომი დაიწყო და ჯარში გაიწვიეს. როგორც თავად იხსენებდა, ყაზარმებში ხშირად იმართებოდა კონცერტები და თვითნასწავლი მუსიკოსისათვის ეს პერიოდი მეტად სასარგებლო გამოდგა საშემსრულებლო ტექნიკის დასახვეწად. თუმცა პლანტაციების მდიდარმა მფლობელებმა, რომლებიც აფროამერიკელი მუშახელის სამხედრო სამსახურში გადინებას არ მიესალმებოდნენ, ჯარიდან უკან დააბრუნეს და ტრაქტორისტად აქციეს.

1943 წელს რაილი ბი კინგი ჯერ ქალაქ გრინვუდში, ხოლო შემდეგ მემფისში დასახლდა, სადაც ერთ-ერთი რადიოსადგურის წამყვანი გახდა. გიტარის უნიკალური ბგერის გამო სახელი მალევე გაითქვა. მსმენელმა მას „Beale Street Blues Boy“ („ბლუზის ბიჭი ბილ სთრითიდან“) შეარქვა, რომლის შემოკლებული ფორმაც, „B.B.“, სამუდამოდ იქცა არტისტის გვარ-სახელის განუყოფელ ნაწილად. ამ პერიოდში გაიცნო სახელოვანი მომღერალი და მულტიინსტრუმენტალისტი თი-ბოუნ უოკერი, ელექტრიფიცირებული ბლუზის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი. „როცა მას პირველად მოვუსმინე, მივხვდი, რომ ელექტროგიტარა უნდა მეყიდა. ამისათვის ქურდობაზეც კი წავიდოდი...“ - ბი ბი ასე იხსენებდა უოკერთან შეხვედრას, რომელმაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი და, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტული ხელწერაც.

1949 წელს, როცა ბი ბი კინგი არკაზასის შტატის ქალაქ ტვისტში მართავდა კონცერტებს, ერთი მეტად უჩვეულო ამბავი გადახდა თავს. საცეკვაო დარბაზში ორმა შეზარხოშებულმა მამაკაცმა იჩხუბა და არეულობისას მაზუთით სავსე კასრს ცეცხლი წაეკიდა. ალი მთელ დარბაზს მოედო. არტისტმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა სამშვიდობოს გასვლა, თუმცა 30-დოლარიანი ნახევრად აკუსტიკური „გიბსონის“ გიტარა სცენაზე დარჩა და ალმოდებულ შენობაში მის გამოსატანად დაბრუნდა. დაწვას გადარჩენილ საკრავს კი „ლუსილი“ დაარქვა, იმ ქალის სახელი, ვის გამოც ეს ამბავი დატრიალდა. ჰოდა, მას შემდეგ ყველა თავის ინსტრუმეტს ამ სახელით მოიხსენიებდა.

Three O'Clock Blues - ასე ერქვა ბი ბი კინგის პირველ ჰიტს, რომლის წყალობითაც არტისტის სახელი გასცდა ტენესის და მთელ ამერიკას მოედო. 13-კაციან ორკესტრთან ერთად თითქმის ყველა შტატი მოიარა, ბლუზურ სცენაზე ხანგრძლივი ტურნეებით იმკვიდრებდა თავს. 1956 წელს რეკორდული რაოდენობის კონცერტი გამართა - მსმენელის წინაშე 342-ჯერ წარდგა. ეს გახლდათ საშინლად დამღლელი, გადატვირთული მარათონი, რომელიც 50-იანი წლების დასაწყისიდან სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

ბი ბი კინგს ვოკალური პარტიების პარალელურად ინსტრუმენტული მეტყველება არ სჩვეოდა. მიზეზად არასაკმარის თეორიულ ცოდნასა და მუსიკალური წიგნიერების უქონლობას ასახელებდა. სამაგიეროდ, მსმენელს „ლუსილის“ სოლო პასაჟებით აღაფრთოვანებდა. გემო კი იმაში იყო, რომ დამცხრალ დელტურ ბლუზს ჯაზურ ინტონაციებს უთავსებდა და სმენის დამატკბობელი ვიბრატოებით აჯერებდა. თუმცა წარმატების მთავარი მიზეზი ბლუზთან ნოვაციური დამოკიდებულება გახლდათ. თუ აქამდე ხსენებული მუსიკალური ჟანრი უიღბლობასთან, ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან, ძალადობასა და იაფფასიან სექსუალურ ვნებებთან ასოცირდებოდა, ბი ბი კინგმა ბლუზს ერთგვარი რესპექტაბელურობა შესძინა - სიყვარულის, რომანტიზმის, ერთგულების თემები დაამკვიდრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG