Accessibility links

logo-print

5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს. მათ პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 ჯარისკაცი თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დაკრძალეს. ბაბუშერას ძმათა სასაფლაო, სადაც მათი ცხედრები აფხაზეთის ომის შემდეგ იყო დასაფლავებული, 2014 წელს გაიხსნა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მათი გადმოსვენება და იდენტიფიკაცია.

სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე მისულმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესი არ დასრულებულა და მომავალში სხვა დაღუპული ჯარისკაცების ვინაობაც დადგინდება:

„ისინი დღემდეც მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ. უბრალოდ, არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი და მათი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ მათი ხსოვნისთვის. დღეიდან ჩვენ გვეცოდინება, სად არიან ისინი დამარხულები“.

დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც:

„ჩვენი ვალია, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ“.

ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი გადაწდა 2014 წელს ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა. დღემდე სულ 31 ნეშტია იდენტიფიცირებული.

სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცების გადმოსვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენი ამოცანა არის, ის მიზანი, რომლისთვისაც ეს ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ, ჩვენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ, მივიყვანოთ ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ყველა მოქალაქე დაცულად იგრძნობს თავს“.

როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება სახელმწიფომ დაღუპულთა ოჯახებს გაუკეთოს:

„საკუთარი შვილები, საკუთარი ოჯახის წევრები დავუბრუნოთ... ის ადგილი მაინც არსებობდეს, სადაც ადამიანი მივა და პატივს მიაგებს, ემოციას გამოხატავს“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება, 2016 წლის ბოლომდე კი კიდევ 2 სამარხი გაიხსნება, რის შემდეგაც თბილისში 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG