Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაია: „ჩამოვედი, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო“


ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია

„მზად ვარ ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ფორმატის გამოძიებისათვის, რომ ნებისმიერ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელიც 5 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში. მანამდე კი გავრცელდა მისი მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: ”ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას”.

რადიო თავისუფლება: საღამო მშვიდობისა, ბატონო ბაჩო. ადასტურებთ ინფორმაციას, რომ თქვენ დღეს დაბრუნდით და თბილისში ხართ ?

ბაჩო ახალაია: კი, დღეს დავბრუნდი. ამწუთას ვარ ქუთაისში. უბრალოდ, თბილისში არ ვარ. თბილისში მივდივარ. ვიქნები ორ-სამ საათში.

რადიო თავისუფლება: თქვენ დაბრუნდით, მაგრამ მანამდე გავრცელდა თქვენი მიმართვა. არ ვიცი ქრონოლოგიურად რომელი უფრო ადრე იყო - თქვენი დაბრუნება თუ მიმართვა, მაგრამ დავიწყებ წერილის ბოლო აბზაციდან, სადაც აცხადებთ, რომ თქვენზე შეიძლება იყოს რაიმე პოლიტიკური დევნა, - აი ასეთ რამეს წერთ. ამწუთში გრძნობთ რაიმე დევნას?

ბაჩო ახალაია: არა, ახლა რა დევნას უნდა ვგრძნობდე, არაფერს. ამწუთში მოვდივარ და ჩვეულებრივად მივდივარ თბილისში. არაფერი განსაკუთრებული. ოღონდ ეგ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა კონტექსტში განვითარდა მოვლენები, ზოგადად, და რა ბრალდებები ტრიალებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. და გამომდინარე აქედან, იყო ეს დასკვნა გაკეთებული.


რადიო თავისუფლება: კარგი. სად იმყოფებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, თუ საიდუმლო არ არის, და რატომ წახვედით ასე მოულოდნელად, რამაც, როგორც თქვენ აცხადებთ წერილში, ათასი ინსინუაცია წარმოშვა?

ბაჩო ახალაია: მთელი ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, თქვენ აკვირდებოდით მოვლენებს. იყო მთელი რიგი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც თავისთავში გულისხმობდა იმას, თითქოს მე და ჩემთან დაკავშირებული რაღაც ხალხი ვაპირებთ რაღაც არეულობას, რაღაც იარაღებია სადღაც გატანილ-გადმოტანილი. ბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი სახელმწიფო პოსტი აღარ მეკავა და არანაირი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები არ მქონდა, ფაქტობრივად, ჩავთვალე, რომ ამ დამატებითი გართულებებისთვის ვიღაცას ან განცხადებების საფუძველი არ ჰქონოდა, ან კიდევ უფრო სერიოზული პროვოკაციების საფუძველი არ ყოფილიყო, უბრალოდ, რაღაც პერიოდი, სანამ ეს ხელისუფლება ბოლომდე აიღებდა ძალაუფლებას ხელში, დავტოვე ქვეყანა რამდენიმე დღით. სულ ეგ იყო და ეგ.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბაჩო, ციხის ე.წ. სკანდალური კადრების გავრცელებიდან საკმაო დრო გავიდა და, ალბათ, ახლა უფრო მშვიდად შეიძლება საუბარი. რატომ იყო თქვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები და რატომ არ ეცადეთ, რომ შეკითხვებზე მაშინ გაგეცათ პასუხი?
არის მთელი რიგი ნიუანსები, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვები. არის მთელი რიგი განცხადებები, რომლებსაც ვერ დავეთანხმები ვერც ერთ შემთხვევაში ...

ბაჩო ახალაია: ბატონო კობა, მთელი ბოლო წლების განმავლობაში მთელი რიგი პოზიციები, რომელიც მე მეკავა, თავისთავში გულისხმობდა რაღაც სახის თვითშეკავებასაც ნებისმიერ აბსურდულ ბრალდებაზე. ჩემი მდგომარეობა არ იძლეოდა ისეთ ღია ფორმატის საშუალებას, რომ სრულიად აბსურდულ, იდიოტურ ბრალდებებზე ყოველ ნაბიჯზე გამეცა პასუხი. ახლა გვაქვს ამის საშუალება და ახლა, პირიქით, გვაქვს ინტერესი, რომ ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს, გაირკვეს რეალურად, რატომ იყო ეს ბრალდებები და რა პირდაპირი კავშირი შეიძლებოდა მქონოდა მე ამ ყველაფერთან. ის, რომ ბოლო პერიოდში და ახლაც მესმის ბრალდებების მთელი კასკადი, წამებიდან დაწყებული და დამთავრებული კორუფციით, სწორედ ეს არის ჩემი ინტერესი და მაგიტომაც რაც შეიძლებოდა უფრო ჩქარა მოვბრუნდი ქვეყანაში, რომ საბოლოოდ გაირკვეს, იყო და ჰქონდა თუ არა ამ ბრალდებებს კავშირი ჩემთან, იყო თუ არა ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები ჩემ მიერ ჩადენილი, და ამიტომ მზად ვარ ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ფორმატის გამოძიებისთვის - იქნება ეს საგამოძიებო კომისია, იქნება პროკურატურა თუ რაიმე სხვა ჯგუფს მოიფიქრებს ვინმე, - ნებისმიერ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი.

რადიო თავისუფლება: ერთი კონკრეტული საქმის ირგვლივ მაქვს შეკითხვა, რადგან ამ მგრძნობიარე საქმეზე რამდენჯერმე მომიხდა რეპორტაჟის გაკეთება. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის სიკვდილზე რა შეიძლება გვითხრათ, რით მოკვდა ეს ადამიანი?

ბაჩო ახალაია: მე რა უნდა შემეძლოს, რომ გითხრათ! მეც ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვენ. ზუსტად ის მაქვს გაგებული, რაც თქვენ. მე როგორც ვიცი და გამიგია, ადამიანი გარდაიცვალა ციხეში. მე რა უნდა გითხრათ დამატებით? დამატებით ინფორმაციას მე ამ საქმეზე არ ვფლობ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ტყუილი და ჭორი ვრცელდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი გაირკვევა, გაურკვეველი არაფერი დარჩება, ფაქტები არსად არ დაიმალება და არსად არ დაიკარგება.

რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენ მაგ დროს თავდაცვის მინისტრი იყავით და იმიტომ გეკითხებით და არა, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობისათვის.

ბაჩო ახალაია: ბატონო კობა, თავდაცვის მინისტრი ვიყავი და ადამიანი ციხეში გარდაიცვალა. რა შემიძლია მე გითხრათ? მე რაც გავიგე და მითხრეს, რაც მოვიკითხე, გულის შეტევით თუ რაღაც გულის პრობლემებით გარდაიცვალა, ეს გავიგე. კიდევ გავიგე წივილ-კივილი ქუჩაში ვიღაცების, პოლიტიკური ჯგუფების უფრო, რომ აი, მოკლეს, ჩამოახრჩვეს თუ რაღაცა. მე მჯერა იმ ოფიციალური ვერსიისა, რაც იყო ნამდვილად.
გადახარჯვა, რაიმე ეგეთი არ არსებობს. ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის ხარჯვის წესები და პროცედურები ...

რადიო თავისუფლება: თქვენ მიმართვაში აცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „’ქართული ოცნების’ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“, თვლით, რომ „არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი“. რაში ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიზნები თქვენსას?

ბაჩო ახალია: ახლა ძალიან ვრცელ საუბარს ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ შევძლებ, მაგრამ არის მთელი რიგი ნიუანსები, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვები. არის მთელი რიგი განცხადებები, რომლებსაც ვერ დავეთანხმები ვერც ერთ შემთხვევაში. თუ გნებავთ, ამაზე უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ.

რადიო თავისუფლება: ირაკლი ალასანიამ და მისმა წინამორბედმა დიმიტრი შაშკინმაც დაადასტურეს, რომ არსებობდა რამდენიმე ათეული მილიონის გადახარჯვა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში იმ დროიდან, როცა თქვენ იყავით უწყების სათავეში. საიდან წარმოიშვა 100 მილიონი ლარის დეფიციტი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში?

ბაჩო ახალაია: ბატონო კობა, ბატონო კობა, ბიუჯეტზე როცა ვლაპარაკობთ, ცოტა ელემენტარულად... ცოტა უფრო კონკრეტული რამე უნდა ითქვას. გადახარჯვა, რაიმე ეგეთი არ არსებობს. ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის ხარჯვის წესები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც ვხარჯავდით თანხებს მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან წინასწარი შეთანხმებები, თუ რა პერიოდში და რა დროს შეგვეძლო დამატებითი თანხების მიღება და ჩვენ ველოდებოდით წლის ბოლოს დამატებითი სახსრების მიღებას ბიუჯეტში, ისევე როგორც ეს იყო შარშან. როგორც ეს განხორციელდა შარშან, იგივე მეთოდი იყო გამოყენებული წელსაც და არანაირ გადახარჯვას და არანაირ სხვა სახის ქმედებებს აქ ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, ელემენტარულად, იმ ადამიანებმა, ვინც ბიუჯეტში იხედება ახლა და რაღაც ციფრებს ითვლის, ორ დღეში ვერ მოასწრებენ, ცოტა დრო უნდა მოანდომონ, ერთი კვირა მაინც უნდა ჩაუჯდნენ და ზუსტად გაერკვნენ, თუ რაში იყო საქმე, რა ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა თანხების ხარჯვა. თან იქ არსებობენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყველაფერს აუხსნიან დეტალებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG