Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაიას - პატიმრობა, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას - გირაო


თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას 20 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია ადვოკატი გოგიტა გაბაიძე:

”მე ვიცავდი გიორგი კალანდაძეს, გაერთიანებული შტაბის გენერალს. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ნიშნავს, როდესაც გადახდილი იქნება ჩვენ მიერ გირაო, ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. ასევე გიორგი შამათავასაც შეუფარდა გირაო, 20 000 ლარი. მე კმაყოფილი ვარ. მე 10 000 მოვითხოვე, თუმცა ეს სასამართლოს პრეროგატივაა და სასამართლომ განსაზღვრა, რომ 20 000 ლარი უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რაც საჭიროა.”

ბაჩო ახალაიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ადვოკატი იოსებ ჯანაშია:
ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან


”როგორც კი ავიღებთ სასამართლოს განჩინებას, გავეცნობით მის შინაარსს და კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში, ეს ვადაა 48 საათი, ჩვენ მიერ შეტანილი იქნება სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში”.

თავის მხრივ, ბრალდების მხარის არგუმენტების უსუსურობაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

”სასაცილო არგუმენტები იყო დაკავებასთან დაკავშირებით: უნდა შეეფარდოთ დაკავება იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მეგობრები გარეთ, იგივე ჯარში. მეგობრები დაკავების შემთხვევაშიც რჩებიან მეგობრებად. მეორე იყო, რომ მტკიცებულება შეიძლება გაანადგურონო. როგორ შეიძლება გაანადგურონ ის მტკიცებულება, როდესაც არის მხოლოდ მოწმეების ჩვენება”, - ამბობს სერგო რატიანი.

სხდომის დაწყებამდე კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბაჩო ახალაიას თავდებით გათავისუფლების შესახებ მოსამართლეს წერილობითი შუამდგომლობით მიმართეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. წერილს 31 დეპუტატი აწერდა ხელს. მათმა ერთმა ნაწილმა, ხალხის სიმრავლის გამო, სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლაც კი ვერ შეძლო.

სხდომისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ გაიმართა როგორც დაკავებულთა მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო მცირერიცხოვანი აქციები.
არა მარტო თეთრაძის, არამედ ათეულობით განცხადებაა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩანა ახალაიას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებათა მიმართ. ჩვენ ვახდენთ მათ ინტენსიურ შესწავლას, მტკიცებულებათა მოძიებას და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დროში კიდევ ახალი ეპიზოდების შესახებ გახდეს ცნობილი...


თავად ბრალდებულები კი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ნოემბრის 14 საათისთვის მიიყვანეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ მუხლს ბაჩო ახალაიას შემთხვევაში დაემატა 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. ამ ბრლადების თაობაზე განმარტება საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. მისი თქმით, საქმე ეხება 2011 წლის 13 სექტემბერს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას და კიდევ რამდენიმე პირის მიერ ადამიანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ საქმის წარმოება დავით ჭაკუას მიმართაც დაიწყოს. რაც შეეხება უშუალოდ ბაჩო ახალაიას, არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანში ბაჩო ახალაიას საქმეში ახალი ეპიზოდებიც გაჩნდეს.

”არა მარტო თეთრაძის, არამედ ათეულობით განცხადებაა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩანა ახალაიას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებათა მიმართ. ჩვენ ვახდენთ მათ ინტენსიურ შესწავლას, მტკიცებულებათა მოძიებას და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დროში კიდევ ახალი ეპიზოდების შესახებ გახდეს ცნობილი”, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს, 9 ნოემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. საქმის არსებითი განხილვა კი 25 დეკემბერს დაიწყება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG