Accessibility links

logo-print

ვიდეო-აუდიოჩაწერები ბაჩანა ახალაიას საკნიდან


ბაჩანა ახალაია

ბაჩანა ახალაია

არაერთი შეკითხვა და ეჭვი გააჩინა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებულმა და გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საკანში ვიდეო-აუდიოჩაწერას ადასტურებს. საგანგებო დავის საგნად იქცა 2012 წლის ნოემბერში გაკეთებული აუდიოჩაწერების კანონიერება და ამ მასალების დაცვის პრობლემა. დაირღვა თუ არა კანონი და რა დგას ამ ყველაფრის უკან?

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არ ამხელს იმ წყაროს ვინაობას, რომელმაც მას სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები მიაწოდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საუბარია რამდენიმესაათიან ჩანაწერზე, რომელშიც თავადაც არის ასახული. 2012 წლის ნოემბერში გელა მთივლიშვილმა ბაჩანა ახალაია საკანში იმ პირებთან ერთად მოინახულა, რომლებსაც იმხანად, მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდათ მინიჭებული:

”ვიცოდი, რომ კედელზე მიმაგრებული იყო ვიდეოთვალი და ასევე მინისტრს ჰქონდა ნათქვამი და სამინისტროს განცხადებაც მქონდა წაკითხული, რომ ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა; მაგრამ მონიტორები არ ვიყავით გაფრთხილებულები და არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხორციელდებოდა ჩვენი შეხვედრების ფარული აუდიოჩაწერა... რატომ შედიან მონიტორები ციხეში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრაზე? იმიტომ, რომ მივიღოთ ინფორმაცია დარღვევებზე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან თუ ციხეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით... თუ შევალ, ამ ინფორმაციას მოვისმენ და, ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და შემდეგ უკვე სხვა უწყებები მოისმენენ ამ ყველაფერს. ჩემს ფუნქციას რა აზრი აქვს? - რომ ციხეში შევიდე და კონფიდენციალურად რაღაც მოვისმინო პატიმრისგან”.

გელა მთივლიშვილის თქმით, მისი წყარო იმასაც ირწმუნება, რომ ვიდეო და აუდიოჩანაწერები ბაჩანა ახალაიას საკანში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის დროსაც კეთდებოდა და რომ ეს მასალებიც არსებობს.

ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულის და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.
აუდიოჩანაწერების გაკეთების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს ბაჩანა ახალაიას ადვოკატი, რომელიც ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. როგორც გიორგი ონიანმა 4 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თანხმობა მართლაც ჰქონდა მიცემული ვიდეომეთვალყურეობაზე, მაგრამ არა აუდიოჩანაწერების გაკეთებაზე და რომ ამისათვის სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საკანში ბაჩანა ახალაიას თვალთვალი მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდებოდა და ამის შესახებ მსჯავრდებული გაფრთხილებული იყო. როგორც მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პირადად მას არ უნახავს ბაჩანა ახალაიას მიერ ხელმოწერილი ოქმი, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ახალაია პატიმრობის კოდექსის მე-9 და 54-ე მუხლების შესაბამისად იყო ინფორმირებული. 54-ე მუხლის თანახმად, ”ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულის და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის შეფასებით, პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლში ჩამოთვლილ მიზნებს აუდიოჩანაწერის გაკეთება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს, რაც მონიტორების შემთხვევაში ასე არ არის და ამიტომაც ეჭვქვეშ დგება აუდიოჩანაწერის გაკეთების კანონიერება:

ეს მოხდა გასული წლის ნოემბერში, ჩვენ სისტემაში მოვედით ოქტომბრის ბოლოს. ძველი თანამშრომლებიდან გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, უღირსი ნაწილიც იყო, რომლებიც ნელ-ნელა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. ბევრი მათგანი შეიძლება ელოდებოდა, ალბათ, გათავისუფლებას და მოხდა, ალბათ, ჩანაწერების კოპირება...
”საერთოდ, მონიტორინგის იდეას ეწინააღმდეგება მონიტორთან საუბრის ჩაწერა - ისევე როგორც ყოვლად მიუღებელია ადვოკატთან საუბრის ჩაწერა. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა - რაც პატიმარს აწუხებს და რასაც ის ხმამაღლა ვერ ამბობს”.

ამ აზრს იზიარებს, მაგრამ ჩანაწერის უკანონობასთან დაკავშირებულ ეჭვებს არ ეთანხმება სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბაჩანა ახალაია ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მას, მაგალითად, მონიტორებთან შეხვედრა სხვა ოთახში შეეძლო, სადაც არც ერთი სათვალთვალო კამერა არ არის დამონტაჟებული, თუმცა მსჯავრდებულს ამ უფლებით არ უსარგებლია. გიგა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას ჩანაწერის დაცვის პრობლემაზეც ლაპარაკობს და მას სისტემაში ძველი კადრების პრობლემას უკავშირებს:

”ეს მოხდა გასული წლის ნოემბერში, ჩვენ სისტემაში მოვედით ოქტომბრის ბოლოს. ძველი თანამშრომლებიდან გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, უღირსი ნაწილიც იყო, რომლებიც ნელ-ნელა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. ბევრი მათგანი შეიძლება ელოდებოდა, ალბათ, გათავისუფლებას და მოხდა, ალბათ, ჩანაწერების კოპირება. ისე, 10 დღის განმავლობაში ნადგურდება ეს ჩანაწერები. ვიღაცამ კოპირება გააკეთა და ამას გამოძიება დაადგენს”.

დღის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2013 წლის 04 ოქტომბერს, უწყებაში დაიწყო გამოძიება ”სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”. განცხადების თანახმად, ”გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული პატიმრის - ბაჩანა ახალაიას - ცალკეულ პირებთან შეხვედრებსა და საუბარს”.
XS
SM
MD
LG