Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას პროცესი სასამართლოს დარბაზში და მის მიღმა


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩადენილი დანაშაულის თაობაზე დაცვის მხარის არგუმენტაციას უსმენდა. საქმე შეეხება 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ეპიზოდს, კერძოდ, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 7 თანამშრომლის მიმართ არასათანადო მოპყრობას. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ორი ურთერთსაწინააღმდეგო აქცია იმართებოდა, რასაც თან ახლდა სიტყვიერი დაპირისპირება. ერთი აქციის ორგანიზატორები იყვნენ წარმომადგენლები ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. ისინი ახალაიას გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვდნენ. მეორე აქციას, ბაჩო ახალაიას მხარდაჭერის მიზნით, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები მართავდენ.
დილიდან, სანამ ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის არსებით განხილვას მოსამართლე დავით მგელიაშვილი შეუდგებოდა, საქალაქო სასამართლოს ეზოში ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა და პოლიტპატიმრის სატატუსით გათავისუფლებულმა პირებმა დაიწყეს შეკრება. სასამართლოს მანდატურებმა მათ სასამართლოს ეზოში ტრანსპარანტების გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყა; მოგვიანებით კი, სასამართლოს ეზოში უკვე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი პირების, ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მისვლის შემდეგ, დაპირისპირება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა შორის დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილე ორი პირი პოლიციამ დააკავა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მოსამართლე დავით მგელიაშვილი 13 აგვისტოს სხდომაზე დაცვის მხარის შემაჯამებელ სიტყვას ისმენდა. მოსამართლეს თავად ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც მიმართა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მართალი რომ იყოს, ის ამ ბრალს აღიარებდა, მაგრამ სცენარი, თითქოს 7 ადამიანი აწამეს, პროკურატურაში დაიწერა.

თქვენ გააყალბეთ ჩვენებები, თქვენ დაემუქრეთ, გამოძალვის, შანტაჟის გზით მიიღეთ და შექმენით ეს მტკიცებულებები გამომძიებლებთან ერთად, თქვენ განზრახ უკანონოდ მიეცით პასუხისგებაში, თქვენ განზრახ უკანონოდ დააპატიმრეთ ადამიანები და ეს იქნება ის ბრალის დადგენილება, რომელსაც თქვენ წაგიყენებენ აუცილებლად, მერწმუნეთ ამაში...
რომეო საჯაია
დაახლოებით იგივე გაიმეორა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამ. მან პროკურორ შაქრო ზაალიშვილსაც მიმართა და უთხრა, რომ უკანონოდ სამართალში ადამიანის მიცემისთვის ის თავად აგებს პასუხს.

„ორგანიზებულად, განზრახ უკანონოდ პასუხისგებაში მიცემა უდანაშაულო პირების, ასევე გამომძიებლების ხელშეწყობით... თქვენ გააყალბეთ ჩვენებები, თქვენ დაემუქრეთ, გამოძალვის, შანტაჟის გზით მიიღეთ და შექმენით ეს მტკიცებულებები გამომძიებლებთან ერთად, თქვენ განზრახ უკანონოდ მიეცით პასუხისგებაში, თქვენ განზრახ უკანონოდ დააპატიმრეთ ადამიანები და ეს იქნება ის ბრალის დადგენილება, რომელსაც თქვენ წაგიყენებენ აუცილებლად, მერწმუნეთ ამაში“.

სასამართლომ დაასრულა არსებითი განხილვა საქმისა, რომელიც ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2012 წლის ზაფხულში, ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არაადამიანურად მოეპყრნენ 7 სპეცრაზმელს, რომლებსაც იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე სცემეს, უწოდებდნენ მოღალატეებს, გახადეს ტანსაცმელი, ჩააწვინეს ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. შემდეგ კი ეს ადამიანები რეაბილიტაციის მიზნით გაიგზავნენ თურქეთში.

პროკურორ შაქრო ზაალიშვილის სიტყვებით, რეინჯერის კურსები, რომელიც თითქოს ამ 7 პირს გაატარეს, თავიდანვე მოგონილი იყო ბაჩო ახალაიას მიერ იმისათვის, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გაემართლებინათ, ხოლო დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა დემაგოგია:

თქვენო ღირსებავ, ჩვენ, არსებულიდან გამომდინარე, ნათლად წარმოვაჩინეთ თქვენს წინაშე ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ საქმეზე არ არის შეჯერებული მტკიცებულებები. უფრო მეტიც, სასამართლოზე ნათლად დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის ინტერესი არსებობდა, უკანონო ბრალდებების საფუძველზე მსჯავრი დაედოთ უდანაშაულო მოქალაქეებისათვის...
მალხაზ ველიჯანაშვილი
„მოისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, რომელიც აგებულია მხოლოდ ბრალდების მხარის უსაფუძვლო კრიტიკაზე, დემაგოგიასა და სიცრუეზე. რეინჯერის კურსები თავიდანვე მოგონილი იყო დანაშაულის დამგეგმავ-ორგანიზატორის მიერ დაზარალებულთა დასჯა-წამების შესანიღბად, რის შემდეგაც დაზარალებულები უნდა დაერწმუნებინათ, რომ კი არ დასაჯეს, არამედ ვითომდა რეინჯერის კურსები გაატარეს“.

ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატის - მალხაზ ველიჯანაშვილის - სიტყვებით, საქმეში მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და, ამასთან, მოწმეებს ის გვარები, რომლებიც უნდა დაესახელებინათ, ხელზე ჰქონდათ მიწერილი. ველიჯანაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ მტიცებულებათა ერთობლიობა და, შესაბამისად, მხოლოდ ერთი გზაა, რომ ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ დავით ვეკუას მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი:

„თქვენო ღირსებავ, ჩვენ, არსებულიდან გამომდინარე, ნათლად წარმოვაჩინეთ თქვენს წინაშე ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ საქმეზე არ არის შეჯერებული მტკიცებულებები. უფრო მეტიც, სასამართლოზე ნათლად დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის ინტერესი არსებობდა, უკანონო ბრალდებების საფუძველზე მსჯავრი დაედოთ უდანაშაულო მოქალაქეებისათვის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ყურადღებით შეისწავლის ყველა მტკიცებულებას, შეაჯერებს ერთმანეთთან და თავადაც დარწმუნდება როგორც ბაჩანა ახალაიას, ასევე დავით ვეკუას და ასევე ყველა ამ დარბაზში მჯდომი ბრალდებულის უდანაშაულობაში“.
13 აგვისტოს სხდომით დასრულდა ბაჩო ახალაიას მიმართ წარდგენილი მეორე ბრალდების არსებითი განხილვა. მოსამართლემ განაჩენის გამოსაცხადებლად რამდენიმე დღე ითხოვა. ბაჩო ახალაია გასულ კვირას ცნობილი იქნა უდანაშაულოდ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც თავდაცვის მინისტრობის პერიოდს შეეხებოდა. ამჯერად რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მოსამართლემ, ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში დარჩება კიდევ ერთ საქმესთან - კერძოდ, ციხის ბუნტის საქმესთან -დაკავშირებით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG