Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს მოუწოდებს თბილისში მოიძიონ ადგილები, სადაც ახალ ბაგა-ბაღებს გახსნიან. ამ ინიციატივის საფუძველი კი, მისი განცხადებით, თბილისში შექმნილი სავალალო ვითარებაა: ბაღებში შეზღუდული ადგილების გამო, ათასობით ოჯახმა ვერც წელს მოახერხა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია. საკრებულოში აცხადებენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი 159 ბაღი მოთხოვნილებას ვერ უპასუხებს და მათი რაოდენობა დედაქალაქში ასით მაინც უნდა გაიზარდოს.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის პრობლემაზე რადიო თავისუფლებამ სიუჟეტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოამზადა. მაშინ ვნახეთ, რამდენმა ოჯახმა ვერ მოახერხა ბავშვის ბაღში დარეგისტრირება და რამდენს მოუწია ბრძოლამ აღსაზრდელის რომელიმე ჯგუფში მოსახვედრად. უკმაყოფილო მშობლებმა მაშინ თავი სააგენტოს შენობასთანაც მოიყარეს. მათგან ერთმა, ნინო ნადირაშვილმა, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა და ბავშვი ბაღში დაარეგისტრირა.

ძალიან დიდი უთანასწორობაა. მესმის, ძალიან ბევრი დევნილია და სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჩვენ უმცირესობაში ვართ, ჩვენ 11-12 ადგილი დაგვრჩა და ამ ადგილებზე მაგდენი ხალხი ვხოცავთ ერთმანეთს“, - გვითხრა მაშინ ნინო ნადირაშვილმა.

დედაქალაქის საკრებულო გამოსავალს საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდაში ხედავს. როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, 2004 წლიდან 2011 წლამდე თბილისში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა და ათასობით აღსაზრდელმა ვერ გაიარა რეგისტრაცია. ის, რაც დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში ხდება, აცხადებს თამარ ტალიაშვილი, უმძიმეს მდგომარეობად შეიძლება შეფასდეს:

„დღეს თბილისის საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა აბსოლუტურად შეუსაბამოა სტანდარტთან. თუ ჯგუფში უნდა იყოს 20-25 ბავშვი, არის ბაღები, სადაც 40 და მეტი ბავშვი ზის. ამას ემატება სანიტარულ-ჰიგიენური, კვებასთან დაკავშირებული აღმზრდელობითი სტანდარტები, რომლებიც სათანადოდ არ არის დაცული. ამას ემატება ბაღების ინსფრასტრუქტურა, სათამაშო მოედნის მდგომარეობა. ყველა მხრივ ვითარება არის ძალიან მძიმე და მისახედი“.

საკრებულო დედაქალაქის რაიონების გამგებლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს ჯერ შესაბამისი ფართი მოიძიონ და მერე რაც შეიძლება მალე აშენდეს ახალი საბავშვო ბაღები. თამარ ტალიაშვილის გათვლით, თბილისს დღეს დამატებით ასი ბაგა-ბაღი მაინც დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა ჩუღურეთის რაიონში:

„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ჩუღურეთის რაიონში მოძიებულია 1300 კვადრატული მეტრი ფართი, რომლის რემონტის შემდეგ იქ ბაგა-ბაღის გახსნას ვგეგმავთ. სამწუხაროდ, წინა წლებში არაერთი ბაგა-ბაღი გასხვისდა და მის ადგილას სულ სხვა დაწესებულება მოქმედებს. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მომავლისაკენ გავიხედოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს ნორმალური პირობები საბავშვო ბაღებში. ყველაფერი გასათვალისწინებელია, რომ ბაღის შენობა იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ა.შ. თბილისში რეალურად ასამდე ბაგა-ბაღია გასახსნელი, რომ დღეს არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 8 სექტემბერს დაიწყება. თემურ თორდინავა, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სისტემაში მას დახვდა როგორც ინფრასტრუქტურული პრობლემები, ისე რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები. 159 ბაღის საერთო მდგომარეობის შესახებ სურათი ბაღების მართვის სააგენტომ სპეციალური კითხვარების საფუძველზე მიიღო, რომელიც ყველა ბაღის დირექტორს გაუგზავნეს. ამ ეტაპზე, თემურ თორდინავას განცხადებით, საბავშვო ბაღები სასწავლო წლისთვის მზად არიან:

„ამ კითხვარში კარგად აისახა როგორც ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ბაღების წინაშე დგას, ასევე ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიძნელეები. რამდენიმე ბაღში მაშინვე გადავწყვიტეთ არსებული პრობლემები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბაღებში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც ასე თუ ისე შეესაბამება არსებულ სტანდარტებს. ასევე, მეტ-ნაკლებად ყველა ბაღი აღჭურვილია ავეჯით“.

თუმცა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ ამ ზაფხულს ბაღებში რეგისტრაციის გამო გაჩენილმა პრობლემამაც დაადასტურა თბილისის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების დამატების აუცილებლობა. მანამდე კი, სანამ ახალი ბაღებისათვის ფართი გამოიძებნება და აშენდება, არსებულ მოთხოვნას ბაღების მართვის სააგენტო ასე უპასუხებს:

„დღესაც კი, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების შექმნა. კერძოდ, ჩვენ ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი: ვარემონტებთ იმ ფართებს, რაც ბაგა-ბაღებს აქვთ, და ვფიქრობთ, რომ რვა სექტემბრამდე კიდევ 3 000 აღსაზრდელის რეგისტრაციას შევძლებთ“.

დაახლოებით ერთი კვირის ვადაში საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო გამოაცხადებს დამატებით ადგილებზე აღსაზრდელების რეგისტრაციის წესებს. მანამდე კი, 21 აგვისტოს, სწორედ საბავშვო ბაღების საკითხი იქნება მთავარი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, რომელსაც, სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG