Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებით შეჩერებული რესტავრაცია - დარჩება თუ არა ლიფტი ბაგრატის ტაძარში


ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა 18 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაძარში საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად მიმდინარეობდა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. ამ ორ ფაქტს კი წინ იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) კომიტეტის დასკვნა უძღოდა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო ბაგრატის ტაძარმა დაკარგა თავისი ავთენტურობა, რის გამოც ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო შეყვანილი.

”მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა და კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად. აი, ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში”, განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს, 17 ივნისს, და აღნიშნა,რომ საპატრიარქო უახლოეს მომავალში შეხვედრებს გამართავს როგორც "იუნესკოს" წარმომადგენლებთან, ისე მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური კომისიაც.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ამ განცხადებამდე ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს - კონკრეტულად კი ტაძრის საერო ნაწილში მინის კონსტუქციისა და ლიფტის დამატებას -სამოქალაქო საზოგადოებაც აპროტესტებდა, თუმცა ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძარში სამუშაოების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება სწორედ ილია მეორის საკვირაო ქადაგების შემდეგ მიიღო. გადაწყდა, რომ მეათე საუკუნის უნიკალური ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს საპატრიარქოსთან არსებულ კომისიასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბაგრატის აღდგენა დღეს პროფესიონალების მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. დაძლეულია თავდაპირველი დილემაც:

ლიფტიც ჩვენი გადასაწყვეტია. გნებავთ - გავაკეთოთ, გნებავთ - ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ლიფტის მაგალითები სხვაგანაც არსებობს მართლმადიდებლურ ნაგებობებში ...
ნიკა ვაჩეიშვილი

”დაგვეტოვებინა ნანგრევად, აღგვედგინა სრულიად თანამედროვე ფორმებით თუ ეს ყოფილიყო სიძველის გამომზეურებაზე დაფუძნებული ეკლესიის ფუნქციონირების მთავარი პოსტულატი. ეს ამოცანა წარმატებით დავძლიეთ. დღეს სამუშაოების შეჩერება საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ყველასთან თავიდან დავაზუსტოთ დეტალები და როცა დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა და ამის იმედი მაქვს, სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.”

ვაჩეიშვილი შენიშნავს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტის მიხედვით გაგრძელდება. ეს ის პროექტია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების დროს, 2009 წელს, საპატრიარქომაც მოიწონა, თუმცა ის არ ითვალისწინებდა ლიფტის მიშენებას, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. დღეს ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ პროექტის ზოგიერთი კომპონენტის მიზანშეწონილობა შეიძლება ხელახლა გადაიხედოს:

”ლიფტიც ჩვენი გადასაწყვეტია. გნებავთ - გავაკეთოთ, გნებავთ - ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ლიფტის მაგალითები სხვაგანაც არსებობს მართლმადიდებლურ ნაგებობებში. აქ ლიფტის გაკეთება არასდროს იგეგმებოდა. ლიფტი მონტაჟდება საერო შენობაში, რომელიც არის დამოუკიდებელი ბაგრატის ტაძრისგან. ის არ არის ტაძრის საკრალურ სივრცეში, ის არის კიბის შუალედში მოქცეული, იმისათვის რომ ხანდაზმულ ადამიანებს გაუადვილდეთ მესამე სართულზე ასვლა. თუ ეს არ უნდა საზოგადოებას და ურჩევნია მესამე სართულზე იაროს კიბით, შეიძლება შევცვალოთ და ლიფტზე ვთქვათ უარი და ეს იდეა გვერდზე გადავდოთ.”

უკვე არსებობს იუნესკოს კომიტეტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ რეკონსტრუქციის დროს არ გამოიყენეს ბაგრატის ტაძრის ძველი, ჩამოცვენილი ქვების უმრავლესობა, რომელთა რაოდენობა სულ 400 იყო, რომ ტაძრის ავთენტურობა დარღვეულია და ახალი გუმბათი მთლიანად ფარავს ორიგინალურ, თავდაპირველ ქვისწყობას. შესაბამისად, მან ის ფასეულობა,რის გამოც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი, უკვე დაკარგა და იუნესკოს კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს. ნიკა ვაჩეიშვილი კი იუნესკოში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ეს არის საეკლესიო ნანგრევის ამ სახით აღდგენის პირველი პრეცედენტი:

”შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ცოცხალი ქალაქის, ცოცხალი რელიგიის კათედრალური ტაძარი დანგრეული არსებობდეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა და მისი აღდგენის ეს მეთოდი გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაგრამ ეს არის ბაგრატის ტაძრის ხვედრი, რომ მან პირველმა დაანახვოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ არსებობს ალტერნატიული გზა სიძველის დაცვის და საეკლესიო მსახურების აღდგენის.”

როცა ტაძრის ძველ სტრუქტურაში შედის ამდენი სიახლე, ის, ცხადია, კარგავს თავის ავთენტურობას, თავის განსაკუთრებულობას, ღირებულებას და არის უკვე 21-ე საუკუნის ნაგებობა ...
ირინა ელიზბარაშვილი

საქართველოს ”იკომოსის” წევრის, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილისათვის, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ბაგრატის ტაძრის კონსერვაციის მომხრე იყო, რაც დღემდე შემორჩენილი ნანგრევების გამაგრებას ნიშნავს, ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღება სახელმწიფოს პრესტიჟის დაქვეითების ტოლფასია.

მისთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნისათვის, ბაგრატის ტაძარი 2009 წელს დაიღუპა, როდესაც მთლიანი აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, მივიღეთ 21-ე საუკუნის ტაძარი, ახალი სამება:

”როცა ტაძრის ძველ სტრუქტურაში შედის ამდენი სიახლე, ის, ცხადია, კარგავს თავის ავთენტურობას, თავის განსაკუთრებულობას, ღირებულებას და არის უკვე 21-ე საუკუნის ნაგებობა. ამის განხორციელება ჩვენ მოგვცემს სამების ახალ ტაძარს, რისი აშენებაც წარმატებულად შეეძლოთ სადმე ბაგრატის გვერდით. დღეს უკვე განახლებულ ბაგრატს სულ სხვა სახე აქვს, იმდენი ბეტონია ჩასხმული, იმდენი ახალი ქვითაა მოპირკეთებული, ამის მოხსნაც კი შეუძლებელია და ერთადერთი გზა მისი დასრულებაა. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ლიფტი მოაშორონ.”

ბაგრატის ტაძარი ჩვენთვის იგივეა, რაც ევროპელებისათვის კიოლნის ტაძარი ან ნოტრ-დამი, ან შარტრი. ეს ტაძრები თავის დროზე დანგრეული იყო, მაგრამ დღეს ყველა აღდგენილია ...
გია ჭანიშვილი

ოშკის და ხანძთის ეკლესიების გარდა, ამბობს ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი, არც ერთ ქართულ ეკლესიას აღარ აქვს ძველი ავთენტური გუმბათი. ყველა რესტავრირებულია. ასე ხელახლაა აშენებული არაერთი დიდი ტაძარი ევროპაშიც. მისი აზრით, თუ არ ჩავთვლით ბაგრატის თანამედროვე ნაწილს (ლიფტსა და მინის კონსტრუქციას), იმ პროექტს, რომლითაც ტაძრის ძირითადი ნაწილის რესტავრაცია მიმდინარეობს, დასაწუნი არაფერი აქვს:

”ბაგრატის ტაძარი ჩვენთვის იგივეა, რაც ევროპელებისათვის კიოლნის ტაძარი ან ნოტრ-დამი, ან შარტრი. ეს ტაძრები თავის დროზე დანგრეული იყო, მაგრამ დღეს ყველა აღდგენილია. ანუ აღდგენაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, აღდგენა არ უნდა განხორციელდეს მეცნიერული დასკვნის და კვლევის გარეშე და ეს კვლევა კი, რაც ბაგრატს ეხება, ჩატარებულია. ეს, ცხადია, არ ეხება ლიფტს, რომელიც არც მე მომწონს.”

გია ჭანიშვილი განმარტავს, რომ პირველად ბაგრატის ტაძარი, რომელიც ჯერ მე-17, შემდეგ კი მე-18 საუკუნის ბოლოს დაინგრა, პირველად 1930-იან წლებში გაამაგრეს. კონკრეტულად კი საუბარია ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე. 40-იან წლებში გაამაგრეს სამხრეთი კედელიც. ძირითადი რესტავრაცია კი 1950-იანი წლებიდან ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. სწორედ მისი აღდგენილი ტაძარი, მაშინდელი მდგომარეობით შევიდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში - 1994 წელს.

რაც შეეხება ბაგრატის ტაძრისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს, იუნესკოს კომიტეტის სხდომა 24 ივნისს პეტერბურგშია დაგეგმილი. მასში ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას და, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართული მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს. სწორედ იქ გაირკვევა, ამოიღებენ თუ არა ბაგრატის ტაძარს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG