Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპრომისი ბაგრატის ტაძრისთვის


ბაგრატის ტაძრის რეკონსტრიუქციის პროექტი
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრიუქციის პროექტი
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს კომიტეტის მორიგი სესია თებერვალში გაიმართება. ამ ეტაპზე, იუნესკოს სამუშაო კალენდრის თანახმად, 1 თებერვლამდე მთავარ ოფისში მსოფლიო ძეგლთა შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია იკრიბება. საქართველოდან გასაგზავნ პროექტთა ნუსხაშია მცხეთის მართვისა და გელათ-ბაგრატის საზღვრების მოდიფიცირების გეგმები. საბოლოო დოკუმენტაციის წარდგენამდე იუნესკოში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე იუნესკომ ქართულ მხარეს ბაგრატთან დაკავშირებით კომპრომისული ფორმის მოძებნა შესთავაზა. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის თანახმად, გელათის ნომინაციაში ახალი საზღვრები დადგინდება, ბაგრატი კი მის არეალში მოექცევა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად, ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა. პარიზში ორი დღის განმავლობაში მათ ბაგრატის, გელათისა და მცხეთის საკითხებზე შეხვედრები გამართეს როგორც იუნესკოში, ისე იკომოსში, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოში. როგორც ამ შეხვედრების შემდეგ აღინიშნა, ბაგრატის რეკონსტრუქციის დროს არ იქნა დაცული სავალდებულო კრიტერიუმები, რითაც დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. შესაბამისად, ბაგრატი, როგორც თვითმყოფადი ნიმუში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ვერ დარჩება. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ქართულმა მხარემ, როგორც უკვე ითქვა, მიიღო შეთავაზება, ბაგრატის იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში დარჩენის კომპრომისული ფორმა მოძებნოს. შეთავაზების ავტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის განმარტებით კი, შესაძლოა ახალი საზღვრები დადგინდეს გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი, დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა მოექცეს მის არეალში. იგულისხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებები და სხვა უამრავი საკითხი, რითაც საქართველო ბაგრატის ტაძრის დაცვას შეძლებს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება საფუძვლიანი დასაბუთება, თქვა მარინე მიზანდარმა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბარში.
გადაწყვეტილება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაგრატის ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის, რომელიც ერთიანად განიხილება, იუნესკოს მიერ სიიდან შეიძლება მართლაც ამოიღონ ...
მაია ფანჯიკიძე

”ამ ეტაპზე მოთხოვნა არის გაკეთებული მხოლოდ საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით და ახალი ნომინაციის მომზადებასთან დაკავშირებით, სადაც გელათზე იქნება გადატანილი მთელი ყურადღება. ბაგრატი საერთოდ არ არის ნახსენები, იმიტომ რომ ბაგრატი დღის წესრიგში აღარ დგას, ამიტომ მათთვის ცალსახად საფრთხეში მყოფი ძეგლია და აღარ დარჩება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში”.

ბაგრატის ნუსხაში დატოვებისათვის საჭირო ახალი ძალისხმევისა და კონსულტაციების აუცილებლობაზე, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც ილაპარაკა:

” გადაწყვეტილება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაგრატის ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის, რომელიც ერთიანად განიხილება, იუნესკოს მიერ სიიდან შეიძლება მართლაც ამოიღონ, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2014 წელს უნდა იყოს მიღებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიიდან არ იქნეს ამოღებული ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი, მაგრამ ეს მოითხოვს კონსულტაციებს”.
იმიტომ კი არ ირიცხება ბაგრატის ტაძარი, რომ ის ცუდი რესტავრაციაა, პირიქით, ეს არის საუკეთესო რესტავრაცია და ამას, საბედნიეროდ, ამბობს რესტავრაციის დღევანდელი მამა და ყველაზე დიდი ფიგურა იუნესკოში ...
ნიკა ვაჩეიშვილი

გელათისა და ბაგრატის შესახებ ახალი დოკუმენტაცია იუნესკოს კომიტეტის სესიას უახლოეს ხანში, თებერვლამდე წარედგინება. მე-10 -მე-11 საუკუნეებში აგებული ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს შეიყვანა. იუნესკოს წინასწარი დასკვნით, ბაგრატის ტაძარი იმ კრიტერიუმებს აღარ შეესაბამება, რომლის გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი. ამ შეფასებას გარკვეულწილად ეთანხმება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილიც, თუმცა განმარტავს იმასაც, რაც, მისი აზრით, არსებითია:

”იმიტომ კი არ ირიცხება ბაგრატის ტაძარი, რომ ის ცუდი რესტავრაციაა, პირიქით, ეს არის საუკეთესო რესტავრაცია და ამას, საბედნიეროდ, ამბობს რესტავრაციის დღევანდელი მამა და ყველაზე დიდი ფიგურა იუნესკოში და მსოფლიოში იუკა იუკილეტო. ბაგრატის ტაძარი არის ერთ-ერთი საუკეთესო სარესტავრაციო პროექტი, რომელიც საეკლესიო ნაგებობებს შეეხება - ეს არის სიტყვები ბატონი იუკა იუკილეტოსი. პრობლემას ქმნის ის, რომ ის აღარ არის ნანგრევი. ანუ ის, რომ გადაწყვიტა საქართველოს ეკლესიამ, ხალხმა, სახელმწიფომ, რომ აღდგენილიყო ბაგრატის ტაძარი, აქ არის პრობლემა. ჩვენ გადავწყვიტეთ და აღვადგინეთ. ის აღარ არის, საბედნიეროდ, მე თუ მკითხავთ, ნანგრევი. სიაში რომ ყოფილიყო, ის უნდა ყოფილიყო დღეს ნანგრევი”.

ნიკა ვაჩეიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ამოცანაა ნომინაცია გაფართოვდეს, სიის კრიტერიუმები რეალობას შეესაბამოს და თავისი სახელი დაერქვას.
XS
SM
MD
LG