Accessibility links

"ევროვიზია" და ადამიანის უფლებები


ბაქო, 21 მაისი: გამვლელები "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ერთ-ერთ სარეკლამო ბილბორდთან

ბაქო, 21 მაისი: გამვლელები "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ერთ-ერთ სარეკლამო ბილბორდთან

თვალისმომჭრელი შოუ, მელოდიური სიმღერები და უდარდელი, მხიარული ატმოსფერო - ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი იზიდავს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსების მილიონობით მოყვარულს. წელსაც, ალბათ, ბევრი ადევნებს თვალს ევროვიზიის მონაწილეთა კონცერტებს, უწინარეს ყოვლისა, 26 მაისის ფინალს. მაგრამ კონკურსს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს და კრიტიკა ამჯერად პირველ რიგში მიმართულია კონკურსის მასპინძელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ.

(მუსიკა)

„ჩვენ ვართ გმირები“ - მღერიან ბრჭყვიალა ტანისამოსში გამოწყობილი ბელორუსი ახალგაზრდები, კონკურსის მონაწილე ჯგუფ „ლაიტსაუნდის“ წევრები. მათი და მათი კონკურენტების გამოსვლებია ამ კვირისთვის აზერბაიჯანში დაგეგმილი ღონისძიებების მხარე, რომლის ჩვენებაც სურს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მაგრამ აზერბაიჯანში სრულიად განსხვავებული ხმებიც ისმის - ხმები, რომლები, აზერბაიჯანის ლიდერთა ნება რომ იყოს, საერთოდ ვერ მიაღწევდა უცხოელთა ყურამდე.

(მიტინგის დარბევის ხმა)

ორშაბათს, 21 მაისს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრანტები, რომლებიც მოითხოვდნენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას. და ეს ხდება ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ფონზე, როცა დაწყებულია ფინალური კვირა რეპეტიციებითა და ნახევარფინალური კონცერტებით, რომლებსაც 26 მაისს დააგვირგვინებს ევროვიზიის ფინალი. მოელიან, რომ მთელს მსოფლიოში 125 მილიონამდე ტელემაყურებელი ეყოლება მუსიკოსების გამოსვლებს. სცენაზე 42 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის არის, როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალიც - ანრი ჯოხაძე.

თუ უბრალოდ, შეეხები პრეზიდენტის ოჯახს, ან გამოააშკარავებ რაიმე სახის კორუფციას მმართველ ოლიგარქიაში, ამით იქმნი დევნისა და თავდასხმების მართლაც დიდ საფრთხეს ...
აზერბაიჯანი (საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა) პირველად მასპინძლობს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს და ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ძალისხმევა არ დაიშურა მზადების პროცესში. მარტო ახალი დარბაზის ასაშენებლად დაიხარჯა 134 მილიონი დოლარი.

მაგრამ უფლებადამცველები, მათ შორის ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აღნიშნავენ, რომ მთავრობა - კონკურსისადმი მილიონობით ადამიანის ყურადღების მიუხედავად - ხელს არ იღებს ჟურნალისტების, ოპოზიციის აქტივისტების, საერთოდ, ალიევის მმართველობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დევნაზე.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ექსპერტი აზერბაიჯანის საკითხში, მაქს ტაკერი ვითარებას „საშინელს“ უწოდებს. მისი აზრით, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები უფრო უხეშად ირღვევა ვიდრე იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც წინა წლებში მასპინძლობდნენ ევროვიზიის კონკურსს: „არის რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არა გაქვს. თუ უბრალოდ, შეეხები პრეზიდენტის ოჯახს, ან გამოააშკარავებ რაიმე სახის კორუფციას მმართველ ოლიგარქიაში, ამით იქმნი დევნისა და თავდასხმების მართლაც დიდ საფრთხეს. მე ვიტყოდი, რომ გამოხატვის თავისუფლების მხრივ ვითარება ამჟამად აზერბაიჯანში ნამდვილად უარესია, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში“.

გამოხატვის თავისუფლების მკვეთრად შეზღუდვა, რაზეც „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელმა ისაუბრა, მართლაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რეიტინგით, აზერბაიჯანს უკავია 162-ე ადგილის სულ 179 ქვეყნის სიაში, რადგან აღრიცხულია ათობით ჟურნალისტის დევნის, ცემის, დაპატიმრების შემთხვევები, მკვლელობის შემთხვევებიც კი. ვითარება არც ევროვიზიის კონკურსის მოახლოებას შეუცვლია.

რეპორტიორი იდრაკ აბასოვი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს ბაქოში. ინციდენტს წინ უძღოდა მისი რეპორტაჟი შენობების უკანონოდ დანგრევის შესახებ. დასჯის სხვა მეთოდი აირჩიეს ჩვენი კოლეგის, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომლის ხაჯიდა ისმაილოვასთვის: ეს მეთოდია შანტაჟი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათებით. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ ხაჯიდას არაერთხელ უმხელია კორუფციის შემთხვევები აზერბაიჯანის მმართველ წრეებში, ალიევების კლანის ჩათვლით...

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამჟამად 12 სინდისის პატიმარი იმყოფება აზერბაიჯანის ციხეებში, ბევრი მათგანი - ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის შემდეგ იქნა დაკავებული.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროვიზიის კონკურსი აზერბაიჯანში ჩატარდებოდა - განუწყვეტლივ ვნებენ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებსა აზერბაიჯანის საერთაშორისო იმიჯს ...

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი არა მარტო აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ევროპის სამაუწყებლო კავშირი, რომელიც „ევროვიზიის“ კონკურსს აწყობს, და ევროპის სახელმწიფოები, უფლებადამცველის აზრით, არ უთმობენ სათანადო ყურადღებას აზერბაიჯანში რეპრესიების პრობლემას.

ტაკერის თქმით, „ის ფაქტი, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირი ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ხმას არ იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ამხნევებს (აზერბაიჯანის) ხელისუფლებას, რომ ასე გააგრძელოს, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს. იმასაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს დიდად არ სურთ საუბარი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებზე - ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული სარგებლის გამო და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან აზერბაიჯანი ირანს ესაზღვრება და ავღანეთისაკენ მიმავალ გზაზეა.“

სხვათა შორის, ბაქო თავის მხრივ ადანაშაულებს უფლებადამცველებს: „განსაკუთრებით მსურს ორი ორგანიზაციის დასახელება. ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროვიზიის კონკურსი აზერბაიჯანში ჩატარდებოდა - განუწყვეტლივ ვნებენ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებსა აზერბაიჯანის საერთაშორისო იმიჯს. ამ ორიდან სამწუხაროდ, ერთ-ერთია „ამნესტი ინტერნეიშენალი“, მეორე კი „ჰიუმან რაითს უოჩი“, - განაცხადა ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ალი ჰასანოვმა.

რაც უნდა ფრთხილობდნენ ევროპელი ოფიციალური პირები, არ არის გამორიცხული, ზოგმა მაინც გამოთქვას კრიტიკა ბაქოში გრანდიოზული სანახაობების მიმდინარეობისას. მაგალითად, გერმანიის პარლამენტის წევრი ფოლკერ ბეკი, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ესაუბრნენ, წინასწარვე აცხადებდა: „არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ზეწოლა ხორციელდება, რომ ციხეებში პოლიტიკური პატიმრები არიან, რომ დემონსტრანტებს სცემენ - ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ და ტაშს ვუკრავთ მუსიკოსებს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG