Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „ჯიარდისი ჰოლდინგში“ შემავალ შპს „ახალ მიტარბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, მთის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დაინერგება ოთხსეზონური მთის კურორტის კონცეფცია.

მემორანდუმის მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება საქართველოში ახლად დანერგილი მოდელის - სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის - პრინციპით, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. გეგმის თანახმად, ურთიერთობის აღნიშნული მოდელი გამოყენებული იქნება საქართველოს სხვა სამთო-სათხულამურო კურორტების განვითარების მიმართულებითაც.

მიმდინარე პროექტის მიზანია ბაკურიანის ოთხსეზონიან საოჯახო კურორტად გარდაქმნა. ამისათვის მიმდინარე წელს დამონტაჟდება სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი, ტობოგანი, ე.წ. „სამთო ციგა“. დაგეგმილიამსოფლიოში პოპულარული სპორტის, ბიატლონის, ინფრასტრუქტურისმოწყობაც.
ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ევროპული სტანდარტის დონის ველოპარკის მშენებლობასა და პროფესიული ველობილიკების მოწყობაზე, ასევე ცენტრალური პარკის განახლებასა და მოდერნიზებაზე.

ბაკურიანში, „კოხტას მთაზე“, დამონტაჟდება ახალი საბაგირო, შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ბოლოს დასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები (აპარტოტელები), კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები.

მიტარბში, „კოხტა 2-ის“ სახელით ცნობილ მთაზე, დამონტაჟდება ორი საბაგირო და კოხტასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო საბაგირო, ე. წ. ბიგელი, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

კოხტასა და მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობა48 მილიონი ლარით დააფინანსებს, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“ კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს უძრავი ქონების ნაწილში.
საბაგიროებს ააშენებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია,„დოპელმაიერი“.

პროექტის განხორციელების დაწყება მემორანდუმის გაფორმებისთანავე იგეგმება და რამდენიმე ობიექტი მიმდინარე წელს უნდა გაიხსნას. რამდენად დაეხმარება ბაკურიანს ტურისტების მოზიდვაში ეს ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ამას მომავალი აჩვენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG