Accessibility links

logo-print

საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბალანჩინის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორს უმასპინძლა

ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ჯორჯ ბალანჩინის შესახებ გამოცემული წიგნის -„ბალანჩინი და დაკარგული მუზა“- ავტორს, ელიზაბეტ კენდალს უმასპინძლა. ის ხალხმრავალ აუდიტორიას საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ წარუდგინა.

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, საელჩოს შენობაში გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფის, ამერიკული ბალეტის მამად წოდებული -გიორგი ბალანჩივაძის- ხელოვნების შესახებ ფოტო-გამოფენა გაიმართა. ადამიანის, რომელმაც პრაქტიკულად შეუძლებელი მიზანი დაისახა და ალბათ შეასრულა კიდეც: ადამიანებს მუსიკა დაანახა და ცეკვა მოასმენინა.

„ბალანჩინით თავიდან იმიტომ დავინტერესდი, რომ საცეკვაო ხელოვნების კრიტიკოსი გავხდი. მალე მივხვდი, რომ ჯორჯ ბალანჩინის ხელოვნების შესწავლის გარეშე პროფესიის დაუფლება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით მას ისევ დავუბრუნდი. ვიგრძენი, რომ დადგა დრო მის შესახებ წიგნი დამეწერა. განსაკუთრებით მაინტერესებდა ბავშვობის და სიყრმის დღეების აღდგენა, რადგან მისი ბიოგრაფების მონათხრობი უმეტესად თავად ბალანჩინის მოგონებებს ეფუძნებოდა, მე კი უფრო ობიექტური რეალობა მინდოდა შემესწავლა“ - ამბობს წიგნის ავტორი.

ელიზაბეტ კენდალის წიგნში ბიოგრაფიული ეტიუდების გარდა ბევრი სხვა საინტერესო დეტალია, მათ შორის მოთხრობილია ელიზაბეტის ინტერვიუს შესახებ თავად ბალანჩინთან, რომლის ორგანიზება მაშინ ფორდის ფონდის დაკვეთით მოხდა. როგორი იყო უკვე ხანში შესული ბალანჩინი?

„ერთდროულად თავშეკავებულიც იყო და ენერგიულიც. თვალებში ერთგვარი მოუსვენარი სიცელქე ჰქონდა. აშკარად უყვარდა ახალგზარდა ქალების მოსმენა და მათთან ურთიერთობა. ელეგანტური იყო და სიცოცხლით სავსე მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა“ - ყვება ელიზაბეტი.

არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ წიგნზე მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ელიზაბეტი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ერთგული გულშემატკივარი გახდა.

„ამ წიგნზე მუშაობას მან 8-9 წელი მოანდომა. იმუშავა არქივებში, მოსკოვში, ფინეთშიც კი... რა თქმა უნდა - საქართველოშიც, აქ, შეერთებულ შტატებშიც. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, შეყვარებულია საქართველოზე. თვითონაც აღარ ახსოვს, რამდენჯერ მოუწია მას საქართველოში ყოფნა, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში, როცა ამ წიგნზე მუშაობდა... ის მთლიანად ეზიარა ქართულ კულტურას. დღევანდელ წიგნის პრეზენტაციაზე ძალიან ბევრი ისაუბრა ქართულ პოლიფონიურ მუსიკაზე, ქართულ სამზარეულოზე, საერთოდ ქართველ ხალხზე, მათ სტუმართმოყვარეობაზე, სითბოზე და ფაქტიურად სიყვარული აუხსნა საქართველოს“ - აღნიშნავს არჩილ გეგეშიძე.

პაატა მაჭავარიანი, საელჩოს უფროსი მრჩეველი კულტურის და განათლების საკითხებში თვლის, რომ მსგავსი შეხვედრები რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმართოს და ამ მიმართულებით საქართველოს საელჩოს მომავალ გეგმებზეც გვიყვება.

„აუცილებელია მსგავსი კულტურული ღონისძიებების მოწყობა ვაშინგტონში და არამარტო დედაქალაქში, არამედ ამერიკის სხვა ქალაქებშიც ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით. როგორც ცნობილია, ნიუ იორკში „მომას“ მუზეუმში ახლა ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ჩვენ დავუკავშირდით ორგანიზატორებს და იანვრიდან ვგეგმავთ, რომ იგივე გავაკეთოთ ვაშინგტონში, ჩამოვიტანოთ 25 ქართული ფილმი, რომელთა ჩვენება გაიმართება ეროვნული პორტრეტების გალერეაში, გოეთეს ინსტიტუტში და საფრანგეთის საელჩოში“.

ქართული ფილმების უპრეცედენტოდ მასშტაბური რეტროსპექტული ჩვენება, რომელზეც საელჩოს უფროსი მრჩეველი საუბრობს, ნიუ იორკში და სან ფრანცისკოში დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

XS
SM
MD
LG