Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ატენის ხეობაში საზაფხული საველე ბანაკი მოეწყობა


ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ტურისტულ ცენტრ „ტონთიოს“ მრავალფეროვანი გეგმები აქვს. ივლისის დასაწყისში ატენის ხეობაში საზაფხული საველე ბანაკი მოეწყობა, სადაც სოციალურად დაუცველი, დევნილი და წარჩინებული მოსწავლეები დაისვენებენ. ცენტრის დირექტორი მიხეილ ცერცვაძე აცხადებს, რომ ზაფხულის განმავლობაში გასვლები ექნებათ როგორც ზღვაზე, ისე მთაში.

„ტონთიოს“ ხელმძღვანელები ახლა საკრებულოს სხდომას ელოდებიან, სადაც მათი დაფინანსების საკითხი გადაწყდება. საველე ბანაკები გორის რაიონში ყოველწლიურად ეწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით კი დევნილ და სოციალურად გაჭირვებულ ბავშვებს უფასოდ დასვენების შესაძლებლობა ეძლევათ. ზაფხულის განმავლობაში 4 ნაკადი 10–10 დღის განმავლობაში დაისვენებს. ნაკადში დაახლოებით 100 ბავშვია ხოლმე. ეს ყველაფერი ადგილობრივ ბიუჯეტს 40 ათას ლარამდე დაუჯდება.

აბიტურიენტები დასვენებაზე ჯერ არ ფიქრობენ, ახლა მათი მთავარი საზრუნავი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაა. მარი წკრიალაშვილი მხოლოდ გამოცდების შემდეგ გადაწყვეტს, სად დაისვენებს. მას მთაში წასვლა ურჩევნია.

გორელი ახალგაზრდები საღამოობით თეატრის სკვერში იკრიბებიან და შადრევანთან ისვენებენ ხოლმე. საზაფხულო გეგმებზე სწორედ აქ გავესაუბრე. კურორტებზე არცთუ იაფი პირობების გამო, ბევრი ქალაქიდან გასვლას ვერ შეძლებს. ნაწილი სოფელს მიაშურებს, ნაწილი კი ფეხით შემოივლის საქართველოს.

გორელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი ატენის ხეობაა. სუფთა ჰაერი და განუმეორებელი ბუნება იზიდავს ადამიანს, მაგრამ იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არსებობს. ამიტომ გორელები ატენში მხოლოდ ერთი დღით გადიან ხოლმე.
XS
SM
MD
LG