Accessibility links

ბანკების შეთავაზება: სესხის ვადის გაგრძელება


გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ეროვნული ბანკის შეთავაზება და წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის ტვირთი. „თი-ბი-სი ბანკის“ მსგავსად, „საქართველოს ბანკმაც“ გადაწყვიტა გაეგრძელებინა სესხების ვადა. რამდენად არსებითია ბანკების შეთავაზება მოვალეებისათვის და რას ფიქრობენ აღნიშნული ინიციატივის შესახებ სპეციალისტები?

თუთა ჩხეიძის ოჯახმა ახალ ბინაში რემონტის გასაკეთებლად „საქართველოს ბანკიდან“ 26 ათასი დოლარის ათწლიანი იპოთეკური სესხი 2014 წლის სექტემბერში აიღო. მაშინ ერთი დოლარი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 2 ლარი და 25 თეთრია. შესაბამისად, ლარის ამგვარმა დევალვაციამ საგრძნობლად დააზარალა თუთა ჩხეიძე და მისი ოჯახის წევრები:

„მაშინ, როცა პირველი გადასახადი შევიტანეთ თვის ბოლოს, იყო 628 ლარი, ახლა კი რამდენიმე დღეში მიწევს ახალი შენატანის გაკეთება და რომ დავიანგარიშე, ეს თანხა გამოვიდა 904 ლარი. თითქმის 300 ლარით გაიზარდა ის თანხა, რომელსაც მე ყოველთვიურად ბანკს ვუხდი. უხეში დათვლით, თუ ასეთი კურსი შენარჩუნდება, მხოლოდ ლარის კურსის დაცემის გამო 30 ათასი ლარით მეტის გადახდა გვიწევს“.

სხვა რა შეღავათი უნდა გაუკეთონ? პროცენტს არ უმატებ. ყოველთვიური გადასახადი იგივე არის, უბრალოდ, მეტ დროშია გაწერილი, იმიტომ რომ 30- პროცენტიანი დევალვაციის ტვირთი მთლიანად არ დააწვეს და არ იქონიოს ამან იმდენად სერიოზული გავლენა მომხმარებელზე, რომ ვერ შეძლოს სესხის მომსახურება...

ლარის დევალვაციის გამო დამძიმებული ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში, ხოლო სესხი დოლარში აქვთ აღებული, ავტომატურად გაუგრძელოს სესხის დაფარვის ვადა, რათა, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, არ შეიცვალოს ყოველთვიური გადასახადი ლარში:

„შესაბამისად, არც პროცენტი არ შეეცვლებათ, ანუ იგივე პროცენტით მოხდება სესხის პროლონგაცია. შესაბამისად, იმ წნეხს, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს მომხმარებელს დევალვაციის შედეგად, თავიდან ბოლომდე მოვუხსნით“.

ერთი დღით ადრე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მსგავსი გეგმა წარმოადგინა კიდევ ერთმა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა - „თი-ბი-სიმ“. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობს, მეტის შეთავაზებას ვერც ერთი ბანკი ვერ შეძლებს.

„სხვა რა შეღავათი უნდა გაუკეთონ? პროცენტს არ უმატებ. ყოველთვიური გადასახადი იგივე არის, უბრალოდ, მეტ დროშია გაწერილი, იმიტომ რომ 30- პროცენტიანი დევალვაციის ტვირთი მთლიანად არ დააწვეს და არ იქონიოს ამან იმდენად სერიოზული გავლენა მომხმარებელზე, რომ ვერ შეძლოს სესხის მომსახურება. სხვა რა უნდა გააკეთონ ბანკებმა, პროცენტს ხომ ვერ შეამცირებენ?“ - უთხრა ზურაბ გვასალიამ რადიო თავისუფლებას.

ჩემი ვარაუდით, თუ ბანკი 15 წლამდე გამიგრძელებს ვადას, ეს მხოლოდ ცუდი იქნება ჩემთვის. ჯერ ერთი, დამატებით ხუთი წელი უნდა ვიხადო წლიური 11 პროცენტი, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება მდგომარეობის შემსუბუქებად...

ამასთან, ბანკების ასოციაციის მონაცემებით, ფიზიკური პირების მხოლოდ 18 პროცენტს აქვს იპოთეკური სესხი აღებული დოლარში. ზურაბ გვასალიას თქმით, ბანკები გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უძრავი ქონებით დატვირთული იპოთეკური სესხების რესტრუქტურიზაციაზე თანხმდებიან, რითაც უარს ამბობენ მოგებაზე მოკლე დროში. კომერციული ბანკების ამ ინიციატივას იწონებს საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა, თუმცა მიიჩნევს, რომ ბანკების გეგმის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია:

„იმიტომ, რომ კომერციული ბანკების კლიენტების რაოდენობა არის ძალიან დიდი და, თითოეულის საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომის შემთხვევაში, კომერციული ბანკი შეძლებს მხოლოდ 10-20 მომხმარებლის გასტუმრებას. ასევე საკითხავია, გამოყოფენ კი კომერციული ბანკები საჭირო სახსრებს ასეთი სამუშაოებისათვის? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სესხი არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი და ადამიანი ყოველთვის ანგარიშობს და ვარაუდობს, რომ განსაზღვრულ პერიოდში, როგორც იქნება და მოვრჩები ვალის გასტუმრებასო“.

ლია ელიავას ნათქვამის დასტურად, თუთა ჩხეიძე, რომელსაც „საქართველოს ბანკიდან“ იპოთეკური სესხი აქვს აღებული, ამბობს, რომ არ მიიღებს ბანკის შეთავაზებას და ლარის დევალვაციის გამო დამძიმებულ გადასახადს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში - ათ წელიწადში - გადაიხდის.

„ჩემი ვარაუდით, თუ ბანკი 15 წლამდე გამიგრძელებს ვადას, ეს მხოლოდ ცუდი იქნება ჩემთვის. ჯერ ერთი, დამატებით ხუთი წელი უნდა ვიხადო წლიური 11 პროცენტი, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება მდგომარეობის შემსუბუქებად. შესაძლებელია ეს შეთავაზება იყოს უკიდურესი გამოსავალი იმ ხალხისთვის, რომელსაც ლარის კურსის ვარდნის გამო გაჩენილი დამატებით 200 თუ 300 ლარის გადახდა არ შეუძლია, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ეს უფრო ბანკისთვის იქნება მომგებიანი, ვიდრე მომხმარებლისთვის, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ლარის კურსის გამო“, უთხრა რადიო თავისუფლებას თუთა ჩხეიძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG