Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის გამომძიებლებმა დახურეს რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო


აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებიც შეიარაღებული პოლიციელებით შევიდენ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში, ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, მოწმეთა თანდასწრებით ამოიღეს დოკუმენტაცია და შემდეგ ბიუროს თანამშრომლები აიძულეს შენობა დაეტოვებინათ. აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი ქენან ალიევი სამართალდამცველთა რეიდს ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დევნის გაგრძელებად მიიჩნევს.

რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში ჩხრეკა ათკაციანმა სამართალდამცველთა ჯგუფმა დილით, ადგილობრივი დროით 10:30 საათზე, დაიწყო. სამართალდამცველებმა, რომლებსაც თან ახლდნენ შეიარაღებული პოლიციელები, განაცხადეს, რომ ხელთ აქვთ სასამართლოს სანქცია ჩხრეკისა და ოფისის დახურვის თაობაზე.

პროკურატურის თანამშრომლებმა ერთ ოთახში შესვლა უბრძანეს ბიუროს 20-მდე თანამშრომელს, აუკრძალეს მათ გარე სამყაროსთან კონტაქტი და გაჩხრეკის შემდეგ ბიუროს დოკუმენტაცია ამოიღეს. საათნახევრიანი რეიდის შემდეგ, სამართალდამცველებმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომლებს ოფისის დატოვება მოსთხოვეს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორმა კენან ალიევმა მომხდარს მედიაზე აზერბაიჯანში მიმდინარე ზეწოლის გაგრძელება უწოდა.

„სამართალდამცველების რეიდის გამო პარალიზებულია ჩვენ ბიურო ბაქოში. აზერბაიჯანში დიდი ხანია მიმდინარეობს ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის დაპატიმრებულია ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ჩვენი რადიოს თანამშრომელი და ერთ-ერთი პროგრამის წამყვანი. ჩვენ ამ ყველაფერს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილად მივიჩნევთ“, აღნიშნა ქენან ალიევმა.

პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, სასამართლოს დადგენილებით, აზერბაიჯანულ სამსახურში შემოწმება ჩატარდა, როგორც უცხოეთის დაფინანსებურ ორგანიზაციაში. მიმდინარე წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ასეთივე რეიდები უკვე ჩაატარეს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და „აირექსის“ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფში, რის შემდეგაც, მოგვიანებით, ორივე ორგანიზაცია დაიხურა.

რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში ჩატარებული ჩხრეკა ემთხვევა სასამართლოს მიერ ბიუროს თანამშრომლის, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ორი თვით დაპატიმრებას. მას ბრალი წარედგინა რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, რასაც უფლებადამცველები და თავად ისმაილოვა შეთითხნილს უწოდებენ, ხოლო „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ისმაილოვას სინდისის პატიმარი უწოდა. 17 დეკემბერს პროკურატურამ ბაქოს ბიუროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისმაილოვასა და მისი მომჩივანის შრომითი ხელშეკრულებისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომ მალინოვსკიმ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვაშინგტონი სერიოზულ დისკუსიაშია ჩართული ბაქოსთან ისმალიოვასა და კიდევ ერთი ჟურნალისტის, ლეილა იუნუსის, დაპატიმრების გამო. 59 წლის ლეილა იუნუსი და მისი ქმარი, არიფი, ივლისის შემდეგ იმყოფებიან ციხეში. მათ ბრალი ედებათ რამდენიმე მძიმე დანაშაულში, მათ შორის, სახელმწიფო ღალატში. „ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა ძირს უთხრის ორი ქვეყნის თანამშრომლობას“, - განაცხადა ტომ მალინოვსკიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროში ჩატარებული ჩხრეკისა და ბიუროს დახურვის ფაქტი დაგმო რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად პეიჩმა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი არის „ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და ვალდებულების დარღვევა, რომელიც აზერბაიჯანმა ივალდებულა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟიმი ცდილობს ჩვენს ჩახშობას, თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა ჩვენი დახმარებით უზრუნველყოფილი იქნეს აზერბაიჯანელი ხალხის ძირითადი უფლება - თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია იმ აუდიტორიისათვის, რომელიც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ნენად პეიჩის განცხადებაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG