Accessibility links

logo-print
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელს ეწვია ვიზიტით, რომელიც, თეთრი სახლის განცხადებით, მიზნად ისახავს ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებას.

ისრაელში ბარაკ ობამას ოფიციალური ვიზიტი მისთვის პირველია ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში. მან დღეს ისრაელის „უდიდესი მეგობარი“ უწოდა თავის ქვეყანას.

„ამ ვიზიტს ვხედავ როგორც შესაძლებლობას, დავადასტურო ურღვევი კავშირი ჩვენს ერებს შორის, დავადასტურო ამერიკის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და პირდაპირ დაველაპარაკო ისრაელის ხალხსა და თქვენს მეზობლებს“, - განაცხადა ობამამ ტელ-ავივში.

ისრაელში სტუმრობით დაიწყო მისი პირველი ტურნე შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. „მშვიდობა ისრაელსა და მის მეზობლებს შორის“ - ეს არის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნისა და ისრაელის საერთო მიზანი.

მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ობამას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის:

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

„მადლობას გიხდით, რომ ცალსახად აღიარებთ ისრაელის სუვერენულ უფლებას თავი დაიცვას, თვითონ დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისაგან. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დიდსულოვანი სამხედრო დახმარებით, ანტისარაკეტო თავდაცვის რევოლუციური პროგრამებით და უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროებში უპრეცედენტო თანამშრომლობით განამტკიცებთ ისრაელის უნარს, ისარგებლოს ამ უფლებით“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკა-ისრაელის ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ნეთანიაჰუს და ობამას არცთუ ჰარმონიული ურთიერთობა აკავშირებთ. მათ შორის აზრთა სხვაობას იწვევს, მაგალითად, პალესტინელებთან ურთიერთობის მოსაგვარებელი სამშვიდობო პროცესი.

სამშვიდობო პროცესზე, ცნობების თანახმად, ობამას ამ ვიზიტის მსვლელობაშიც მსჯელობენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ შიმონ პერესთან ბარაკ ობამას შეხვედრების თემებად სახელდება ასევე ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე საფრთხე, დესტაბილიზაცია ეგვიპტეში, სირიის კონფლიქტი.
ეს (ვიზიტი) არის მცდელობა, რომ უკან იქნეს მოტოვებული ასეთი ეჭვები და ობამამ შეძლოს დამტკიცება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისრაელი...


თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ისრაელში, პირველ რიგში, სურთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტუროს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ებრაელთა სახელმწიფოსთან ურთიერთობას.

„ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო. მას საჩოთირო ასპექტი დაემატა იმის გამო, რომ ობამა ისრაელს ადრევე არ ეწვია, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, და ეს მომგებიანი გამოდგა ხალხისათვის, რომელიც ცინიკურად აფასებდა მის გეგმებს ისრაელის მიმართ და მის დამოკიდებულებას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ეს (ვიზიტი) არის მცდელობა, რომ უკან იქნეს მოტოვებული ასეთი ეჭვები და ობამამ შეძლოს დამტკიცება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისრაელი“, - აღნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მთავრობის მრჩევლის ყოფილი მოადგილე, არიელ ლივაიტი. ამჟამად ის კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის თანამშრომელია.

რეგიონში ოთხდღიანი ტურნეს მსვლელობაში, ობამა ისრაელის გარდა ეწვევა აგრეთვე პალესტინელთა ტერიტორიას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შესახვედრად. თეთრი სახლის განცხადებით, მოკლე ვიზიტი ემსახურება პალესტინელთა მთავრობის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებას. ამასთან, მხარეები იმსჯელებენ პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის გააქტიურების გზებზე.

ობამას ტურნე დამთავრდება იორდანიაში ვიზიტით. მეფე აბდულასთან საუბრის მთავარ თემად სახელდება იორდანიის მეზობელ სირიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირება - ომი, რომელსაც უკვე 70 000-მდე ადამიანი შეეწირა. არაერთი ექსპერტის ვარაუდით, ობამა იორდანიაში ვიზიტით ისარგებლებს, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდოს გადადგომისაკენ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს.
XS
SM
MD
LG