Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა


ბარაკ ობამა კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას

ბარაკ ობამა კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ 2014 წლის ბოლოს დაასრულებს ომს ავღანეთში. ამ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ობამამ ისაუბრა კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენაა ვაშინგტონში. კონგრესში იკრიბებიან ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ოფიციალური პირები - კანონმდებლები, უზენაესი სასამართლოს წევრები, სამხედრო ლიდერები, მთავრობის წევრები. მილიონობით ამერიკელი პირდაპირ ეთერში უყურებს პრეზიდენტის მოხსენებას.

გამოსვლა, რომელმაც დაახლოებით ერთ საათს გასტანა, უწინარეს ყოვლისა, შიდაპოლიტიკურ საკითხებს დაეთმო. ობამამ კანონმდებლებს მოუწოდა ერთმანეთთან კომპრომისისათვის მზადყოფნისაკენ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საშუალო ფენის გასაძლიერებლად, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ხმარების შემზღუდველი კანონების გასამკაცრებლად. ამერიკის ეკონომიკურ გაჯანსაღებას მან ჯერაც შეუსრულებელი ამოცანა უწოდა.
ამერიკა კვლავაც უხელმძღვანელებს ძალისხმევას მსოფლიოში ყველაზე სახიფათო იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩრდილოეთ კორეის მმართველმა რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებით მიაღწევს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას...


საგარეო პოლიტიკის საკითხებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბარაკ ობამას განცხადებამ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიაზე.

„ამ გაზაფხულზე ჩვენი ჯარები მხარდამჭერი როლის შესრულებას შეუდგებიან, მაშინ როცა ავღანეთის უშიშროების ძალები ხელმძღვანელობას ჩაიბარებენ. ამ საღამოს შემიძლია გამოვაცხადო, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდება კიდევ 34 000 ამერიკელი ჯარისკაცი. ეს შემცირება გაგრძელდება და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება ჩვენი ომი ავღანეთში“, – განაცხადა ობამამ.

ავღანეთიდან 34 000 ჯარისკაცის გაყვანის გეგმა ნიშნავს იმას, რომ ნახევარზე მეტად შემცირდება ამჟამად 66 000-კაციანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი.

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის წლევანდელ გამოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის მმართველმა კომუნისტურმა რეჟიმმა კვლავ ჩაატარა ბირთვული გამოცდა, რაც ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს. ამდენად, ობამას გამოსვლისას განსაკუთრებული ინტერესით მოელოდნენ, რას იტყოდა მსოფლიოში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით წამყვანი ქვეყნის ლიდერი ბირთვული უსაფრთხოების საკითხზე. მან თქვა:

„ამერიკა კვლავაც უხელმძღვანელებს ძალისხმევას მსოფლიოში ყველაზე სახიფათო იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩრდილოეთ კორეის მმართველმა რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებით მიაღწევს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. პროვოკაციები, როგორიც წუხელ ვიხილეთ, მათ მხოლოდ კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მოუტანს, რადგან ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს მოკავშირეებს, განვამტკიცებთ ანტისარაკეტო თავდაცვას და ვუძღვებით მსოფლიოს ამ საფრთხეებზე საპასუხო ზომების მისაღებად“.
ირანის ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ ახლა არის საკითხის დიპლომატიის გზით მოგვარების დრო, რადგან კოალიცია ერთად მოითხოვს ირანის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას. და ჩვენ მივმართავთ საჭირო ზომებს, რათა არ დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი მოიპოვონ...


საფრთხეები, რომლებიც ობამამ ახსენა, როგორც ცნობილია, ირანსაც უკავშირდება. ამიტომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეირანსაც მოუწოდა თანამშრომლობისაკენ და შეახსენა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია:

„ირანის ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ ახლა არის საკითხის დიპლომატიის გზით მოგვარების დრო, რადგან კოალიცია ერთად მოითხოვს ირანის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას. და ჩვენ მივმართავთ საჭირო ზომებს, რათა არ დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი მოიპოვონ“.

ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში, ობამამ ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას ბირთვული არსენალის კიდევ უფრო შესამცირებლად.

დიდი ინტერესი გამოიწვია ობამას გამოსვლაში ევროკავშირთან თანამშრომლობის თემამაც იმ მიზეზით, რომ ტრადიციული მოკავშირეები - შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები - აპირებენ მოლაპარაკების დაწყებას ტრანსატლანტიკურ თავისუფალ ვაჭრობაზე შესათანხმებლად. მოსალოდნელია, რომ მხარეები ორ წლამდე პერიოდში მოილაპარაკებენ, რისი შედეგიც იქნება თავისუფალი ვაჭრობის მსოფლიოში უდიდესი ზონის შექმნა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG