Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისათვის ემზადება


ოთხშაბათს, ევროპის დროით დილის 3 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიური მიმართვით გამოვა კონგრესის წინაშე. პრეზიდენტი, ტრადიციულად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას მიმოიხილავს.

წინასწარი ინფორმაციებით, ყოველწლიურ მიმართვაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაიმეორებს 2009 წლის დაპირებას, რომ აშშ სათავეში ჩაუდგება მსოფლიოში ბირთვული იარაღის მარაგის შემცირების პროცესს. თეთრ სახლთან დაახლოებულმა წყაროებმა მედიას აცნობეს, რომ ობამა ასევე მოუწოდებს კონგრესს გაამკაცროს ცეცხლსასროლი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეთანხმდნენ ქვეყნის საიმიგრაციო სისტემის რეფორმირების გზებზე. გასულ კვირაში ობამამ განაცხადა, რომ მიმართვაში იგი აშშ-ის საშუალო კლასს „ეკონომიკური ზრდის“ გეგმასაც გააცნობს:

„მომავალ კვირაში მე ვაპირებ ვისაუბრო და დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ სამუშაო ადგილების შექმნაზე აშშ-ში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ განათლებაზე, რათა ყველა ახალგაზრდა აღჭურვილი იყოს იმ უნარებით, რაც 21-ე საუკუნეში კონკურენციაში წარმატებისათვის არის საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს ენერგეტიკული გეგმა, რაც ჩვენ ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდის უცხოურ ნავთობზე. ამავდროულად, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ერთგვარი სუფთა ენერგიის სტრატეგიაზე, რაც მომავალში ჩვენს მძლავრ ლიდერობას განაპირობებს“.

ბარაკ ობამა ყოველწლიურ მიმართვას აკეთებს იმ დროს, როდესაც კონგრესსა და თეთრ სახლს შორის მძიმედ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოებრივი ვალების შემცირების პრობლემაზე. ობამას იმედი აქვს, რომ ხელმეორედ არჩევის შემდეგ მოპოვებული პოპულარობით შეძლებს გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც მდიდარი ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე დანახარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თუკი ახალი შეთანხმება გაფორმდა, მაშინ 1 მარტისათვის ერთდროულად 1.2 ტრილიონი დოლარით შემცირდება საბიუჯეტო ხარჯები.
როგორც ერთადერთ ბირთვულ სახელმწიფოს, რომელმაც გამოიყენა ბირთვული იარაღი, აშშ-ს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა იმოქმედოს ამ მიმართულებით. ჩვენ მარტო ვერ მივაღწევთ წარმატებას ამ საქმეში...
ბარაკ ობამა

თეთრი სახლის წინასწარი ინფორმაციით, ყოველწლიურ მიმართვაში ბარაკ ობამა კვლავ გაიმეორებს ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე თავის პირობას, რომელიც მან პრაღაში 2009 წლის 5 აპრილს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დადო.

„როგორც ერთადერთ ბირთვულ სახელმწიფოს, რომელმაც გამოიყენა ბირთვული იარაღი, აშშ-ს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა იმოქმედოს ამ მიმართულებით. ჩვენ მარტო ვერ მივაღწევთ წარმატებას ამ საქმეში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წამოვიწყოთ და ვუხელმძღვანელოთ ამ საქმიანობას. ამგვარად დღეს მე მკაფიოდ და შეგნებით ვაცხადებ, რომ ამერიკა აქტიურად ესწრაფვის მშვიდობიან და უსაფრთხო მსოფლიოს, ბირთვული იარაღის გარეშე.“

გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ვარაუდით, ბარაკ ობამას განზრახული აქვს 1700-დან 1000-მდე შეამციროს აშშ-ის ხელთ არსებული, საბრძოლო რეჟიმში მყოფი ბირთვული იარაღის არსენალი. 2009 წელს რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება 2018 წლისათვის ორივე მხარეს ავალდებულებს 1550-მდე შეამციროს ბირთვული შეიარაღება. „ტაიმსი“ ვარაუდობს, რომ კიდევ უფრო დიდი შემცირებისათვის ობამას შეუძლია არაოფიციალური შეთანხმება გააფორმოს ვლადიმირ პუტინთან, რასაც არ დასჭირდება რომელიმე მხარის რატიფიკაცია.

ბარაკ ობამა აპირებს მიმართოს კონგრესს ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ უფრო მკაცრი კანონის მიღების თაობაზე. ბოლო ხანს ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი რამდენიმე საზარელი მკვლელობის შემდეგ, აშშ-ის საზოგადოებაში სულ უფრო ძლიერდება მოთხოვნა, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდეს საბრძოლო კლასის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე და ასევე გაფართოვდეს იარაღის პოტენციური მომხმარებლების შემოწმების პროცედურა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG